პროგრამა “New”-ში წარმოდგენილი მეორე სპექტაკლი (26 სექტემბერი), მოსკოვის დრამის თეატრში „სფერო“, ახალგაზრდა რეჟისორის ვლადიმერ სმირნოვის მიერ განხორციელებული - ანტონ ჩეხოვის „მამის გარეშეა“.
1981 წ. დაარსებული თეატრის სახელწოდება, ეკატერინა ელანსკაიას იდეიდან გამომდინარეობს - უარის თქმა ტრადიციული სცენის ჩარჩოებზე, სცენისა მაყურებლის დარბაზის გაყოფაზე; მსახიობებისა და მაყურებლის კომუნიკაციისათვის გამერთიანებელი სფეროს შექნა. იგი თვლიდა, რომ მსახიობისა და მაყურებლის იმწუთიერი კონტაკტი, ცოცხალი თეატრის საფუძველია. ელანსკაიას გარდაცვალების შემდეგ, „სფეროს“ სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე კორშუნოვი ცდილობს, თეატრის შემოქმედებითი ცხოვრება, მისი დამფუძნებლის სათეატრო ესთეტიკითა და პრინციპებით წარმართოს. სწორედ მან მიიწვია ვლადიმერ სმირნოვი თეატრში სპექტაკლის დასადგმელად.
უპირველე ყოვლისა, რეჟისორმა დრამატურგიული ნაწარმოების მონტაჟი გააკეთა. 18 წლის ასაკში დაწერილი, 170 გვერდიან ჩეხოვის პირველ პიესაში 21 მოქმედი პირია, ქვევით მიწერილ სტუმრებსა და მოსამსახურეებს თუ არ ჩავთვლით. რეჟისორმა, ამ უზარმაზარი ნაწარმოებიდან, ტექსტუალური თვალსაზრისით მხოლოდ ერთი მესამედი დატოვა. იგივე შეიძლება ითქვას პერსონაჟებზეც: მათი რიცხვი 21-დან 8-მდე დაიყვანა. შეცვალა ელანსკაიას თეატრისათვის უკვე ტრადიციად ქცეული, მრგვალი სათამაშო მოედნის და მის გარშემო მსხდომი მაყურებლის პრინციპიც. სპექტაკლი ჩვეულებრივ ამაღლებულ სცენაზე თამაშდება, ხოლო მაყურებლისა და მსახიობების უშუალო, ცოცხალი კონტაქტი, მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ მსახიობ პაველ სტეპანოვს, კირილე გლაგოლევის როლის შემსრულებელს, მაყურებლი - არყით სავსე სირჩის და მასზე მისაყოლებლად დაჭრილი ლიმონის შეთავაზებით, გაჰყავს დარბაზიდან ანტრაქტზე.
სარეჟისორო კონცეფციიდან გამომდინარე, საინტერესო სცენოგრაფია შექმნა დიმიტრი რაზუმოვმა. სცენაზე განვითარებული ამბის გმირები გამოუვალ მდგომარეობაში არიან, ისინი ადამიანურ ურთიერთობათა დეფიციტს განიცდიან, ცდილობენ რაღაცის შეცვლას და ვერ ცვლიან, გამუდმებით საუბრობენ, ლაპარაკობენ, მაგარმ ერთმანეთის არ ესმით. ადამისნის ჩაკეტილ სივრცეში მოქცევა, რეჟისორმა და მხატვარმა, სცენაზე უამრავი სხვადასხვა ზომის შუშის ქილის განლაგებით გამოხატეს. მეორე მოქმედებაში კი, ვოინიცევების მამულის ჩამორთმევის შემდგომი მოვლენები, ფაქტიურად, ცარიელ სცენაზე განავითარეს. რეჟისორმა, არა მარტო შეამოკლა ტექსტი, არამედ შეცვალა ფინალიც. პიესაში სოფია კლავს პლატონოვს. სპექტაკლში ყველა მთავარი გმირი: პლატონოვი, ანა, სოფია, სერგეი - იარაღით თავის მოკვლას ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. პლატონოვი ამბობს: „ჰამლეტს სიკვდილის ეშინოდა (ჩეხოვთან ზმანებების), მე კი სიცოცხლის მეშინია, ცხოვრება კი ტკბილია“. სპექტაკლი პატარ-პატარა ეტიუდებისგან ააგო რეჟისორმა, მაგრამ ვერ მოახერხა ამ ეტიუდების ერთ მთლიანობაში შეკვრა. აქვე აღვნიშნავ, რომ ბევრი საინტერესო მიგნება აქვს რეჟისორს, ზუსტად დაჭერილი და გადმოცემული ჩეხოვისეული დრამატიზმი, იუმორი და ირონია. აღსანიშნავია მსახიობთა ნამუშევრებიც, გამოვყოფდი ნელი შმელიოვას - ანა ვოინიცევას და ვადიმ ბორისოვის - პორფირი გლაგოლევს. აქვე აღვნიშნავ, რომ მეტყველების პრობლემა, ეს ეტყობა ახალგაზრდა მსახიობთა საერთო სენია. პლატონოვის, მთავარი როლის შემსრულებელმა ანატოლი სმირანინმა მართალია საინტერესო სახე შექმნა, მაგრამ მისი მეტყველება, ფაქტიურად არ ისმოდა.
P.S. ჩეხოვის პიესის და სპექტაკლის სახელწოდება რუსულად ასე ჟღერს: «Безотцовщина» (თუმცა ზოგიერთ რეჟისორი სპექტაკლს „პლატონოვს“ არქმევს), ფესტივალის კატალოგში თარგმნილია - „მამის გარეშე“, ალბათ, „უმამობა“ უფრო სწორი თარგმანი იქნებოდა.
მაკა ვასაძე