„მაკბეტი“ მაია კლეჩევსკასაგან
@ ლაშა ჩხარტიშვილი


თანამედროვე პოლონელი რეჟისორი ქალი მაია კლეჩევსკა კარგა ხანია ცნობილია თეატრის მოყვარული საერთაშორისო საზოგადოებისთვის. მისი მიზანი მსოფლიო კლასიკური დრამატურგიის თანამედროვე სცენური ხერხებითა და მსოფლმხედველობით განხორციელება თანამედროვე პოლონური თეატრის სცენაზე. რეჟისორი ვარშავაში, იან კოხანოვსკის სახელობის თეატრ ოპოლეში მოღვაწეობს. ბოლო პერიოდში თეატრი ოპოლე ახალგაზრდა შემოქმედთა თავშეყრისა და დისკუსიების ადგილად იქცა. მაია კლეჩევსკას დადგმული სპექტაკლები, მისი სცენური ინტერპრეტაციები სითამამით გამოირჩევა და შესაბამისად, ისინი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ამიტომაც არის, რომ მისი სპექტაკლები პროფესიული განხილვების და დისკუსიის საგანი ხდება.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სულ რაღაც ხუთი წელია არსებობს. ამ მცირე დროში ფესტივალი უკვე ევროპის საფესტივალო ასოციაციის წევრი და ყველაზე მასშტაბური სათეატრო ფორუმია აღმოსავლეთ ევროპაში. მასშტაბურობას კი მსოფლიო თეატრალურ სამყაროში გამორჩეული, ზოგისთვის კი მიუწვდომელი სახელები განაპირობებენ, რომლებიც უკვე შეხვდნენ თბილისში მრავალრიცხოვან მაყურებელს: სტრელერი, კორშონოვასი, ნეკრეშუსი, ჟანტი, მალკოვიჩი, კლეჩევსკა - ის მწვერვალებია თანამედროვე სათეატრო სამყაროში, რომელთა სპექტაკლებზე ბუმი უკვე რამდენიმე ათეულ წელსაც კი აჭარბებს.

ოთხი წლის განმავლობაში  15 403-მა მაყურებელმა 65 სპექტაკლი ნახა მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან, ფესტივალის მხარდამჭერთა და პარტნიორთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და ფესტივალის მაყურებელტა არეალი კარგა ხანია გასცილდა ვიწრო სათეატრო წრეს. თუკი გასულ საუკუნეში თეატრებთან ცხენოსანი პოლიცია იდგა, ახლა ფესტივალის სპექტაკლების შემდეგ საპატროლო ეკიპაჟია მობილიზებული. ფესტივალის მომხმარებელთა რაოდენობას ვეღარ იტევს ჩვენი თეატრების დარბაზები.
გასულ წელს  ფესტივალის სავიზიტო ბარათად ოლეგ ტაბაკოვის სპექტაკლი „ზოგჯერ ბრძენიც კი შეცდება“ (რუსი ვარსკვლავის სერგეი ბეზრუკოვის მონაწილეობით) მოიაზრებოდა, რუსთაველის თეატრის 800 კაციანი დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლით, მაგრამ მეხის გავარდნას უდრიდა პოლონელი რეჟისორის მაია კლეჩევსკას სპექტაკლი „ღმერთების დაცემა“, რომელიც გასული წლის ფესტივალის არა მხოლოდ სავიზიტო ბარათად, არამედ საზოგადოებრივ მოვლენად იქცა. სპექტაკლი ამავე სახელწოდების ლუკინო ვისკონტის ცნობილი ფილმის თეატრალურ ვერსიას წარმოადგენს. სპექტაკლს პოლონეთში აზრთა სხვადასხვაობა მოყვა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კლეჩევსკამ კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმის სცენური ინტერპრეტაცია შექმნა, არამედ სპექტაკლში პრობლემების მწვავედ დასმის გამოც. როგორც მოსალოდნელი იყო, სპექტაკლმა  ქართველ მაყურებელშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. „ღმერთების დაცემის“ ქართულ პრემიერას ქართველი მაყურებლის გულმა ვეღარ გაუძლო და  ნაწილმა გრიბოედოვის თეატრის დარბაზი სპექტაკლის მიმდინარეობისას დატოვა, რისი მიზეზიც ძალადობრივი აქტების სცენაზე გაშიშვლებულად ჩვენება იყო. თეატრი და რეალობა ერთმანეთში აირია, წაიშალა ყოველგვარი გეოგრაფიული საზღვარი. არსებული რეალობით დათრგუნული მაყურებელი „ღმერთების დაცემამ“ კიდევ უფრო დასცა და დაანარცხა მიწაზე.

