გაცრუებული მოლოდინი

ოქტომბრის პირველ დღეს (01.10.2016), საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, თბილისელი მაყურებლისთვის უკვე ცნობილი და საყვარელი თეატრის „შაუბიუნე“ (Schaubühne - სიტყვასიტყვით თარგმანში - საყურებელი სცენა, თეატრი) სპექტაკლი - „მარია ბრაუნის ქორწინება“ - შემოგვთავაზა. წარმოდგენა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო რეჟისორმა, „შაუბიუნეს“ ამჟამინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, ტომას ოსტერმაიერმა დადგა. 2015-ში, ჩვენ „ცოცხლად“ ვიხილეთ, ოსტერმაიერის დადგმული იბსენის „ხალხის მტერი“, მისი შემოქმედების ერთ-ერთი შედევრი.

პოსტპოსტმოდერნულ თეატრში ხშირია ცნობილი კინოფილმების სასცენო ვერსიების შექმნა. მაგალითად, 2012 წ. თბილისელმა მაყურებელმა ამავე ფესტივალის ფარგლებში, პოლონელი რეჟისორის მაია კლეჩევსკას ინტერპრეტირებული ლუკინო ვისკონტის „ღმერთების დაცემა“ იხილა. გასულ თეატრალურ სეზონზე, საქართველოში ავთო ვარსიმაშვილიმა („ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“) და გიორგი სიხარულიძემ („ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“) შემოგვთავაზეს კინოკლასიკად ქცეული ფილმების მათეული ხედვა სცენაზე. ტრადიციისამებრ, პიესების შერჩევისას, „შაუბიუნეს“ ერთ-ერთი მთავარი მოტივი, სოციალურ-პოლიტიკური ასპექტია, მთავარი მიზანი კი, რეალობის კრიტიკული გააზრებაა. ამ შემთხვევაში, ოსტერმაიერმა კინოკლასიკად ქცეული, მეოცე საუკუნის, 70-80-იანი წლების, გერმანული კინოს ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის,  რაინერ ვერნერ ფასბინდერის (Rainer Werner Fassbinder) ტრილოგიის პირველი ნაწილი - „მარია ბრაუნის ქორწინება“ - აიღო სპექტაკლის საფუძვლად. ფილმში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, 1950-იანი წლების, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებაა ასახული. ყველაფრის და ყოველივეს გამანადგურებელი ომი, ადამიანის მოგონილი ომის შედეგი, ადამიანის დეგრადირების პროცესი, ომგამოვლილი ადამიანის - ბედი, ცხოვრება, არსებობა, სულიერ-ინტელექტუალური მდგომარეობა, ადამიანის ჭრილში გადაწყვეტილი სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები - ფასბინდერის ფილმის კონცეფციაა.

ვფიქრობ, სათეატრო რეჟისორისთვის, სწორედ ეს იყო მთავარი იმპულსი ფასბინდერის კინონაწარმოების სასცენო ვერსიის შესაქმნელად და, ალბათ,  ის  ფაქტიც, რომ ფასბინდერი პიტერ შტაინის მოწაფე და ბრეხტის თეატრის თაყვანისმცემელი იყო. 1966-67 წლებში  ბერლინის კინოაკადემიაში მოხვედრის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ, მან პეერ რაბენთან (კომპოზიტორი), კურტ რააბთან (მსახიობი) და ირმ ჰერმანთან (მსახიობი) ერთად ჩამოაყალიბა სტუდიური ტიპის ჯგუფი „ანტითეატრი“ (Antiteater).  შემდგომ, გერმანელი ახალგაზრდა რეჟისორი-თანამოაზრეები ქმნიან ე. წ. „ობერჰაუზენის მანიფესტს“ (შთაგონებული  ფრანგული კინომიმდინარეობით  „ახალი ტალღა“).  სწორედ ეს მანიფესტი დაედო საფუძვლად, მიმდინარეობას „ახალი გერმანული კინო“  (Neuer Deutscher Film), რომლის წარმომადგენლებიც არიან: რაინერ ვერნერ ფასბინდერი, ვერნერ ჰერცოგი (Werner Herzog), ალექსანდერ კლუგე (Alexander Kluge) ჰარუნ ფაროკი (Harun Farocki), ფოლკერ  შლიონდორფი (Volker Schlöndorff), ჰელმა სანდერს-ბრამსი (Helma Sanders-Brahms), ჰანს-იურგენ  ზიბერბერგი (Hans-Jürgen Syberberg), მარგარეტ ფონ ტროტა  (Margarethe von Trotta) და ვიმ ვენდერსი (Wim Wenders).

