შემოდგომის თბილისის აქტიური საფესტივალო ცხოვრება მეშვიდე წელია თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალით იწყება. იწყება მაღალმხატვრული წარმოდგენებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავებით, გახმაურებული, ზოგჯერ სკანდალური დადგმებითაც. იწყება მოლოდინით, რომ ერთი მხრივ აუცილებლად ვნახავთ მსოფლიოში მიმდინარე უახლეს თეატრალურ მოვლენებს და მეორე მხრივ თავად ქართული თეატრი გახდება მსოფლიო სათეატრო პროცესის მონაწილე...
მეშვიდე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამასა და პროგრამაში „ნიუ“ თორმეტი სპექტაკლი იყო წარმოდგენილი. აქედან სამი მუსიკალური სპექტაკლი იყო, სამი საცეკვაო წარმოდგენა და ექვსი დრამატული თეატრის სპექტაკლი.
საერთაშორისო პროგრამა იერუსალიმის თეატრ „ინკუბატორის“ მიუზიკლით გაიხსანა. „ქალაქი“- ასე ქვია რეპ ოპერას, სადა უხვადაა ჰიპ- ჰოპის ელემენტებიც კი. მიუზიკლი ინგლისურ ენაზე იყო წარმოდგენილი და ერთგვარად ამერიკული დეტექტივის პაროდიას წარმოადგენდა. სპექტაკლის რეჟისორი, წამყვანი და კომპოზიტორი ომერ მორია. წარმოდგენაში, რომელიც 70 წუთი გრძელდებოდა, ნამდვილად იყო უწყვეტი ქმედების ჯაჭვი, რომელიც მთელ სპექტაკლს სწრაფი ტემპო-რიტმით უაღრესად ხალისიან და იუმორით სავსე სანახაობად აქცევდა. უნდა აღინიშნოს ყველა შემსრულებლის მაღალი პროფესიონალიზმი - როგორც მათი სამსახიობო ოსტატობა, ასევე ვოკალური მონაცემები და პლასტიკა. ფესტივალის პირველი დღე საკმაოდ უჩვეულო და ძალზე საინტერესო ფორმისა და კონცეფციის მიუზიკლით დაიწყო. უნადა აღინიშნოს, რომ აუდიტორია სრულიად ადექვატურად აღიქვამდა ინგლისურენოვან იუმორს, მისთვის უჩვეულო ფორმის სანახაობას, რამაც ფესტივალის წარმატებული დასაწყისი განაპირობა.
პროგრამა „ნიუს“ მუსიკალური წარმოდგენა: პოლონეთის თეატრ „ქორეას“ მიერ ნაჩვენები უძველესი ეპოსი „გილგამეში“, ჩვენამდე მოღწეული პირველი ლიტერატურული ნაწარმოები. ძველი წელთაღრიცხვის XXIII-XXI საუკუნის თხზულება და თანამედროვე სამყარო... სპექტაკლის წინ კიდევ ერთხელ გადავხედე ტექსტს /უნდა აღინიშნოს, რომ ქართულად თარგმნამდე „გილგამეში მხოლოდ 3 ევროპულ ენაზე იყო ნათარმნი, მიხაკო წერეთელმა თხზულება ორიგინალიდან თარგმნა 1924 წელს/ და ემოცია, რომელიც კიდევ ერთხელ დამეუფლა, ისეთივე იყო როგორც ზოგადად შედევრების კითხვისას გვეუფლება- ტექსტს მივეჯაჭვე. პოლითეისტური სიუჟეტები ორმაგად საინტერესოა: ადამიანები ურთიერთობაში შედიან სხვადასხვა რანგის ღმერთებთან თუ ურჩხულებთან და პერსონაჟების ურთიერთობათა სისტემა მისტიური სამყაროს მოდელად გარდაიქმნება. „გილგამეში“ სწორედ ამგვარი მოდელია, სადაც უკვდავებისა და ჭეშმარიტი ღირებულებების ძიებაში დამაშვრალი გმირი დასახულ მიზანს ვერ აღწევს და უკვდავი და მარადიული კი თავად მისი ამბავი ხდება. ქართული სულიერება მარადიულობისკენ სწრაფვით ყოველთვის გამოირჩეოდა და „გილგამეშისადმი“ დიდი ინტერესიც სრულიად ბუნებრივია.
