თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია, საერთაშორისო პროგრამაში, მსოფლიოში დღეს არსებული თანამედროვე, განსხვავებული სათეატრო ფორმები ასახოს. დაგვანახოს ის, თუ რა ძიებები მიმდინარეობს სათეატრო ენის ფორმირების თვალსაზრისით, რა ენაზე ელაპარაკება დღეს თეატრი მაყურბელს. ახალი ენის ძიების პროცესში, ხელოვანები მიმართავენ, როგორც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული სათეატრო ფორმების, ასევე თანამდეროვეობაში უკვე მიგნებული, არსებული ხერხების გადამუშავებას, სინთეზს და ამ ძიების პროცესში საკუთარის შექმნას. ზოგი ხელოვანი აღწევს წარმატებას, ქმნის განსხვავებული ხელწერის წარმოდგენებს, ზოგჯერ შედევრებს, ზოგის მცდელობა კი მხოლოდ მცდელობად რჩება. წარმატება თუ წარუმატებლობა ხელოვნების მსახურთა თანმდევია, მთავარია არ შეჩერდეს ძიების პროცესი.
28 სექტემბერს ცეკვის თეატრმა გერმანიიდან ფესტივალზე წარმოადგინა სპექტაკლი - „გაქვავებული“. მარჯანიშვილის თეატრის დიდი დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლით. მაყურებლის ინტერესი ამ წარმოდგენისადმი განპირობებული იყო იმით, რომ ცეკვის თეატრი „სოსანი“, ქალაქ რეგენსბურგში, ქართველმა ხელოვანებმა თეა და გიორგი სოსანიშვილებმა დააფუძნეს. ისინი, კომპანია „თრაუმფაბრიკის“ მიწვევით, გერმანიაში 2008 წლიდან მოღვაწეობენ, 2010 წ. საკუთარი ცეკვის თეატრი შექმნეს. 2013 წ. კი „სოსანი არტზონა“, თანამედროვე ცეკვის თეატრის და პერფორმანსების საერთაშორისო სტუდია დაარსეს. მათი მიზანია მოძრაობის ახალი ფორმების შექმნა. „ურთიერთობები, ემოციურობა და მოძრაობის ტექნიკა სცენაზე ჩვენი თეატრის აუცილებელი პირობებია“ - ამბობს ქორეოგრაფი და რეჟისორი თეა სოსანი. მისი ქორეოგრაფიით და სცენოგრაფიით შექმნილი „გაქვავებული“, თანამედროვე ცეკვის და პერფორმანსის სინთეზის მცდელობაა. სპექტაკლი ადამიანის გაუსაძლის სულიერ და ფიზიკურ მარტოობის განცდაზეა. წარმოდგენა ვიდეო არტის და თანამედროვე ცეკვის სინთეზზეა აგებული. თანამედროვე და კლასიკური ცეკვის ელემენტების ნაზავით (რომელშიც ბევრ უკვე ნანახს და ნაცნობს ამოიკითხავს მაყურებელი) შექმნა თეა სოსანმა „გაქვავებულის“ ქორეოგრაფია. ექსპრესიული, ემოციური, დახვეწილი მოძრაობებით გადმოსცემენ სათქმელს: ბიტმა დარუში, იულია კოდერერი, რამონა რაისაუსი, პაშა დარიუში და პატრიკ ბაიერი. სამი ქალისა და ორი მამაკაცის სცენაზე, ხოლო ეკრანზე სამი პატარა გოგოს ცხოვრების ასახვით, დამდგმელები გვეუბნებიან, რომ ადამიანის ცხოვრება, მისი ბავშვობიდან მოდის. როგორი იქნება ადამიანის ცხოვრება ზრდასრულ ასაკში, ბავშვისადმი უფროსების მოპყრობიდან გამომდინარეა და შემდგომში ჩამოყალიბებული ყველა კომპლექსიც აქედან იღებს სათავეს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარემოში, რა ატმოსფეროში ყალიბდება იგი პიროვნებად. ურთიერთობების დეფიციტი, უგულისყურობა, გულგრილობა, ძალადობა - ყველაფერი ეს დაღს ასვამს ადამიანს.
ბევრ ხელოვანს უჭირს ფინალური წერტილის დასმა. ამის გამო, არის შემთხვევევები, როდესაც სპექტაკლს (ან, ფილმს) რამდენიმე ფინალი აქვს. ჩემი აზრით, გუშინდელ სპექტაკლშიც ასე მოხდა. მართალია, წარმოდგენის ხანგრძლივობა სულ საათი და 10 წუთია, ვფიქრობ, დამდგმდგმელსა და ქორეოგრაფს ამბის თხრობა 10 წუთით ადრე რომ დაემთავრებინა, უფრო მომგებიანი იქნებოდა სანახაობა. მაგალითად, გრძელ სავარძელზე, მოქმედი პირების მიერ ფოტოსურათის გადაღების მომენტის მსგავსად გათამაშებული, რამდენჯერმე გამეორებული სხვადასხვა პოზით.
მაკა ვასაძე