თომას ოსტერმაიერის რეჟისურისათვის დამახასიათებელია ლიტერატურული, დრამატურგიული ტექსტის  გადამონტაჟება, გათანამედროვეობა, სასცენო ტექსტის შექმნა. ეს ეხება, როგორც კლასიკოს ავტორებს, ასევე, თანამედროვე, დღეს მოღვაწე დრამატურგებს. ასევე მოიქცა რეჟისორი ფასბინდერის ფილმის სასცენო ვერსიის შექმნის დროსაც. „შაუბიუნეს“ საიტის ინგლისურენოვან გვერდზე ვკითხულობთ: ფასბინდერის ფილმის მიხედვით (After the film by: Rainer Werner Fassbinder). ეს არის 2008 წ. მიუნჰენის თეატრ „კამერშპილეში“ (Kammerspiele) დადგმული, 2009 წ. „შაუბიუნეში“ გადმოტანილი და 2014 წ. განახლებული სპექტაკლი.

რატომ დადგა ოსტერმაიერმა არადრამატურგიულ მასალაზე აგებული სპექტაკლი? 2008 წ. ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ თავიდან სცენარი წაიკითხა და მერე ნახა. ამ ინტერვიუში ოსტერმაიერს სურს დაგვარწმუნოს, რომ სპექტაკლს ფილმთან არაფერი საერთო არა აქვს, რომ მას აინტერესებდა მხოლოდ გამორჩეული მომენტები, რომ ამ სპექტაკლმა გააგრძელა, მის მიერ მანამდე შექმნილი ქალთა ხატები: ნორა, ჰედა გაბლერი, ახლა, კი მარია ბრაუნი. სინამდვილეში სპექტაკლსა და ფილმს შორის ძალიან ბევრი საერთოა. პირადად მე მიმაჩნია, რომ კონცეფციებიც კი ემთხვევა. ოსტერმაიერმა ფილმის მხოლოდ სცენური ვერსია შექმნა და სხვადასხვა მინიშნებებით, ასე ვთქვათ გაათანამედროვა პერსონაჟთა ხასიათები. ალბათ, ფასბინდერის ფილმმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, და როგორც, შემოქმედმა, გადაწყვიტა საკუთარი ემოციები და ფიქრები, თეატრალური, პირობითი ხერხებით, სხვებისთვის - მაყურებლისთვისაც გაენდო.

აღსანიშნავია სპექტაკლის სცენოგრაფია. ნინა ვეტცელი რეჟისორთან ერთად - დეტალებით, მინიშნებებით, განათებით, ძუნწად გამოყენებული რეკვიზიტით: სავარძლები, ე. წ. „ჟურნალის მაგიდები“, სანათები და რაც მთავარია ჭაღები - ქმნიან მთლიანობაში სპექტაკლის და ასევე, ამა თუ იმ, ეპიზოდის გარემოსა თუ განწყობას.  თუმცა, რეჟისორის  ჩართული ვიდეოკადრები: დასაწყისში კულტისადმი უაზრო თაყვანისცემის გამომხატველი, შემდეგ ომით გამოწვეული ნგრევის, მარია ბრაუნის ცხოვრების გზის ამსახველი და ა. შ. აგრეთვე, ე. წ. „ლაივები“ ძალიან მოძველებულ ხერხად მეჩვენება. (ჩვენთანაც ხშირად იყენებენ ვიდეოკადრებსა თუ ე. წ. „ლაივებს“, როდესაც თეატრში უკვე უახლესი ტექნიკა: ჰოლოგრამები, 3D გამოსახულებები და გამოიყენება). გარდა ამისა, ოსტერმაიერი, ზუსტად მისდევს ფასბინდერის ფილმის ამბავს, დიალოგებსაც კი. უბრალოდ, სათეატრო რეჟისორმა, სპექტაკლში მონაწილე 5 მსახიობს რამდენიმე როლი განასახიერებინა. მხოლოდ მარია ბრაუნი, ფილმისა და სპექტაკლის მთავარი გმირი, ათამაშა ერთ მსახიობს, ამ შემთხვევაში - ურსინა ლარდის.

აღსანიშნავია, „შაუბიუნეს“ მსახიობთა მაღალი პროფესიონალიზმი. ისინი გაოცებენ სამსახიობო ტექნიკის ფლობით. აღარ ჩამოვთვლი, ვის და რამდენ პერსონაჟს ანსახიერებენ მსახიობები: რობერტ ბაიერი, თომას ბადინგი, სებასტიან შვარცი, მორიც გოტვალდი. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რეჟისორმა მარია ბრაუნის გარდა, ყველა დანარჩენი გმირი, მამაკაც მსახიობებს განასახიერებინა. ამით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მისი სპექტაკლის მთავარი გმირი - ქალია, რომ მისეული სარეჟისორო ინტერპრეტაცია და კონცეფცია, ცხოვრებაში ქალის როლის  გამოვლენაა. „შაუბიუნეს“ მსახიობები მაყურებლის თვალწინ - ფიზიკური მოძრაობით, პლასტიკით, ჟესტიკულაციით, მიმიკით, ხმის ტემბრით, ტიპური, დამახასიათებელი მეტყველებით, კოსტიუმებით თუ პარიკის მინიმალური ცვალებადობით - ქმნიან ამა თუ იმ პერსონაჟს. და, მაინც, გამოვყოფ რობერტ ბაიერს: დედა, ექიმი, მოსამართლე, ადვოკატი, ოფიციანტი, ზენკენბერგის ერთ-ერთი მცველი.