შარშანდელ ფესტივალზე პოლონურმა დასმა „მეფე ლირი“ წარმოადგინა- უჩვეულო მუსიკალურ-პლასტიკური სანახაობა, რომელსაც ქართველი მაყურებლის დიდი მოწონება ხვდა. ლოძის თეატრ „ქორეას“ წარმოდგენა შარშანდელი სპექტაკლის მსგავსი იყო- პოსტმოდერნისტული წარმოდგენა, რომელიც გუნდის, ჯაზისა და სიმებიანი კვარტეტის მეშვეობით, საკონცერტო შესრულებით მუსიკის საშუალებით გადმოგვცემს მარადიულ ისტორიას. სიმღერებს ორ ენაზე ასრულებდნენ- აქადურზე და პოლონურზე. შავ გრძელ ქვედაბოლოებსა და მაისურებში მოსილი მომღერლები უაღრესად სადა ფორმით გადმოგვემენ გილგამეშის ამბავს. უზადო მუსიკალური ტექნიკით შესრულებულ წარმოდგენაში მომღერლებიც და მაყურებლებიც თითქოს მისტიური რიტუალის მონაწილენი გახდნენ.
„მარია დიდი ქალაქიდან“ -საკონცერტო-თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ანამარია ლანგის და Barfoot Musicians Productionis დადგმაა. სპექტაკლი ასტორას პიაცოლას ტანგოს მოტივებზეა შექმნილი და აერთიანებს მის სიმღერებსა და ოპერას. კოჭლი მეძავის ისტორია ბუენოს აირესში, დიდ და დამთრგუნავ ქალაქში, სადაც შესაძლოა სწორედ ტანგოა ყველაზე ღირებული მოვლენა. ტანგოს მელოდიები ისმის ყველგან-ქუჩაში, სახლში, ბაზრში. კვინტეტი „ფეხშიშველა მუსიკოსები“ მართლაც უზადოდ ასრულებს ამ მელოდიებს. ანა მარია ლანგის შექმნილი სახეც ძალზე საინტერესო იყო. კარგი ვოკალური მონაცემების და პლასტიკის წყალობით მსახიობი მუსიკოსებთან ერთად სრულად წარმოაჩენს ტანგოს, როგორც მელოდიის, ასევე ცეკვის მშვენიერებას. და რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენა ანა მარია ლანგის შესრულებაში, იყო ის გარემოება, რომ მსახიობმა პერსონაჟის არაჩვეულებივი ფსიქოლოგიური პორტრეტი შექმნა...
თანამედროვე სათეატრო ხელოვნებაში საცეკვაო წარმოდგენებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ. ზოგადად ქორეოგრაფია ყოველთვის ყველასთვის გასაგები უნივერსალური ენა იყო, არის და იქნება. რაც შეეხება თანამედროვე ცეკვას, ხშირ შემთხვევაში მას ცეკვა მხოლოდ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ. უმეტესად ეს პლასტიკური ქმედების ჯაჭვია, რომლებიც სხეულის მეშვეობით გადმოსცემენ გათამაშებულ ამბავს თუ პერსონაჟთა შინაგან მდგომარეობას.
გერმანიის ქალაქ რეგენსბურგში, ქართველმა ხელოვანებმა თეა და გიორგი სოსანიშვილებმა ცეკვის თეატრი „სოსანი“ დააარსეს. თეა სოსანი პანტომიმის თეატრში მოღვაწეობდა და ამირან შალიკაშვილის სკოლა აქვს გავლილი. ამჟამად ცეკვის თეატრის ყველა მოცეკვავეს გავლილი აქვს „სოსანი“ არტზონასთან არსებული ცეკვისა და ხელოვნების ორწლიანი სკოლა. ხუთ მსახიობს, რომლებიც სცენაზე სპექტაკლს წარმოადგენდნენ, ნამდვილად ქონდათ იმგვარი პლასტიკა და მოძრაობები, რომელიც გამოარჩევდა მათ ნებისმიერი საცეკვაო დასისგან. და რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება: „გაქვავებული“ არ იყო მხოლოდ პლასტიკური ქმედებების ჯაჭვი, ეს მართლაც ღრმა და დამაფიქრებელი წარმოდგენა იყო. ამბავი სამი გაუთხოვარი ქალის შესახებ მოგვითხრობს. მოგვითხრობს მათი იმედგაცრუებების, სიყვარულის დეფიციტის, ერთმანეთთან კონკურენციის შესახებ . სცენის უკანა კედელზე პერიოდულად ჩნდება დების ბავშვობის ამსახველი ვიდეოინსტალაცია. ეს კადრები, თავისთავად მშვენიერი, მაინც მშფოთვარების მომტანია- ერთგვარი ფსიქოანალიზი, რომელიც დების უიღბლო ცხოვრების მიზეზებს იკვლევს თითქოს... თბილისელი მაყურებლის წინაშე წარმატებული ქართველი ქორეოგრაფების სკოლა და წარმოდგენა წარსდგა. ჩემი ემოცია ერთნიშნადია- სიამაყე მეუფლება, მკითხველიც ალბათ დაგვეთანხმება.