სპექტაკლში დასმულია ის საკითხები, რომელიც მუდამ აღელვებს ყველა დროის და ერის მაყურებელს: რა იწვევს ძალადობას, როგორი დასასრული აქვს მას, სად იწყება ადამიანის შინაგანი თავისუფლება, როგორ და რა მიზეზებით ილახება ადამიანის პიროვნული ღირსება? ამ კითხვებს სვამს და პასუხს სცემს კიდევ მაია კლეჩევსკა დრამატურგიული ტექსტის მისეული გააზრებით...  ლიდერთა, თუ „ძლიერთა  ამა ქვეყნისათას“ მთავარ პრობლემას კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მათში ღმად ჩაბუდებულ-გაბატონებული ნარციციზმია, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ყოველთვის. საკუთარი თავით ტრფობის პრობლემა ქართულ თანამედროვეობაშიც დგას.
არა! - ძალადობას, უზნეობას, ადამიანზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას - ეს კლეჩევსკას სპექტაკლის მთავარი სლოგანია. სპექტაკლში ნაჩვენებია რა შედეგები მოაქვს გათავხედებულ და გადიდგულებულ ადამიანებს, მათში გაბატონებულ ძალაუფლების გრძნობას. როგორ ებრძვის ის პიროვნულ ინდივიდუალიზმს და ადამიანის აზრის გამოხატვის თავისუფლებას, როგორ ცდილობს ძალაუფლების მფლობელებმა ბოლომდე იბატონოს ადამიანზე, მოახდინოს მასზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა და ბოლომდე მართოს ის. რეჟისორი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ მოძალადის ფსიქიკა დარღვეული და დანგრეულია. ძალაუფლება თესავს შიშს და ის კატასტროფულ გარყვნილებაში გადადის... ძალაუფლების უკიდურესი აღზევება ბადებს ძალმომრეობას, თესავს შიშს საზოგადოებაში და გზას უხსნის ყოველგვარ უზნეობას. ასე მოხდა სცენაზე, ასე ხდება ჩვენს რეალურ თანამედროვეობაშიც... ამიტომაც, გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გაღმერთებული ადამიანები ეცემოდნენ, ქალაქში კი მათი რეალური პროტოტიპები...
სპექტაკლის პირველივე ეპიზოდიდანვე იწყება დისკუსია თემებზე- კაცობრიობა, ძალაუფლება, ოჯახი და ის მექანიზმები, რამაც განაპირობა თითოუელი გმირის ქმედებები. ადამიანში ღმად ჩაბუდებულ-გაბატონებული ნარციციზმი დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ყოველთვის. ლიდერთა, თუ „ძლიერთა  ამა ქვეყნისათას“ მთავარ პრობლემას კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სწორედ საკუთარი თავით ტრფობა წარმოადგენდა. ეს პრობლემა ჩვენს თანამედროვეობაშიც დგას. სამწუხაროდ, მასხარა, კარის კეთილი კრიტიკოსი ამ სივრცეში არ ჩანს.


კლეჩევსკას მსახიობები ხმისგამაძლიერებლების თანხლებით გვესაუბრებიან სცენიდან, მონუმენტური და განტვირთული სივრცე, რომელშიც მსახიობები გეომეტრიული ჰარმონიითაა განლაგებული პარტერში კინოთეატრის ეფექტს აღწევს. შთაბეჭდილება იქმენება, რომ ფილმს უყურებ. კლეჩევსკა არც ცდილობს ვისკონტის ფილმის ახლებური ინტერპრეტაციის შექმნას, ის ფილმის თეატრალურ ვერსიას გვთავაზობს. ამიტომაც კინოს ხერხები და ეფექტები კიდევ უფრო აახლოებს მას ვისკონტის ფილმთან, ამას მოწმობს რეალისტური თამაში მანერა და ნატურალიზმამდე დასული ძალადობის ამსახველი მიზანსცენები.

კლეჩევსკას სპექტაკლი თავისი მასშტაბით დრამატული ოპერაა, რომელიც გაჯერებულია ლამაზი და მასიური სცენებით. დაუვიწყარი შთაბეჭდილება, რომელიც მაია კლეჩევსკამ ქართველ მაყურებელზე დატოვა დღემდე არ განელებულა. სწორედ ამიტომ, ფესტივალის ორგანიზატორები მორიგ სიურპირზს უმზადებენ ფართო აუდიტორიას. მაია კლეჩევსკა სექტემბერში სპექტაკლით „მაკბეტი“ წარსდგება მაყურებლის წინაშე. 
ვერავინ შეძლებდა შექსპირზე უკეთ, ასეთი სენსიტიურობით  ეჩვენებინა სამყარო. დრო და ეპოქა იცვლება, მაგრამ ადამიანთა სურვილები, ვნებები და ოცნებები უცვლელი რჩება. მაია კლეჩევსკამ ჩვენი თანამედროვე ეპოქა თავისი დაუნდობლობითა და სიშმაგით, შექსპირის ტექსტში აღმოაჩინა. მეფე დუნკანი პრუჟკოვისა და ვოლომინის შორიახლოსაა, მაკბეტისა და ლედი მაკბეტის არ შემდგარი ქორწინება. წარმოდგენილი სამყარო ძალიან ახლოსაა ლინჩისა და ალმადოვარის ფილმებში ასახულ რეალობასთან.
კლეჩევსკა შეკითხვას სვამს: როგორ იბადება ბოროტება? ვინ არის მასზე პასუხისმგებელი? როგორ შეგვიძლია ჩვენი ბედისწერის წარმართვა და თავად ბედისწერა როგორ გვმართავს?
თბილისის საერთაშორისო ფესტივალი მხოლოდ კრიტიკოსებისთვის  არ იმართება, მან ფართო საზოგადოება უნდა მოიცვას და სხვადასხვა გემოვნების მაყურებლის მოთხოვნილებაც უნდა დააკმაყოფილოს. სწორედ ამიტომ, ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობენ პროგრამა მრავალფეროვანი იყოს, რომელშიც გაერთიანებული იქნება სხვადასხვა ფორმების, სტილისტიკის, ჟანრის, მსოფლმეხდევლობის თეატრალური ნაწარმოებები. ამ სპექტაკლებს ამდენი განსხვავებულობისა და სიჭრელის გათვალისიწნებით მხოლოდ ერთი რამ - მაღალი მხატვრული ხარისხი აერთიანებთ.

http://lashachkhartishvili.blogspot.com/2013/10/blog-post.html

© 2024 All Rights Reserved