სოფო კილასონია
24 საათი 16.09.11
მოთმინება! მალკოვიჩი ისვენებს!
"ჯოჯოხეთური კომედია" ერთი მსახიობის, ორი სოპრანოსა და ორკესტრისათვის დაიდგა. სპექტაკლი ჯეკ უნტერვეგერის ცხოვრების რეალურ ამბავზეა ამოზრდილი. ის იყო სერიული მკვლელი და, ამასთანავე, ქალების გულთამპყრობელი, სახელგანთქმული პოეტი, მწერალი და ჟურნალისტი. ჯეკს ბრალად სდებდნენ ვენის, გრაცის, პრაღისა და ლოს ანჯელესის მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მკვლელობას. მოგვიანებით იგი ვენიდან გაიქცა და თავი ამერიკას შეაფარა. მაიამიში დააპატიმრეს და ისევ ავსტრიაში დააბრუნეს. აქ ჯეკი თერთმეტი ქალის მკვლელობაში დაადანაშაულეს. საბოლოოდ, უნტერვეგერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რეჟისორმა მაიკლ შტურმინგერმა, ვენის მუსიკისა და სამსახიობო ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა სწორედ ამ მკვლელისა და თვითმკვლელის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოიყენა იმ დადგმის ინსცენირებად, რომელშიც მთავარი როლი, არც მეტი, არც ნაკლები, ჯონ მალკოვიჩს ანდო. მოდით, ვთქვათ სიმართლე, ეს მალკოვიჩი ენდო მას და, ვშიშობ, ამაოდ.
წვრილმანებს არ მოვყვები, 14 სექტემბრის საღამოს მოლოდინით ბევრი ვწერე და მკითხველს სრულიად პრეტენზიულმაც კი მოვუწოდე, რომ ამ საღამოს არ გამოკლებოდნენ. ეს უკვე იყო, წარსულია. წარსულია მალკოვიჩის მოგზაურობა თბილისში, მაგრამ ჯერ ისევ ცოცხლობს 14 სექტემბერს რუსთაველის თეატრში მისული მაყურებლის წარმოდგენის შემდეგ, მგონი, მილიონჯერ დასმული კითხვა: "აქ ხარ? და შენ მოგეწონა?" აქ არ არის პრეტენზიული რიტორიკა, აქ არის მოკრძალებული გაოცება - მაყურებელს მალკოვიჩი ეცოტავა. თუ უფრო მკაცრად ვიტყვით, ჩვენ შევხვდით ადამიანს, რომელსაც ვიცნობთ, როგორც ჯონ მალკოვიჩს, მსახიობი მალკოვიჩი კი სცენაზე მსუბუქი დოზებით, პერიოდულად და ფრაგმენტულად ავლენდა თავს.
მაყურებელი, რომელსაც ამ დადგმის შესახებ ევროპული პრესა არ წაეკითხა, ალბათ, სხვა ტიპის დადგმას ელოდა და არა საოპერო ნაწარმოებების და ტექსტზე ორიენტირებული თეატრის მიქსს. მაგრამ უკმაყოფილებისა თუ დაუკმაყოფილებლობის მიზეზი თბილისელ თეატრალებს ჟანრის გამო ნამდვილად არ შექმნიათ, თუკი მედიების მიქსს ამ შემთხვევაში ჟანრად მოვიაზრებთ, ანუ ვიქნებით გულმოწყალენი. დაე, იყოს ასე. როცა სცენაზე დიდი მსახიობი დგას, არ მინდება იმაზე ფიქრი, ხომ არ იყო ეს სინთეზი ხელოვნური და ბანალური კოლაჟი. არც იმაზე ვისაუბროთ, რომ არიებსა და ძირითად ტექსტს (რომელსაც მალკოვიჩი კითხულობდა) შორის თემატურ-ემოციური კავშირები, ერთი მხრივ, ემოციურ ფონს უმძაფრებდა მაყურებელს, მაგრამ მეორე მხრივ, პირველადი ემოციის შემდეგ, რეჟისორის მანევრის ერთფეროვნების დასტურად იქცა. ვივიწყებ იმასაც, რომ არარსებული ან გაუმართავი მიზანსცენები - თუ რა უხერხულად ახრჩობს ქალებს მთავარი გმირი - ეს რეჟისორის ანგარიშზე დავტოვოთ. და საერთოდაც, მალკოვიჩის თაყვანისმცემლებს საკმარისზე მეტი მიზეზი გვაქვს, რომ დიდი ხნით გავებუტოთ მაიკლ შტურმინგერს, რომელმაც თავად მალკოვიჩს არ დაუსახა არავითარი ამოცანა, გარდა იმისა, რომ იყოს მალკოვიჩი; გაიღიმოს, როგორც მალკოვიჩმა; უყუროს ადამიანებს, როგორც მალკოვიჩმა და იაროს, როგორც მალკოვიჩმა. ასეა, სუსტი რეჟისორების ხელში დიდი მსახიობებიც კი ზოგავენ თავს და, თურმე, ასე მხოლოდ საქართველოში არ ხდება.
