საინტერესო და იმავდროულად სიმბოლური დამთხვევა იყო, რომ 25 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა “New”-ში, პირველი წარმოდგენა, პოლონურმა თეატრმა - „ქორეა“ - შემოგვთავაზა . სიმბოლურია, რომ კონცერტი გუნდის, ჯაზისა და სიმებიანი კვარტეტისათვის, პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური, ლიტერატურული ნაწარმოების „გილგამეშის“ ეპოსზეა აგებული.
თეატრი „ქორეა“, რომელიც 2004 წ. შეიქმნა, მოხეტიეალე ცხოვრებას ეწეოდა, 2007 წ. ქალაქ ლოძის „არტ ცენტრთან“ ერთად ქმნის „ხელოვნების ფაბრიკას“ და იქ ფუძნდება. ეს არის თეატრ-სტუდია, რომელიც მუდმივად სიახლისა და ახლი სათეატრო ფორმების ძიებაშია. ისინი რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ: სპექტაკლები, კონცერტები, შერეული პროექტები, მასტერკლასები. სახელწოდება ძველბერძნულიდან აიღეს - სიმღერის, მუსიკისა და ცეკვის სინთეზი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ტომაშ როდოვიჩი ამბობს, რომ მულტიკულტურულ ეპოქაში, ისინი ცდილობენ არ დაკარგონ თვითმყოფადობა. იგი თვლის, რომ ამ ვირტუალური ცხოვრების ეპოქაში, თეატრი ის ერთ-ერთი საშუალებაა, სადაც ადამიანს იდენტურობის ძებნა ეკრანს მიღმა აღარ სჭირდება და თეატრში შესაძლებელია ადამიანებთან პირისპირ, სხვადასხვა მტკივნეულ პრობლემაზე, საუბარი.
კონცერტი „გილგამეში“ მინიმალური ხერხებით შექმნილი, სიმღერაზე, მუსიკასა და ცეკვაზე, უფრო სწორად, სიმღერისა და მუსიკის რიტმს აყოლილი სხეულის ბუნებრივ მოძრაობაზე აგებული, რამდენიმე ეპიზოდისაგან შემდგარი სანახაობაა. ფაბულა „გილგამეშის“ ეპოსის სიუჟეტს ეყრდნობა. მუსიკასა და და პლასტიკაში გამოსახული თითო ეპიზოდი, ორი მესამედით ღმერთის და ერთი მესამედით ადამიანის, ურუქის პირველი დინასტიის ლეგენდარული მეფის - გილგამეშის და ცხოველებთან გაზრდილი, ნახევრად ცხოველის და ნახევრად ადამიანის - ენქიდუს გმირული თავგადასავლების, მეგობრობის, სიყვარულის, ამა თუ იმ, ამბავს მოგვითხრობს. კომპოზიტორმა ტომაშ კრჟიჟანოვსკიმ, სიცოცხლისა და სიკვდილის ურთიერთჭიდილის მარადიული თემა - ჯაზური, თანამედროვე და აღმოსავლური მუსიკის ელემენტებით გაჯერებულ ნაწარმოებში ასახა. თეატრის „ქორეა“ მსახიობებმა და მუსიკოსებმა კი კომპოზიტორის ქმნილება სცენაზე გააცოცხლეს. კომპოზიტორმა და შემსრულებებმა, უფრო მეტი დატვირთვა, აქცენტი პოლიფონიურად გაშლილ ხმებზე გააკეთეს. სხეულის პლასტიკა სიმღერის რიტმს დაუქვემდებარეს, რომელსაც სიმებიან კვარტეტსა და ჯაზ ტრიოსთან ერთად, თავად შემსრულებლები ქმნიან -ტაშით და სხვადასხვა, ოღონდ მუსიკიდან გამომდინარე, მოძრაობებით.
ვერ ვიტყვი, რომ სანახაობამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე, კონცერტიდან გამოსულები, 2014 წ. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ, ისევ პოლონური თეატრის - „თხის სიმღრა“, „ლირის სიმღერებს“ ვიხსენებდით, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენს მეხსიერებაში.
მაკა ვასაძე