თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორებისათვის, უცხოური პროგრამის შედგენისას, მთავარი მიზანია თანამდროვე მსოფლიო თეატრში მიმდინარე პროცესების, ფორმების, ჟანრების ასახვა. მხატვრულ-შინაარსობრივის გარდა, ფესტივალს სურს დაგვანახოს, რა ტექნოლოგიური სიახლეებით სარგებლობს დღეს თეატრი. წლევანდელი ფესტივალის სპექტაკლების პროგრამაც, ვფიქრობ ამ ნიშნით შეარჩიეს. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი კი, ირლანდიიდან „დედ ცენტრის“ მიერ წარმოდგენილი „ჩეხოვის პირველი პიესა“ გახლდათ.
ანტონ ჩეხოვის პიესები და პროზაული ნაწარმოებები, გამოქვეყნების დღიდან ხშირად იდგმება არა მარტო რუსეთში, არამედ მსოფლიო თეატრებში. ირლანდიელმა რეჟისორებმა ბუშ მუკარზელიმ და ბენ კიდმა ჩეხოვის მიერ 18 წლის ასაკში დაწერილი პიესიის ერთობ ორიგინალური და საინტერესო ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს. ეს ნაწარმოები მწერლისა და დრამატურგის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს. პიესას სატიტულო გვერდი აკლდა და ალბათ ამიტომაცაა, რომ დრამატურგიულ ნაწარმოებს რამდენიმე სათაური აქვს: „უმამობა“, „პლატონოვი“ და „უსათაურო პიესა“. ირლანდიელმა რეჟისორებმა თავიანთ სპექტაკლს „ჩეხოვის პირველი პიესა“ უწოდეს. ამ პიესაში მრავალი ის ხაზი თუ პრობლემაა ჩადებული, რომელიც ჩეხოვმა თავის შემდგომ დრამატურგიულ თუ პროზაულ ნაწარმოებეში მაღალ მხატვრულ დონეზე განავითარა.
საკმაოდ გრძელი პიესა მუკარზელიმ და კიდმა მაქსიმალურად შეკვეცეს, მრავალი პერსონაჟადიან, მხოლოდ მთავარი მოქმედი პირები დატოვეს, კონცეფციის ხაზგასასმელად ჩაამატეს ტექსტები და ციტატების სახით ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ნიმუშებიც გამოიყენეს, როგორც ტექსტობრივი ასე ვიზუალურიც. 70 წუთიან წარმოდგენაში უდიდესი დატვირთვა ენიჭება აუდიო მხარეს. ყურსასმენები, რომელებიც მაყურებელს მთელი სპეტქაკლის განმავლობაში უკეთია ერთ-ერთი უმთავრსეი კომპონენტია. ვინაიდან, სწორედ ის ხმები, ხმაურები, მუსიკა თუ რეჟისორ-წამყვანის ტექსტი უმნიშვნელოვანესია წარმოდგენის აღსაქმელად, გასაგებად თუ განწყობის შესაქმნელად. სპექტაკლის დასაწყისში მუკარზელი რეჟისორ-წამყვანი მიკროფონით ხელში გამოდის ავანსცენაზე და მაყურებელთან უშუალო კონტაქტს ამყარებს, გვიყვება თუ რატომ გადაწყვიტეს ამ ნაწარმოების დადგმა და როგორ უნდა ვუყუროთ სექტაკლს. მისი მონოლოგის ტონი ირონიულ-გროტესკულია და მთელი წარმოდგენაც სწორედ ამ ტონალობაში მიმდინარეობს. გროტესკი და ირონია გამოსჭვივის, როგორც პიესისადმი, ასევე მსახიობთა თამაშისა თუ ზოგადად დადგმისადმი დამოკიდებულებაში. უსახური, არარაობად ქცეული ადამიანები გამოსავალს ეძებენ, ისინი პლატონოვს როგორც იმედის ნაპერწკალს ისე ელიან, მაგრამ პლატონოვიც უსუსური, უფრო მეტიც უტყვი არსებაა, რომელსაც არა თუ მათთვის, საკუთარი თავისთვისაც არ შეუძლია გამოსავლის მიგნება. წარმოდგენის პირველი ნახევარი პლატონოვის მოლოდინია. საადგილმამულო სახლის ფასადი, რომელიც თანამედროვე სახლადაც შეიძლება აღვიქვათ, მის წინ არსებული ბაღი და თეთრსუფრა გადაფარებული მაგიდა, რომელზეც რა თქმა უნადა სამოვარი და ჩაის ჭიქებია მოთავსებული ენდრიუ ქსელენის დეკორაციის შემადგენელი ნაწილებია. რეჟისორებმა ყურთსასმენებიანი პლატონოვი მაყურებელთა დარბაზიდან აიყვანეს და მხატვრის მიერ შექმნილ სამყაროში „მოათავსეს“. მას არც ერთი სიტყვა არ მისცეს წარმოსათქმელად. რეჟისორთა კონცეფციით პლატონოვი არა მარტო სცენაზე მყოფი ყოველი პერსონაჟია, არამედ ჩვენც (მაყურებელი) უსახურ და უმოქმედო პლატონოვებად ვიქეცით.
