უკვე მივეჩვიეთ, რომ თბილისური სექტემბერი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გარეშე წარმოუდგენელია. ის წელს მეშვიდედ ჩატარდება - ორგანიზატორთა დიდი ძალისხმევით და კვლავ იმის მტკიცებით, რომ ხელოვნება უკეთესებს თუ არ გვხდის, ათასგვარი სოციალური და პოლიტიკური ნევროზისგან მაინც დაგვიცავს. არადა, თითქოს გუშინ იყო, მართლაც როგორ იცავდა დაბნეული პატრულის რაზმი მარჯანიშვილის თეატრს მაყურებლის "შტურმისგან", რომელშიც სხვადასხვა დროს ჯორჯო სტრელერის, ეიმუნტას ნეკრუშუსის, პიპო დელ ბინოს, ალვის ჰერმანისის სპექტაკლები თამაშდებოდა...
წლებმა და გამოცდილებამ დაადასტურა, რომ თბილისის თეატრალური ფესტივალი საჭიროა. და არა მარტო იმიტომ, რომ 21-ე საუკუნის დასავლურ თეატრში ცალი თვალით მაინც შევიჭყიტოთ, ან ჩვენს დიდებულ "თეატრალურ ნაშთებს" მხოლოდ მოწიწებით არ ვუცქიროთ. სხვათა შორის, წლევანდელი პროგრამაც მოუნელებელი კლასიკური წარსულისა და ფუტურისტული სპექტაკლების გადაკვეთაზეა, ჯერ კიდევ სტანისლავსკისა და ბრეხტის ამარა, მაგრამ სხვა ხარისხის არტსიგიჟითა და განზომილებით აღბეჭდილი.
თუ საფესტივალო პროგრამას სახელებითა და ხარისხით მაინც შევაფასებთ, "ბარსელონა" და "რეალი" თუ არა, ხელში "ბაიერნი" და "მანჩესტერი" ნამდვილად შეგვრჩება (ეს ისე, არანატიფი საფეხბურთო მეტაფორა რომ გამოვიყენოთ). მაგალითად, მაყურებელს საშუალება ექნება მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ბერლინის სახელოვანი "შაუბიუნეს" სპექტაკლი - "ხალხის მტერი" იხილოს, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული თანამედროვე რეჟისორის, ტომას ოსტერმაიერის ბოლოდროინდელი და ყველაზე საინტერესო ნამუშევარია. სხვათა შორის, ახალგაზრდა ქართველ რეჟისორთა შორის განსაკუთრებული მაგიურობითა და მიმზიდველობით სწორედ ოსტერმაიერის სახელი ჟღერს.
ვისაც თანამედროვე ცეკვის თეატრი აინტერესებს, ვურჩევთ არ გამოტოვოს ბრიტანელი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, აკრამ ჰანის სპექტაკლი "კააში", რომლის სცენოგრაფიული სივრცის გადაწყვეტა თანამედროვეობის ერთ-ერთ აღიარებულ არქიტექტორს, ანიშ კაპურს ეკუთვნის. მარჯვე ხელ-ფეხგარჯილობა ფესტივალზე ამით არ ამოიწურება. პროგრამაშია ასევე გერმანულ-ქართული პროექტი "გამოქვაბული", რომელიც ქალაქ რეგენსბურგში დაარსებული ცეკვის თეატრის - "სოსანის" ახალი ნამუშევარია (ავტორი და ქორეოგრაფი თეა სოსანი). პროგრამა NEW კი ნორვეგიული საცეკვაო კომპანიის სპექტაკლს სახელწოდებით "სასოწარკვეთილების ზღვარზე" წარმოგვიდგენს.
ვისაც ორი წლის წინ, სახელოვანი რუმინელი რეჟისორის, სილვიუ პურკარეტეს სიზმრისეული, განსაცვიფრებელი, მაგრამ სასტიკი "გულივერის მოგზაურობა" ახსოვს, უთუოდ დააინტერესებს შექსპირის "ქარიშხალიც", რომელიც წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული წარმოდგენა იქნება.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ (ფქვილში ამოგანგლული, პიცერიაში დატრიალებული ტრაგედია "რომეო და ჯულიეტაში" 2009 წელს, პლუს სარეპეტიციო დარბაზის სარკეებში არეკლილი "ჰამლეტი" 2010 წელს) მაყურებელს საშუალება აქვს ნახოს ლიტველი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის მიერ ვილნიუსის საქალაქო თეატრში დადგმული „ფსკერზე“. რეჟისორმა მაქსიმ გორკის პიესის მხოლოდ მეოთხე აქტი დადგა და ამით თეატრის მოყვარულებსაც და კრიტიკოსებსაც გარკვეული ესთეტიკური თავსატეხი გაუჩინა. სრულიად ახლებური და დამაინტრიგებელია შექსპირის თეატრ "გლობუსში" განხორციელებული "ჰამლეტიც" (რეჟისორი დომინიკ დრომგული), რომელიც ღია ცის ქვეშ, მუშთაიდის ბაღში იქნება წარმოდგენილი.
თუ ცნობილ პოლონელ რეჟისორ კშტიშტოფ ვარლიკოვსკის დავესესხებით, "თანამედროვე თეატრი ეს არის სიფაქიზის ენაზე მოთხრობილი სისასტიკის ანბანი". ასე რომ, თბილისის თეატრალურ ფესტივალზე შანსი გვაქვს "სისასტიკისა და სიფაქიზის" ეს უცნაური რითმა საკუთარ ტყავზე და საკუთარი შეგრძნებებით გავზომოთ.
დავით ბუხრიკიძე