ისევ ჯოჯოხეთზე
"ჯოჯოხეთური კომედია" აერთიანებს მთელს ორკესტრს, რომელიც ვენიდან ჩამოვიდა, ასევე ორ სოპრანოს და მთავარ გმირს. სწორედ ამ უკანასკნელს აკრავს გარს ყველა და ყველაფერი, მას, რომელიც კლავს, აი, ამ დროს, მისი გული და ხელი წინააღმდეგობაში მოდის. მაგრამ მისი ისტორიაც არაფრით გამოირჩევა იმ უთვალავი მკვლელის ისტორიებისგან, რომლებსაც მძაფრსიუჟეტიანი ფილმებიდან ვიცნობთ, დედებზე გაჯავრებული პატარა ბიჭების ისტორიები. ტექსტი ალბათ ყველაზე ბანალურია, ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა. მიუხედავად ამისა, ცხადია, რომ კარგად და მომხიბვლელად კითხულობს ჯონი, ავსტრიული აქცენტით, მაგრამ თავისებურად ნელა. თავისებურად გიმზერს, თავისებურად შემაძრწუნებელი ღიმილით გეხუმრება. ამ დადგმით მაყურებელს მოაგონდა ისიც, რომ ჯონ მალკოვიჩს ერთი საოცარი ნიჭი აქვს - მეტყველი დუმილი. მოკლედ, მალკოვიჩის მახასიათებლების მოგონება ნამდვილად შესაძლებელი გახლდათ, ბოლოს და ბოლოს, ის რამდენიმე მეტრში იდგა. თუმცა, ჩვენ, ვისაც მისი არაფერი დაგვვიწყებია, სხვა სათქმელი წარმოდგენამ არც არაფერი დაგვიტოვა, ვერც მისი დუმილის სიღრმის ფსკერი დავინახეთ, ვერც გარდასახვის კიდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენა ბევრად უფრო კამერული ხასიათისაა, ვიდრე რუსთაველის თეატრის სივრცე აღიქვამდა. ეს არის დადგმა, რომელიც ერთი სახის ნერვების თამაშზე არის ან უნდა იყოს აგებული, რადგანაც სხვა საერთოდ არაფერი ხდება, მოუხეშავი სოპრანოების საკონცერტო ნომრებს თუ არ ჩავთვლით. მალკოვიჩის მიმიკური თამაში მეტ ინტიმურობას საჭიროებდა. მაგრამ ინტიმურ გარემოში აშკარად ვერ ჩაივლიდა წარმოდგენა, რომელიც ფესტივალის მთავარი კოზირი და ინტერესის ობიექტი იყო. ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია. რაც შეეხება სხვების ვარაუდს, უნდა ითქვას, რომ სუბტიტრების მარადიულმა პრობლემამ, ანუ ამ შემთხვევაში ვერანთებულმა ეკრანმა მაყურებლის დიდი ნაწილი დატოვა ვარაუდების მორევში.
წარმოდგენის დასაწყისში მსახიობმა ტრადიციული მონოლოგი შემოგვთავაზა ქართულ კულტურასა და ნადიმზე, რომელიც მასაც გაუმართეს. ის კმაყოფილი იყო, აი, მაყურებელმა პერფორმანსის შემდეგ დანანებით თქვა, იქნებ ზედმეტი მოუვიდა წინა საღამოსო? ცხადია, ეს ხუმრობით. ყველა კარგი მსახიობის რეპერტუარშია სუსტი და ძლიერი დადგმები, საფესტივალო-კომერციული პროდუქტები და ხელოვნება, სადაც თავს დასვენებისა და ძალების დაზოგვის უფლებას არ აძლევენ... ჩვენ დღესაც ისევ ძველებურად ვეტრფით ვიკონტ დე ვალმონტს, როგორც უწინ. და გვესმის, რომ ხანდახან მალკოვიჩიც ისვენებს. წარმოდგენის დასასრულს თქვა, რომ კმაყოფილია, და გავიდა. ჩვენთვის არ უკითხავს...
და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი გაიხსნა. მართალია, ამ დადგმაზე აზრთა სხვადასხვაობა არ არის, მაყურებელი და კრიტიკა წარმოდგენის დასრულებიდან პირველივე წუთებში შეთანხმდა ყველაფერზე, მაგრამ ხვალ ან ზეგ სულ სხვა დადგმების გამო დისკუსია და პოლემიკა მაინც დაიწყება. ეს პოლემიკა ყველა საინტერესო ფესტივალის სიცოცხლის ნიშანია და თბილისის თეატრალური ფესტივალის დიდხანს სიცოცხლისთვის ყველას დებატებისკენ მოგიწოდებთ.