მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში, ანა მარია ლანგმა და „ფეხშიშველა მუსიკოსებმა“ უნგრეთიდან (Barefooot Musicians Production), XX საუკუნის ლეგენდად ქცეული, „ტანგოს მეფედ“ წოდებული, არგენტინელი მუსიკოსის და კომპოზიტორის - ასტორ პიაცოლას  ოპერეტა - „მარია ბუენოს აირესიდან“ - წარმოადგინეს, სახელწოდებით „მარია დიდი ქალაქიდან“. ეს, საერთაშორისო პროგრამა “New”-ს ფარგლებში, რიგით მესამე სპექტაკლი გახლდათ.

ასტორ პიაცოლა - კომპოზიტორი, მომღერალი, მრავალი არანჟირების ავტორი, მუსიკოსი, ბანდონეონზე უბადლო შემსრულებელი, რომელმაც ტანგოს ჟანრი გაამდიდრა კლასიკური მუსიკისა და ჯაზის ელემენტებით,  ტანგოს ახალი სტილი - „ტანგო ნუევო“, შექმნა (Tango nuevo, თარგმანში - ახალი ტანგო). უამრავ ნაწარმოებთა შორის,  „მარია ბუენოს აირესიდან“ - მის მიერ, ოპერა - ტანგოს ჟანრში დაწერილი, ერთადერთი  ოპერეტაა, რომლის პრემიერა 1968 წ. ბუენოს აირესში შედგა (ლიბრეტო ორასიო ფერრერს ეკუთვნის). პირველი შემსრულებელი (შემდგომში პიაცოლას მეუღლე) ამელიტა ბალტარი იყო.

ჯგუფი „Barefooot Musicians“ გიტარისტმა კატალინ კოლტაიმ და მომღერალმა ევა ბოდროგიმ 2006 წ. დაარსეს, ნელ-ნელა მათ სხვა წევრებიც შეუერთდნენ. შემოქმედებითი ჯგუფი სხვადასხვა სტილის, ჟანრის თანამედროვე თუ კლასიკურ მუსიკას განსხვავებული ფორმით აწვდის მაყურებელს. მათ, პიაცოლას ცნობილი ოპერეტის ლიბრეტო (პიაცოლას წარმომადგენლებისაგან ნებართვის აღების შემდეგ), უნგრულ ენაზე  თარგმნეს, 2 მოქმედებიანი და 16 ეპიზოდიანი ნაწარმოები შეამოკლეს, ორკესტრის შესასრულებლად დაწერილი, კატლინ კოლტაიმ კვინტეტისთვის გადააკეთა. რეჟისორმა რონალდ რაბამ ოპერეტა პერფორმანსის სტილისტიკაში გადაწყვიტა. ფრუსინა ნაგის სცენოგრაფია კაბარეს ატმოსფეროს ქმნის:  ავანსცენაზე მუსიკოსებისთვის განლაგებული პიუპიტრები და სკამები, მათ შორის მრგვალი მაგიდა, რომელზეც ალკოჰოლური სასმელით სავსე ბოთლია მოთავსებული, მაგიდასთან სკამი დგას, ხოლო მის ზურგზე ბეწვის მოკლე ქურქია გადაკიდებული. მთავარ გმირს წითელი კაბა, შავი დახეული წინდები, და წითელი ფეხსაცმელები აცვია. უკანა სივრცე შავ ფერებშია გადაწყვეტილი, რომელსაც მთავარი პერსონაჟის მარიას შემსრულებელი - ანა მარია ლანგი, ფინალისკენ, ფაბულიდან გამომდინარე, ყვითელი ქაღალდებით შემოსავს.

პიაცოლას სიურეალისტური განწყობით გაჟღენთილ ოპერეტაში სიუჟეტის ძირითად ღერძი, დიდი ქალაქის ბინძურ რაიონში დაბადებული, ფიზიკური ნაკლის მქონე (ერთ მოკლე ფეხზე სამი თითი აქვს), სოციალური გარემოებებიდან გამომდინარე, მსუბუქი ყოფაქცევის ქალად ქცეული - მარიაა. უნგრელების სპექტაკლში, ქალაქი ბუენოს აირესი, დიდი ქალაქის ყველაზე ბინძურ, საზიზღარი სუნებით გაჟღენთილ უბნად გადაკეთდა (ბუენოს აირეს - სუფთა ჰაერს ნიშნავს). ანა მარია ლანგის პერსონაჟი - მარია - სიმღერით გვიყვება საკუთარ და ასევე თავისი უბნის, დრამატულ ისტორიას. ჟანრიდან გამომდინარე, დრამატული ისტორიები, გროტესკულად არის გადმოცემული. გროტესკი იმდენად მძაფრად არის პიაცოლას ოპერეტაში, რომ თავის დროზე, კათოლიკური ეკლესია და კლასიკური ტანგოს ე. წ. დამცველები, თავს დაესხნენ პიაცოლას და ტექსტის მკაცრ ცენზურას ითხოვდნენ. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან გროტესკი და ირონია უხვად არის, არაჩვეულებრივად ღრმა და საინტერესო, ტექსტში. მაგალითად, გასაგებია, რომ კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლები გაილაშქრებდნენ შემოქმედის წინააღმდეგ, რომლის ნაწარმოებშიც, მთავარი გმირი მღერის - „მარია - დაიბადა მაშინ, როდესაც ღმერთი მთვრალი იყო“, როდესაც მარია თავის ფიზიკურ ნაკლზე გვიამბობს. მუსიკა და არგენტინულ პოეზიაზე შექმნილი ტექსტი - ერთდროულადაა აღსავსე - ექსპრესიით, დრამატიზმით, ირონიით, იუმორით, ფანტაზიით, გროტესკით. ნაწარმოების ემოციური მუხტი, ძალიან მძაფრია და გადამდები.

ანა მარია ლანგი და მუსიკოსები: კატალინ კოლტაი, არონ დოზკი, ზლოსტ ბარტეკი, ზსანეტ სზაცკერი, კასბა ფერვაგნერი, ცვლილებების მიუხედვად, ცდილობენ არ დაკარგონ პიაცოლას ოპერეტის  მძაფრად დამუხტული ემოციური განწყობა. ნაწილობრივ, მათ, ეს, გამოუვიდათ კიდეც. მაგრამ, სცენოგრაფიულად კაბარეს სტილისტიკაში გადაწყვეტილი პერფორმანსი, ვფიქრობ უკეთესად გაჟღერდებოდა, კაბარეს მიმსგავსებულ სივრცეში რომ ეთამაშათ.

 

მაკა ვასაძე

 

© 2024 All Rights Reserved