ნორვეგიული დასის არი ოაას მიერ წარმოდგენილი „სასოწარკვეთილების ზღვარზე“ მამაკაცურ ისტორიებს მოგვითხრობს თანამედროვე ცეკვის ფორმით. ცეკვა აქაც მრავალ სხვა ელემენტს შეიცავს, მათ შორის აკრობატიკასაც. რეჟისორ კარი ჰოასის მიზანი მის სიტყვებშიცაა გაცხადებული: „ეს საცეკვაო სპექტაკლი ცდილობს აჩვენოს რა არის მამაკაცური სიძლიერე, სიმამაცე და გულადობა. სპექტაკლში ნაჩვენებია ძალადობა და სისუსტე, ძალაუფლება და უძლურება, ზოგადად კი -მაამაკაცური ბუნება.
,,ამ ცეკვით შევეცადე მეჩვენებინა კოლექტიუობისა და თანამშრომლობის იდეა, ურთიერთობა, სადაც რიტუალები, ორთაბრძოლა და კონკურენცია დიდ როლს თამაშობს. მინდოდა გამეგო სად გადის ბუნდოვანი ზღვარი მეგობრობასა და დაპირისპირებას შორის, ძმობასა და მტრობას შორის , კოლექტივსა და ცალკეულ პიროვნებას შორის “. აქვე დავძენდი, რომ ის, რაც კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში ვიხილეთ, ნამდვილად იყო თეატრი, რომელიც მოძრაობით იქმნება და მსახიობების შესანიშნავი პლასტიკისა და ქმედების მეშვეობით გაიაზრებს მამაკაცის ფუნქციასა და როლს თანამედროვე სამყაროში.
აქრამ ჰანის კომპანია დიდი ბრიტანეთიდან ყველაზე ცნობილი საცეკვაო დასი იყო წლევანდელ ფესტივალზე. თავად აქრამ ქანი თანამედროვეობის ერთ-ერთი გამოჩენილი და აღიარებული მოცეკვავეა და თანამედროვე მსოფლიო ქორეოგრაფიის ნოვატორად ითვლება. მისი თანამედროვეობის ერთ-ერთ გავლენიან და ცნობილ მოქანდაკესთან და სპექტაკლის სცენოგრაფიის ავტორთან, ანიშ კაპურთან თანამშრომლობის შედეგია კომპოზიტორ ნითინ სავჰნის მუსიკაზე შექმნილი სანახაობა. ეს სანახაობა ცეკვის ცნების ტრადიციულ აღქმასთან უფრო ახლოსაა ვიდრე ფესტივალზე წარმოდგენილი წინა ორი სპექტაკლი. პერიოდულად ცეკვები მხოლოდ კაკუნის ხმაზე, ან სულაც სრულიად უხმოდაც მიდიოდა. წარმოდგენაში გაცოცხლებული ქანდაკებების სინქრონული მოძრაობების ვიზუალური ხატის შექმნით ნამდვილად ემოციური სახილველი შეიქმნა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საცეკვაო წარმოდგენებმა ერთი მხრივ მართლაც ესთეტიური სიამოვნება მიანიჭა აუდიტორიას, და მეორე მხრივ მაყურებელი თანამედროვე მსოფლიო ქორეოგრაფიაში მიმდინარე პროცესების თვითმხილველი გახადა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამასა და პროგრამაში „ნიუ“ ექვსი დრამატული თეატრის სპექტაკლი იყო წარმოდგენილი: ოთხი დრამა, ერთი ტრაგიკომედია და მსოფლიოს ყველაზე სრულყოფილი ტრაგედია „ჰამლეტი“, თანაც შექსპირის თეატრ „გლობუსის“ დადგმა...სამწუხაროდ ამ უკანასკნელის ნახვა და შეფასება ვერ შევძელი, ვინაიდან ის „ექიმ სტოკმანს“ ემთხვეოდა. ვისურვებდი სამომავლოდ ამგვარი დამთხვევების არარსებობას...