ფილმი იწყება მეორე მსოფლიო ომის ბოლო პერიოდის და ორად გაყოფილი გერმანიის დასავლეთ ნაწილის აღდგენის კადრებით. მარია ბრაუნს, ფასბინდერის ამ ფილმში, ჰანნა შიგულა ანსახიერებს. ჰანნა შიგულამ მარიას ხატებაში განაზოგადა ქალი, როგორც ასეთი. ქალი შეყვარებული, ქალი მეოცნებე, ქალი დედა, ქალი მზრუნველი, ქალი ძლიერი, ქალი - ყოვლისშემძლე, ქალი - სულიერადაც და ინტელექტითაც, მამაკაცის თანასწორი, ალბათ, უფრო ძლიერიც. ფასბინდერისა და შიგულას მარია ბრაუნმა ერთნაირად აღაფრთოვანა ყველა. ზოგიერთი მასში ფერფლიდან აღმდგარი გერმანიის მეტაფორას ხედავდა. ფემინისტები - ქალზე ტრადიციული შეხედულების „გამრღვევ“ გმირად მიიჩნევდნენ.

ოსტერმაიერისა და ურსინა ლარდის მარია ბრაუნმა უფრო ლამაზი „თოჯინა“ მომაგონა, რომელიც მიზნის მისაღწევად ქალურ „მაცდურობას“ იყენებს. შეიძლება რეჟისორზე თანამედროვეობამ იქონია გავლენა, ასე ვთქვათ, მან გაათანამედროვა მარიას პერსონაჟი.  პირადად მე, ფასბინდერისა და ჰანნა შიგულას ძლიერი მარია უფრო მომწონს. ოსტერმაიერის დადგმა, ფილმისგან განსხვავებით, გამოშიგნულია განცდებისა და ემოციებისგან.

ფასბინდერის ფინალი მაყურებლის ინტერპრეტირებაზეა მინდობილი. ანუ, გარკვეულ პასუხს არ იძლევა, კითხვის ნიშანს ტოვებს. მაყურებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, კაცთა მოდგმაზე იმედგაცრუებულმა მარიამ თვითონ ააფეთქა სახლი, თუ ეს შემთხვევით მოხდა. ოსტერმაიერმა ძალიან პირდაპირი ფინალი გააკეთა. იმედგაცრუებული მარია, სავარძელში ჩაეშვება და სიგარეტს უკიდებს. ფილმშიც და სპექტაკლშიც რადიოში ფეხბურთის ჩემპიონატის ტრანსილაციაა, გერმანია იმარჯვებს და ისმის გახარებული კომენტატორის ხმა: „გერმანიამ გაიმარჯვა!“. დადგმაში, მარიას პრიალა კაბას სიგარეტის ნამწვი დაეცემა, იგი არ ცდილობს ჩაქრობას.  კაბა ადვილად აალდება და აფეთქების ხმაც გაისმა. ეს მაყურებლს რეჟისორმა ისევ ეკრანის საშუალებით მიაწოდა.

კიდევ ბევრის დაწერა მინდოდა, მაგრამ ბლოგი ყველაფერს ვერ დაიტევს. ოსტერმაიერის „მარია ბრაუნის ქორწინება“, სათეატრო ხელოვნების დაუფლების მსურველთათვის, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ რა არის წმინდად გერმანული ბრეხტის თეატრი. რას ნიშნავს კარგი რეჟისურა, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მსახიობი და ა. შ. ოსტერმაიერი, რომ თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი სათეატრო რეჟისორია, ამას მტკიცება არ სჭირდება. უბრალოდ, პირადად მე, შარშანდელი „ხალხის მტერის“ შემდეგ, დიდი მოლოდინი მქონდა, რომ ვნახავდი კიდევ ერთ შედევრს. მოლოდინი, სამწუხაროდ გამიქარწყლდა. განვმეორდები, ეს ძალიან კარგი სპექტაკლია, მაგრამ არა შედევრი.

და, ბოლოს, „მარია ბრაუნის ქორწინება“ „შაუბიუნეს“ რეპერტუარში აღარ ზის, ის ე. წ. გასვლით სპექტაკლად აქვთ დატოვებული (მაგალითად, ფესტივალებზე). გარდა ამისა, რუსთაველის თეატრის სცენა ძალიან ღრმაა, დარბაზი კი დიდი. ვფიქრობ, ეს უფრო კამერული სივრცისათვის შექმნილი წარმოდგენაა და, ალბათ, თუნდაც მარჯანიშვილის თეატრში, რომ ეთამაშათ, ბევრად უკეთესი და მომგებიანი იქნებოდა.

მაკა ვასაძე

 

                                                                                                                                              

 

 

 

 

© 2024 All Rights Reserved