თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ზოგჯერ იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ ქართველმა მაყურებელმა უცხოეთში დადგმული ქართველი დრამატურგების, თუ რეჟისორების სპექტაკლები ვნახოთ. პირველად საფრანგეთიდან ლაშა ბუღაძის „ციცინო, ანუ პოლიტიკური პიესა“ ვნახეთ. ამჟერად, კი თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტი“ კლაიპედას სასახლის თეატრმა წარმოგვიდგინა.

თამარ ბართაიას „სათამაშო პისტოლეტი“ უკვე რამდენჯერმე დაიდგა ქართულ თეატრებში და კარგია, რომ პიესით ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც დაინტერესდნენ. ქართველი გმირების (პერსონაჟების) ამბავი აქტუალური და ასაღელვებელი სხვა ქვეყნის მაყურებლისთვისაც აქტუალური აღმოჩნდა.
რეჟისორმა ალვიდას ვიჟგირდამ სცენური სივრცე მაქსიმალურად განტვირთა და ასპარეზი მსახიობებს დაუთმო. პიესაში ორი პერსონაჟია, რეჟისორმა კი ორი პერსონაჟის ისტორია ოთხ მსახიობს მოაყოლა. სცენაზე მონოლოგებში ერთმანეთს მორიგეობით ორი მეა (მედეა) და ორი იო (იორამი) ენაცვლება, მათ შორის ოდნავი სხვაობა ასაკშია.
წარმოდგენაში მთავარი მსახიობეი არიან, რომლებიც ცოტას მოქმედებენ, მაგრამ ბევრს ლაპარაკობენ. ოსტატობის თვალსაზრისით მსახიობები მოწოდების სიმაღლეზე არიან, მაგრამ გამომსახველობითი საშუალებების სიმწირე სპექტაკლს სანახაობით მხარეს უკარგავს. რეჟისორმა როგორც ჩანს, კლასიკური თხრობის სტილის ეს ფორმა აირჩია, აქ პირობითი მხოლოდ გარემოა, სივრცე, რომელიც მუდმივად იცვლება პატარა ყუთების გადაადგილებით.
სპექტაკლის ავტორების მიერ შემოთავაზებული პირობითობა მაყურებელმა სწორედ ისე მიიღო, როგორც ეს რეჟისორმა ჩაიფიქრა, მაგრამ ამ კონტექსტიდან მთლიანად ამოვარდა სპეტაკლის მუსიკალური გაფორმება, რომელიც რეალურად სულ სხვა განწყობას გამოხატავდა, ვიდრე პიესის ამბავს უქმნიდა შესაბამის ფონს. გარდა ამისა, სპექტაკლში როგორც ცალკეულმა ნომერმა, და არა, როგორც სპეტაკლის ორგანულმა, შემდგენელმა და ლოგიკურმა ნაწილმა, „სულიკომ“ თავიდან ბოლომდე გაიჟღერა. ლიტველმა მსახიობებმა: ვილია გრუოდიტემ, ვილმა პტაშინსკაიტემ, რამუნას შეპუტისიმ და დონატას ჟილინსკასიმ დიდი მონდომებით შეასრულეს „სულიკო“ და მაყურებლის ტაშიც დაიმსახურეს, რომელიც უფრო მადლიერებას გამოხატავდა ქართველი მაყურებლისგან ქართული სიმღერის შესრულების გამო, ვიდრე შესრულებული სიმღერის მოწონებას.
კიდევ ერთი დეტალი, რომელიც ამოუხსნელი დარჩა ეს „სულიკოს“ შესრულების დროს სცენაზე საზამთროების განფენა იყო, რომელიც არც არავის დაუჭრია და არც დაუგემოვნებია (პირობითად). ჯერ სცენა საზამთროებით მოფინეს მსახიობებმა და შემდეგ სცენაზე განლაგენულ ყუთებში ჩაალაგეს.
წარმოდგენილი სპექტაკლი იმით მაინც იყო საინტერესო, გაგვეგო როგორ აღიქვამენ ქართულ რეალობას უცხოეთში, როგორ რეაგირებენ და აცოცხლებენ ქართულ რეალობას, ისინი რომელთაც შეხება ამ ქვეყანასთან (გარემოსთან), ადამიანებთან (ტიპაჟებთან და ხასიათებთან) აქამდე არ ჰქონიათ და მხოლოდ „სულიკოთი“, ან „ხვანჭკარათი“ იცნობენ.

ლაშა ჩხარტიშვილი

http://artarea.tv/inside/1290

© 2024 All Rights Reserved