ადამიანთა სულიერი სიცარიელის, არარობის დრამატულობას რეჟისორები ირონიული განწყობით გადმოსცემენ. ირონია იგრძნობა ყველაფერში: პიესისადმი, მსახიობთა თამაშისადმი, სპექტაკლისადმი, თავად ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაში. ამიტომაც მაყურებელი სცენაზე განვითარებულ მოვლენებს, სერიოზულ პრობლემებს ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე აღიქვამს. პატარ-პატარა მინიშნებებით დამდგმელები სხვასათან ერთად რუსულ ყოფა-ცხოვრებასაც „ამასხარავებენ“. მაგალითად ინგლისურ ფოლკლორს შეგისურულებთო და რუსულ სიმღერებს მღერიან, პლატონოვს „გამოსაჯანმრთელებლად“ გადასასხმელ სისტემას უყენებენ და მას წითელი ღვინით ავსებენ.
საზოგადოებაში სადაც ყველაფრის წარმმართველი ფულია და სადაც ბანკები ყველაზე „მნიშვნელოვანი“ ორგანიზაციებია, რა თქმა უნდა, სულიერებისათვის ადგილი აღარ რჩება. ადრე ადამიანებს შეეძლოთ სიყვარული და სიძულვილი, გრძნობებით აღვსილნი იყვნენ, ახლა კი ერთგვარ „სულიერ იმპოტენციას“ განიცდიან. ჩვენ ერთგვარ ფუტლიარებად ვიქეცით. ეს სამყარო კი უნდა დაინგრეს. რეჟისორებმა პლატონოვის სცენაზე გამოჩენამდე ფელინის ფილმიდან „ორკესტრის რეპეტიცია“ ვიზუალური ციტატა გამოიყენეს. დიდი რკინის ბურთით მოანგრიეს ვოინიცევების სახლის ნაწილი და შემდეგ ამ ბურთს ცეცხლიც წაუკიდეს. ჩვენს გარშემო სამყარო ნადგურდება. სცენაზე ასული უტყვი პლატონოვისაგან ყოველი პერსონაჟი ხსნას და გამოსავალს მოელის. მასთან უშუალო კონტაქტის დამყარებისას კი აღმოაჩენენ, რომ ეს ის პლატონოვი არ არის ვისაც ელიან.
ფინალში პლატონოვი ყველას მაგიდასთან მიიწვევს და რუსული „რულეტკის“ თამაშს შესთავაზებს. მუკარზელი სპექტაკლის დასაწყისში, სხვასთან ერთად, მაყურებელს პისტოლეტსაც უჩვენებს და ამბობს, რომ ჩეხოვის ცნობილი ფრაზააო, თუკი პირველ მოქმედებაში თოფი გამოჩნდა, მან ბოლოს უნდა გაისროლოსო. რჟისორები ფინალში „ამართლებენ“ ჩეხოვის ამ გამონათქვამს. თითოეული პერსონაჟი ატრიალებს ბარაბანს და ისვრის, ტყვია არც ერთხელ არ გავარდება და დგება პლატონოვის ჯერიც. აქ ისევ რეჟისორ-წამყვანი შემოდის, მაყურებელთა დარბაზიდან ასულ პლატონოვს ეუბნება ჯერ შენი ჯერი არ დამდგარაო. იკავებს მაგიდასთან მის ადგილს და პლატონოვად გარდაიქმნება, თავში იმიზნებს იარაღს და ტყვიაც გავარდება. წითელი ფარდა იხურება. რეჟისორ-წამყვანი პლატონოვი ავანსცენაზეა, ღიმილით მოგვმართავს „Hello“. ცარიელ, უსახურ, უსუსურ, ყოველგვარი გრძნობებისგან დაცლილ ადამიანებს თვითმკვლელობა დარჩენიათ გამოსავლად, ბოლო ფრაზა რომელსაც ამბობენ მწარე სიმართლეა, მაგრამ რეალობაა: „სიკვდილზე უფრო მძიემე სიცოცხლის გაგრძელებაა“.