მაყურებელთა დარბაზში შესვლისას სიბნელეა, ხელების ცეცებით და ფანრით ეძებ საკუთარ ადგილს, მხოლოდ სცენაზე მდგარი მაგიდის ნათურა ანთია. ადგილის ძიებაში გადააწყდები თმააბურძგნულ, ჩამოძენძილ ტანსაცმელში გამოწყობილ მოხუცს, ატყობ რომ იგი ნაბახუსევია. შენს სკამზე მოკალათებული ელოდები სპექტაკლის დაწყებას. მერე ხვდები, რომ წარმოდგენა დარბაზში შემოსვლისას უკვე დაწყებულია. ისმის მუსიკა, უფრო სწორად მუსიკალური ინსტრუმენტებით შექმნილი ხმაური... ოსკარ კორშუნოვასის ლიტვის „ოკტ“ თატრში დადგმული სამუელ ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“ ერთი საათის განმავლობაში მხოლოდ ამ ერთი სამაგიდო ნათურით განათბულ სივრცეში თამაშდება.
მსახიობი იოზას ბუდრაიტისის კრეპი გამოუვალ, დეპრესიაში მყოფ მოხუცს განასახიერებს. დასაწყისში იგი გვერდზე მჯომ მაყურებელთან შედის კონტაქტში, რაღაცას ბუდღუნებს. საყვარელი ბანანის მირთმევის შემდეგ ქერქს მაყურებლისკენ ისვრის. მსახიობი სიამოვნებით, ნეტარების შეგრძნებით ჭამს ბანანებს. შემდეგ სასმელსაც დააყოლებს, ბარბაცით, ყმუილის მსგავსი ხმების გამოცემით მიდის მაგიდისკენ, ჯდება და ფირსაკრავს ჩართავს. მას ფირზე აქვს ჩაწერილი მთელი თვისი ცხოვრება. ყუთი #3 ფირი #5. იხსენებს დედას, მამას, შეყვარებულს... თვალზე ცრემლი ადგება... - სიბნელით გარშემორტყმული მარტოობას ვგრძნობ - აღმოხდება ბუდრაიტისის კრეპს.
დარბაზასა და სცენაზე არსებული სიბნელე კრეპის სულიერ მდგომარეობას ასახავს. მის ცხოვრებაში ნათელს ადგილი აღარ ააქვს. თუმცა, ნათელი მომენტები არსებობდა, მაგრამ მან ისე იცხოვრა, რომ ეს ნათელი გაქრა, დარჩა მხოლოდ სიბნელე და აჩრდილები. კრეპი ადგება და იწყებს მოძრაობას, თითქოს, ამ უხილავ აჩრდილებს ეცეკვება. კრეპმა მთელი ცხოვრება ისე განვლო, რომ არაფერი ღირებული არ შეუქმნია, იგი სულ მუდამ წარსულის გახსენებაშია, ცდილობს რაიმე კარგი აღმოაჩინოს, მაგრამ უშედეგოდ. მან თავად მიიყვანა საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე, ვერავის დააბრალებს. მხოლოდ წარსულით ცხოვრობს, აწმყო და მომავალი ბნელით მოცულია. იწყებს ფირზე ჩაწერას. - ამ წუთს იმ სულელ ნაბიჭვარს ვუსმენდი 30 წლის წინ რომ ვიყავი, ამბობს სინანულით...
ამ ადამიანის სულში სიბნელესა და სიჩუმეს დაუსადგურებია. რეჟისორმა სცენასა და დარბაზში გამეფებული სიბნელით მაყურებელს უფრო მძაფრად განაცდევინა კრეპის სულიერი მდგომარეობა... - არასდროს მომისმენია ასეთი სიჩუმე, თითქოს დედამიწაზე არავინ ცხოვრობს. ეს, სპექტაკლში წარმოთქმული მისი ბოლო სიტყვებია. მას არავინ და აღარაფერი შერჩენია დედამიწისის ზურგზე.
მაკა ვასაძე