„დრამების სეზონი“ მოსკოვის დრამის თეატრ „სფეროს“ წარმოდგენით გაიხსნა: „მამის გარეშე“, ასე ერქვა ანტონ ჩეხოვის ადრეული პიესის, „პლატონოვის“ მიხედვით დადგმულ წარმოდგენას. ეს პიესა არც თუ ხშირად იდგმება და მისი ინტერპრეტაციებიც არ არის მრავალგვარი. პირველი, რაც „პლატონოვთან“ მიმართებაში გვახსენდება, ნიკიტა მიხალკოვის შესანიშნავი ფილმია- „პატარა პიესა მექანიკური პიანინოსათვის“. სამწუხაროდ, ამ ფილმის დიდი გავლენა იგრძნობოდა რეჟისორ ვლადიმერ სმირნოვის დადგმაში. სპექტაკლის პერსონაჟები ფილმის პერსონაჟების მსგავსად მუდმივად თითქოს წრეზე დადიან ერთმანეთის დევნაში. ხასაითებიც ფილმის გმირების მსგავსია... შესაძლოა ეს გავლენა არც იყოს გასაკვირი: „მამის გარეშე“ რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარია. სპექტაკლში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჩეხოვისეული ტექსტი და პერსონაჟთა რაოდენობა. საინტერესოდ მეჩვენება შუშის ქილებით სავსე სარდაფში პერსონაჟების „ჩასახლება“ (მხატვარი დიმიტრი რაზუმოვი). სულიერი სიცარიელის და უსიყვარულობის განცდას მიყავს სპექტაკლის თითქმის ყველა პერსონაჟი იმ გარემოებამდე, რომ შუბლზე პისტოლეტს იდებენ, თუმცა ეს ქმედებაც უფრო პერსონაჟების გარვეულწილად პოზადაც აღიქმება და არა რეალურად თვითმკვლელობის სურვილად...
ჩაკეტილი სამყაროს განმეორებადობის თემა უაღრესად საინტერესოდ იქნა გააზრებული სელმა დიმიტრევიჩის სპექტაკლში „ღმერთები დაეცნენ, ვინღა დაგვიცავს“. რეჟისორი პიესის ავტორადაც გვევლინება. სპექტაკლი ვასილ ყუშიტაშვილის სახელობის სარეპეტიციო დარბაზში იყო წარმოდგენილი და სულ ორმოცდაათ წუთს გრძელდებოდა. მართლაც ძალიან ძნელია ესოდენ მცირე სივრცეში და ესოდენ ახლოს მაყურებელთან წარმოდგენის გამართვა- სულ მცირედი სიყალბეც კი არ დარჩება შეუმჩნეველი. მით უფრო ძნელია, როდესაც დედის და ქალიშვილის როლებს მამაკაცები თამაშობენ და კიდევ უფრო მეტად რთულია ოთხჯერ გაითამაშო ერთი და იგივე ტექსტი, თუნდაც სხვადასხვა აქცენტებით...ის, რითაც სელმა დიმიტრევიჩის წარმოდგენამ მოხიბლა მაყურებელი, ეფუძნებოდა ჭეშმარიტ ადამიანურ ღირებულებებს და უაღრესად მართალი და სიღრმისეული აქტიორული შესრულებით იყო წარმოსახული.
ოსკარას კორშუნოვასი იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის ყოველი ნამუშევარი უცილობლად იწვევს როგორც მაყურებლის, ასევე სპეციალისტების ინტერესს. რეჟისორის შემოქმედებას მისი ადრეული წლებიდან იცნობს თბილისელი მაყურებელი. მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში თბილისში საკავშირო ახალგაზრდული თეატრალური ფესტივალი იმართებოდა, სადაც საბჭოთა რესპუბლიკების და მათ შორის ლიტვის სათეატრო წარმოდგენებს შორის უდაოდ გამოირჩეოდა ოსკარას კორშუნოვასის დადგმული ჩეხოვის „ძია ვანია“. რეჟისორის შემოქმედებაში რამდენიმე ასპექტი იქცევს ყურადღებას: მისი ინტერპრეტაციები ყოველთვის ორიგინალური და სიღრმისეულია. ამავდროულად, რეჟისორი ყოველთვის ძალიან საინტერესოდ და ღრმად ხსნის პერსონაჟების ბუნებას და სპექტაკლში ამას კონკრეტული სამსახიობო დავალებებით წარმოსახავს და ყოველთვის ქმნის წარმოდგენის იმგვარ ვიზუალურ ფორმას, რომელიც ერთნაირად საინტერესოა მაყურებლისა თუ სპეციალისტებისათვის. ამდენად სხვადასხვა წლების თბილისის საერთასორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაში ოსკარას კორშუნოვასის შემოქმედების წარმოდგენა ფესტივალზე წარმოაჩენა უთოდ მისასალმებელია.
