ტაივანის ცეკვის თეატრის - „ღრუბლის კარიპჭე“ სპექტაკლი „მოხეტიალეთა სიმღერები“ ზედაპირული თვალის შევლებით სრულყოფილ და შთამბეჭდავ სანახაობას წარმოადგენს, რომელიც დამსწრე მაყურებელს გაოცებისგან წარმოდგენის მსვლელობისას არაერთხელ ღრმად ამოასუნთქებს. სწორედ, ასეთი ამაღლებული სათეატრო (და არა მარტო) განწყობით გაიხსნა თბილისის მეექვსე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომლის მიზანი წელს არა მხოლოდ თანამედროვე მსოფლიო თეატრის შედევრების თბილისში მასპინძლობაა, არამედ ნეგატიურ ატმოსფეროში პიზიტიური ემოციების გაღვიძებაა. "დღეს, ნეგატიური მოვლენების სამყაროში, ვიფიქრეთ, რომ განახლებული იმედი და ლტოლვა სრულიად განუმარტავი მცნებისაკენ, ბედნიერებისაკენ, იქნებოდა სწორედ ის რეალობა, რომელსაც უნდა გავყვეთ" - ასე გვესალმება ფესტივალის გუნდი და ბედნიერი რეალობის შექმნას სამი კვირის განმავლობაში გვპირდება.
„მოხეტიალეთა სიმღერები“ იმ სპექტაკლთა რიცხვშია, რომელიც ადამიანმა (არ აქვს მნიშვნელობა ის თეატრალია თუ არა) ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ უნდა ნახოს. ფესტივალზე ყოველწლიურად მინიმუმ ერთი ასეთი ტიპის სპექტაკლის ნახვის საშუალება გვაქვს.
„მოხეტიალეთა სიმღერები“ წარმოადგენს აღმოსავლური რელიგიური რიტუალებისა და ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერის სინთეზსს. ორი, რადიკალურად განსხვავებული კულტურის შეჯახებამ სპექტაკლში, კონტრასტულობის მაგიერ, შედეგად იდეალური ჰარმონიულობა და სინატიფე გვაჩვენა. განსხვავებული შინაარსობრივი დატვირთვის მრავალხმიანი მუსიკა და რელიგიური რიტუალი (მოძრაობა) სცენაზე ლოგიკურად შეერწყა ერთმანეთს.
მაყურებელზე განსაკუთრებული ეფექტი და შთაბეჭდილება ოქროსფრად შეღებილი ბრინჯის ზემოდან დაშვებულნა ნაკადმა მოახდინა, რომელიც ხან კოკისპირულ წვიმასავით, ხანაც კი ორგანიზებულ მცირე ნაკადად ეშვებოდა ერთი პროტოგონისტი არტისტის თავზე, რომელსაც მთელი სპექტაკლის მანძილზე ერთი კონკრეტული ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. სახტად დავრჩი გაოცებული მსახიობის ნებისყოფისა და გამძლეობის გამო, თუმცა ის მედიტაციაში იყო და მისი შთაგონებულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი.
სპექტაკლი ერთგვარი რიტუალია, რომელიც ცდილობს მისტიკური სამყაროს შექმნას და ამ სამყაროში მაყურებლის მოგზაურობას, თუმცა წარმოდგენის გარკევული ეპიზოდების ერთფროვნებამ სულგანაბული მაყურებელი ოდნავ მოწყვიტა სცენას. წარმოდგენა იმდენად ესთეტურია, სრულყოფილი და ლამაზი, რომ მაყურებელის მონუსხვას ერთფეროვანი და დუნე მოძრაობების მიუხედავად, მაინც ახერხებს. წარმოდგენის კომპოზიცია მკაცრ მათემატიკურ და გეომეტრიულ პრინციპებს ემყარება, სადაც ყველაფერი ზუსტია და თანმხვედრი. განსაკუთრებით ეფექტურია სცენა „ჩაკრულოსა“ და „გარეკახური საჭიდაოს“ თანხლებით, როცა მოცეკვავეები სცენაზე ცეცხლით შემოდიან ან მოციმციმე ბრინჯი მიწიდან ზეცისკენ იყრება. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ამ ეპიზოდებში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თითქოს მოცეკვავეები სხეულიდან ავ სულებს დევნიდნენ.
რუსთაველის თეატრში მისულმა მაყურებელმა ერთდროულად „ორი კურდღელი დაიჭირა“ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტიც მოისმინა და ტაივანური დასის ჰარმონიული წარმოდგენაც ნახა.
ლაშა ჩხარტიშვილი