სანახაობა, რომელიც არასდროს დამაწყდება, ეს იყო პირველი, რაც ტაივანის ცეკვის თეატრის „ღრუბლების კარიბჭე“ სპექტაკლის „მოხეტიალეთა სიმღერები“, დასრულების შემდეგ გავიფიქრე. საათნახევრიანი წარმოდგენა ყოველგვარი დეკორაციის გარეშე, სცენაზე მხოლოდ განუსაზღვრელი რაოდენობის ყვითელი ბრინჯია. ზანზალაკებიანი გრძელი ჯოხები და რამდენიმე მწვანე რტო კი მოცეკვავეთა დამხმარე ატრიბუტიკას წარმოადგენს. ანსამბლ „რუსთავის“ მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები და დახვეწილი, გემოვნებით შექმნილი, მოყვითალო, მოვარდისფრო და თეთრ ტონებში გადაწყვეტილი განათება მაყურებელს ეხმარება, ქორეოგრაფ ლინ ჰვაი-მინის მიერ შემოთავაზებულ, მედიტაციაში ჩასართველად.
სპექტაკლის დაწყებამდე დარბაზში შესულ მაყურებელს ჩაესმის ძალიან ჩუმი, დაბალ რეგისტრებში შესრულებული, მონოტონური ხმა. ფარდის გახსნის შემდეგ კი მის თვალწინ ულამაზესი სანახაობა იშლება. სცენის მარცხენა ნაწილში საათნახევრის განმავლობაში გაუნძრევლად დგას ბერი და თავზე ბრინჯის განუწყვეტელი ნაკადი ეყრება. განათების მეშვეობით ბრინჯის „წვიმის“ ასოციაცია იქმნება. ხმაც წყლის წვეთების ხმაურს მოგაგონებთ.
სანახაობა, რომელიც მაყურებლის თვალწინ იშლება, შეიძლება, სწორედ ამ ბუდისტი ბერის ხილვებად იქნას მიჩნეული. მოცეკვავეთა პლასტიკა ნატიფი და დახვეწილია. ერთმანეთშია გდახლართული რბილი, ნაზი და ტეხილი, მკვეთრი მოძრაობები. რიტმი ნელი, მაგრამ საოცრად ექსპრესიულია. ადამიანის მიერ სამყაროს შეცნობა, ჭვრეტა და საკუთარი თავის, ადგილის ძიება ანსამბლ რუსთავის მიერ ცოცხლად შესრულებულ 12 ქართულ ხალხურ სიმღერაზეა აგებული. ქორეოგრაფიული ნახაზები, ცეკვები, პირობითად 12 ეპიზოდად არის დაყოფილი და ადამიანის ცხოვრების გზას მოგვაგონებს. არის საოცრად მომნუსხველი მომენტები, როდესაც ქმედება მუსიკალური თანხლების გარეშე მიმდინარეობს.
დამდგმელისა და ქორეოგრაფის ჩანაფიქრით ოქროსფერი ბრინჯი ქმედითი სახეა ცხოვრების მდინარებისა. სხვადასხვა ეპიზოდში, მას სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა ენიჭება. მაგალითად, ერთ-ერთ ეპიზოდში, რომელსაც შეიძლება „დაბადება“ ვუწოდოთ, სცენის მარჯვენა, უკანა ნაწილში უცბად ჩამოიყრება ბრინჯის გორა, რომლიდანაც ადამიანი „იბადება“. სპექტაკლის კულმინაციურ და ფინალურ ეპიზოდში კი ბრინჯის მეშვეობით ულამაზესი სანახაობა იქმნება. „ჩაკრულოს“ ფონზე „ჩამოვარდნილი“ ბრინჯის ფარდა სულისშემკვრელ სანახაობას ქმნის. ფინალში კი ნელი, მონოტონური მოძრაობით სცენაზე მარტოდ დარჩენილი მოცეკვავე, ოქროსფერი ბრინჯისგან ხაზავს წრეებს. საბოლოოდ სცენაზე ეუამრავი წრე იქმნება. ადამიანის ცხოვრებაც ხომ ერთგვარი წრებრუნვაა.
@მაკა ვასაძე