არ ვიცი როგორია მაქსიმ გორკის პიესის რეიტინგი (ახლა ხომ ყველაფერს ამით აფასებენ). პირადად ჩემთვის „ფსკერზე“ მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. უნდა აღინიშნოს, რომ ქართულ თეატრში ეს პიესა არაერთგზის განხორციელდა და მათ შორის საუკეთესო გოგი ქავთარაძის მიერ სოხუმის თეატრში დადგმული სპექტაკლი და დავით დოიაშვილის შარშანდელი პრემიერა იყო. მუსიკალური კომედიის და დრამის თეატრის სპექტაკლმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კორშუნოვასის დადგმისადმი ინტერესი უთუოდ გაამძაფრა.
„სპექტაკლი „ფსკერზე“ არის ის ლაბორატორია, სადაც ცდებს საკუთარ თავზე ვატარებთ... „ფსკერზე“ ის სპექტაკლია, რომელშიც არ ვართ ორიენტირებული შედეგზე, არამედ ვცდილობთ აღმოვაჩინოთ საკუთარი თავი. მსახიობებმა არა მხოლოდ გმირი უნდა განასახიერონ, არამედ უნდა შეინარჩუნონ რეალობა და დარჩნენ ისეთებად, როგორებიც რეალურ ცხოვრებაში არიან. მაქსიმ გორკის ტექსტი მაშინ არის შესაბამისი, როდესაც მსახიობი პიესის გმირს საკუთარ ნიადაგში ჩანერგავს და საკუთარ გამოცდილებაზე დააფუძნებს. სწორედ, ეს არის ამ ლაბორატორიის მიზანი. მსახიობის პიროვნება უნდა შეერწყას იმ გმირის ხასიათს, რომელსაც განასახიერებს და შექმნას ახალი პერსონაჟი.“ ეს ოსკარას კორშუნოვასის სიტყვებია, რომელიც საფესტივალო კატალოგში დაიბეჭდა. ჩემი აზრით სპექტაკლი ზედმიწევნით პასუხობს რეჟისორის მიერ დასახულ ამოცანას. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გაიმართა. მაყურებელს ფაქტობრივად მსახიობებისგან არავითარი მანძილი არ აშორებდა. და სპექტაკლის მსვლელობისას გაჩნდა განცდა, რომ ყველანი ჩვენ „ფსკერის“ პერსონაჟები ვიყავით. ამას ინტერაქციის წარუმატებელი მცდელობაც დაემატა... წარმოდგენაში გათამაშებულია პიესის მეოთხე აქტი, ისიც მნიშვნელოვანი კუპიურებით. მოქმდება ხდება საწყობში, სადაც უამრავი ცარიელი ყუთი თუ ბოთლია. ამ გარემოში სახლობენ მარგინალები, რომლებიც ერთ სიბრტყეზე განლაგებული გრძელ მაგიდასთან ლეონარდოს საიდუმლო სერობის პერსონაჟებივით არიან განლაგებულნი. და თითოეული პერსონაჟი, რომელიც არის და არც არის გორკისეული, ღრმად და საინტერსოდ არის შექმნილი. უმიზნო და უშინაარსო ყოფა, საყოველთაო სმის გამანადგურებელი ატმოსფერო, უაღრესად დამთრგუნველი და ტრაგიკული... და ასევე პესიმისტური ფინალი: გორკის პერსონაჟებისგან განსხვავებით კორშუნოვასის პერსონაჟები არ ტოვებენ სარდაფს და მზის სინათლეზე არ ამოდიან, ისინი თითქოს სამუდამოდ არიან მიჯაჭვულნი თავიანთ უსასოო ყოფას.
ფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში ტრადიციულად მხოლოდ მაღალი რანგის წარმოდგენები იმკვიდრებენ ადგილს. მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე მოლოდინი რომელიმე განსაკუთრებით გახმაურებული დადგმის, მსოფლიოში აღიარებული ხელოვანის... წლევანდელ ფესტივალზე ამგვარი მოლოდინი უილიამ შექსპირის „ქარიშხლის“ სილვიო პურკარეტეს დადგმის მიმართ იყო. მსოფლიოში სახელგანთქმული რუმინელი რეჟისორის სპექტაკლები ორი წლის წინ პირველად იხილა თბილისელმა მაყურებელმა. მაშინ ორი დადგმა იყო წარმოდგენილი: სამუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“ და ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა“. სწორედ ეს უკანასკნელი იყო სრულიად შოკისმომგვრელი, ტრაგიზმით სავსე და ულამაზესი წარმოდგენა, რომელმაც ქართველი თეატრალები დიდი რუმინელი რეჟისორის თაყვანისმცემლებად აქცია.
სილვიო პურკარეტესგან არავინ ელოდა იმგვარ დადგმას, სადაც სტანდარტული ხედვა ან გადაწყვეტა იქნებოდა წარმოდგენილი. რეჟისორსვე ეკუთვნის შექსპირის პიესის ადაპტაცია. ის რაც სცენაზე ვიხილეთ, იყო ანტიშექსპირიც და ამავე დროს უაღრესად შექსპირისეულიც ერთდროულად. სახელგანთქმულ კრაიოვას მარინ სორესკუს ეროვნულ თეატრში განხორციელებული შექსპირის ერთ-ერთი ბოლო პიესა ტრგიკომედიის ჟანრს განეკუთვნება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სპექტაკლში კომიკური ძალზე ცოტა იყო. სამყარო, რომელიც მხატვარმა და კოსტიუმების ავტორმა დრაგოშ ბუჰაგიარმა შექმნა ერთდროულად გვაგონებდა გემის ტრიუმსაც და მუქ ნაცრისფერ- მოყავისფრო ტონებში წარმოსახულ მოჯადოებულ სამყაროსაც წარმოადგენდა. დეკორაციას ასრულებდა ოთხკუთხედი ფილებით შქმნილი ტრიუმის ჭერი, რომელიც სივრცის დახუთულობის ასოციაციას ბადებდა, საიდანაც გამოსავლის მოძებნა ერთობ რთული იყო. დეკორაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი- უკუღმა დამაგრებული ჭაღი ავტორების კონცეფციას თვალსაჩინოს ხდიდა- ამ სამყაროში ყველაფერი თავდაყირა მოხდებოდა. რაგოშ ბუჰაგიარის სცენოგრაფია ბაროკალურ ფერწერას გვაგონებდა სცენაზე: მძიმე, უხეში ფორმებით და მასიური მრავალფიგურიანი კომპოზიციებით. სპექტაკლის ვიზუალური გადაწყვეტისას უმთავრესი რეჟისორისა და მხატვრის მიერ ქარიშხლის გათამაშებაა- ქარიშხლის, რომელიც შექსპირის პიესის სათაურია და რომლის მეშვეობითაც ხდება ყველაფერი. წარმოდგენაში პერიოდულად სცენის სიღრმეში განთავსებული კარებიდან ჰაერის ძლიერი ნაკადი იჭრებოდა. ნაკადს თან მოყვებოდა უამრავი ქაღალდი და მტვერი. ქარიშხლის ნაკადი ათამაშებდა სცენის სივრცეში პროსპეროს წიგნებს-იგი ხომ სწორედ ამ ჯადოსნური წიგნების წყალობით გახდა გრძეული. ქაღალდის ფაქტურა დომინირებდა პერსონაჟების კოსტიუმების გადაწყვეტაშიც. ქარიშხალი, წიგნები და ფურცლები - ამ სამ ელემენტზე იგებოდა უპირატესად წარმოდგენის ვიზუალური ეფექტები. ქაღალდის ფაქტურის იყო წარმოდგენაში კოსტიუმების ნაწილი, უპირველეს ყოვლისა მირანდას კაბა. სპექტაკლის ფინალში ქაღალდის გროვების ფრენა ყოვლისწამლეკაობის მეტაფორად აღიქმებოდა. მეტაფორა, რომელიც სცენაზე ქაღალდის ფაქტურით იქმნებოდა ცოდნისა და გონებისმიერის გრძნეულობაში გარდატეხის შედეგებზეც მიგვანიშნებდა.
სპექტაკლში ძირითადი ანტიშექსპირული სვლა მშვენიერი მირანდასა და ველური კანიბალის სიმბიოზია ერთ სხეულში; ძალზე საკამათო გადაწყვეტა, რომელმაც არაერთგვაროვანი მოსაზრებები გამოიწვია მაყურებელშიც და სპეციალისტებშიც. ამ ფონზე პრინც ფერდინანდის როლის შესრულება ქალის მიერ არც თუ ისე გასაკვირად გვეჩვენება. პურკარეტესეულ გადაწყვეტაში კომიკური ფაქტობრივად აღარაფერია- წარმოდგენა უაღრესად მუქი ფერებით ხატავს მოჯადოებულ ზღაპრულ სამყაროს. და მაინც, სპექტაკლში არის ის, რაც წარმოდგენას ნამდვილ შექსპირულ დადგმად წარმოგვიდგენს და მას ხელოვნების მაღალ ნიმუშად აქცევს- ეს შექსპირული ვნებების უდიდესი ძალით და დამაჯერებლობით წარმოსახვაა. ნამდვილი შექსპირული ვნებათაღელვა რეჟისორის და მხატვრის ესთეტიურ ხედვასთან შეფარდებით მსოფლიო თეატრის ღირსეულ ნიმუშად აქცევს პურკარეტეს „ქარიშხალს“.
წლევანდელ ფესტივალზე თეატრალები კიდევ ერთ გახმაურებულ სპექტაკლს ელოდნენ: ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“ , რეჟისორ ტომას ოსტერმაიერის მიერ დადგმული. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ამ სპექტაკლის მიმართ სპეციალისტების დამოკიდებულება ერთნიშნად უაღრესად დადებითი რეცენზიებით გამოიხატა პურკარეტეს „ქარიშხლისგან“ განსხვავებით. ტომას ოსტერმაიერი ბერლინის თეატრს Schaubühne 1999 წლიდან ხელმძღვანელობს. „თეატრი მუდამ თანამედროვე ექსპერიმენტული თეატრის ფორმების ძებნაშია და ყურადღებას ამახვილებს თხრობასა და ტექსტის (როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურის) ზედმიწევნით აღქმაზე რაც პიესის შეკვრის ელემენტია. რეპერტუარი მოიცავს როგორც მსოფლიო კლასიკას ასევე საყოველთაოდ ცნობილი თანამედროვე ავტორების პიესებს.“ ამგვარ ინფორმაციას გვაწვდის თეატრის შესახებ საფესტივალო კატალოგი. თავად ოსტერმაიერის შემოქმედება უპირველეს ყოვლისა უაღრესად აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით და ამ პოზიციის მუდმივად აქტუალური, მწვავე და ცოტა სკანდალური ტრანსფორმაციითაც გამოირჩევა. სპექტაკლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორი ქართული საზოგადოების წინაშე წარსდგა როგორც არა მხოლოდ ხელოვანი, არამედ როგორც აქტიური საზოგადო მოღვაწე, რომელის შემოქმედებაც ნამდვილად აღელვებს მაყურებელთა სულებს. ინტერაქციაც ამ სპექტაკლის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია და თბილისური ინტერაქცია მართალა ყოველგვარი სიყალბის და ვიტყოდი დიდი წარმატებითაც წარიმართა ჩვენთან და ასევე წარმატებულია სხვა ქვეყნებშიც. უნდა აღინიშნის, რომ ინტერაქციის იდეა სტოკმანის როლის შემსრულებელს კრისტოფ გავენდას ეკუთვნის. მოსკოვში ინტერაქციის დროს ორასი კაცი ავიდა სცენაზე, ბუენოს აირესში წარმოდგენაზე სამთავრობო დონის სკანდალი მოხდა... როგორც ირკვევა, მთელს მსოფლიოში იდენტური პრობლემები ტრიალებს, პრობლემები რომელიც 1882 წელს ნორვეგიის საზოგადოებას აფორიაქებდა და დღესაც აშფოთებს ცივილიზებულ სამყაროს. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ პიესის მარადიული აქტუალობის მიზეზი არ არის მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემების სიმწვავე თანამედროვე სამყაროში, მიუხედავად იმისა, რომ „ხალხის მტერი“ , იბსენის ყველაზე „სოციალური“ პიესაა. ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტი ღირებულებების შემცველ მხატვრულ ნაწარმოებშიც, ამ პიესაშიც ზნეობრივი პრობლემა და მორალის ასპექტში გადატანილი კონფლიქტია წარმმართველი. რას ნიშნავს ხალხის მტრობა? საყოველთაო სიცრუისა და შედეგად დანაშაულებრივი ქმედების შეცნობას და მხილებას თუ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას და ამის გამო ადამანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას? ვინ არის მართალი საზოგადოების და ინდივიდის დაპირისპირებაში? და ბოლოს რა აჩევანს გააკეთებს თავად სტოკმანი, განაგრძობს ბრძოლას თუ რეჟისორის შეთხზული სიმამრის ნაჩუქარი დაბინძურებული კურორტის აქციებით საზოგადოების იმ ნაწილს შეუერთდება, რომელიც მოგებას მორალზე მაღლა აყენებს? რეჟისორი ამ კითხვას უპასუხოდ ტოვებს- ტოვებს სტოკმანსა და მის ცოლს მაყურებლის პირისპირ, ყოფით ვითარებაში, უბრალოდ ტახზე დამსხდართ.
დიახ, ტომას ოსტერმაიერის სპექტაკლი უაღრესად აქტუალური და ვიტყოდი სამოქალაქო აქტივობის სინთეზით შექმნილი წარმოდგენაა. მაგრამ, დამეთანხმებით, მხოლოდ პოზიცია ვერ გახდის ვერც ერთ სპექტაკლს წარმატებულს, ეს მხოლოდ დადგმის მხატვრული ხარისხით მიიღწევა. რეჟისორი იბსენის დრამატურგიის მიმართ შესაშურ ერთგულებას ავლენს- დადგმული აქვს „ჰედა გაბლერი“, “ნორა“. ტომას ოსტერმაიერის მიერ იბსენის სამყაროს გააზრება უაღრესად სიღრმისეულია. თუმცა, გაჭირდება ავტორის ერთგულების შეფასება იმ უამრავი ცვლილების გამო, რომელიც რეჟისორს შეტანილი აქვს სიუჟეტში თუ პერსონაჟების ურთიერთობების სქემაში. წერილის ფორმატის გამო ამ ცვლილებათა დაწვრილებით შედარებით ანალიზს თავს ავარიდებ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეჟისორი იბსენის სხვადასხვა პიესას და მის პერსონაჟებს წარმოსახავს ერთი მთლიანი თანამედროვე სამყაროს ნაწილად. ოსტერმაიერის დადგმული იბსენის ყველა პიესა ერთ დეკორაციაში თამაშდება- სცენოგრაფ იან პაპელბაუმს შექმნილ იბსენის სამყაროს თანამედროვე მოდელში. ეს მოდელი თავისთავად უაღრესად ორიგინალურია- შავ კედლებზე ცარცით არის მიხატული სხვადასხვა ყოფითი ნივთები თუ ამა თუ იმ ადგილმდებარეობის და კუთვნილების აღმნიშვნელი აბრები. ეს მარტივი ხერხი იმთავითვე უშუალო დამოკიდებულებას აჩენს თანამედროვე სტოკმანის საცხოვრისის მიმართ. კრისტოფ გავენდას სტოკმანი უაღრესად თანამედროვე ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლში უკრავს და მშვენივრად ერთობა მეგობრებთან ერთად... სპექტაკლში ბევრი იუმორია, არის მაღალი საშემსრულებლო სამსახიობო დონე. და რაც მთავარია, არის მაღალი რანგის და უაღრესად მნიშვნელოვანი სათქმელის იმგვარი ტრანსფორმაცია, როგორიც დიდი ნორვეგიელი მწერალის ნაწარმოების უკვდავებაში კიდევ ერთხელ გვარწმუნებს.
ამგვარი იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წლევანდელი საერთაშორისო პროგრამა და პროგრამა „ნიუ“ . მიუზიკლით დაწყებული და შესანიშნავი საცეკვაო წარმოდგენებით გაჯერებული პროგრამა ფაქტობრივად სამოქალაქო აქტის ექვივალენტად აღიარებული მაღალმხატვრული დადგმით დასრულდა. და რაც მთავარია, ყველაფერი რაც ფესტივალზე ამ პროგრამებში ნაჩვენები სპეტაკლები, როგორც ყოველთვის, ფესტივალის დევიზის შესაბამისად იყო განხორციელებული- რეალობის ნატიფი გრძნობით.
ლელა წიფურია
ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება"