ასოციაციები „პერეგრინუსისა“ და „წყლად გადაიქეცის“ მოტივებზე
26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ძირითად პროგრამაში ორი სპექტაკლი იყო გამოცხადებული. ქუჩის წარმოდგენა „პერეგრინუსი“ (პოლონეთი, თეატრი KTO) და თბილისელი მაყურებლისათვის, უკვე ცნობილი „კარი ჰოას პროდაქშენზ“- (ნორვეგია, ოსლო) დადგმა „წყლად გადაიქეცი“. ორივე, არავერბალური თეატრის, მაგრამ სხვადასხვა მიმდინარეობის, ჟანრისა თუ ფორმის, ქუჩის თეატრისა და ფიზიკური, მოძრაობის თეატრის, ძალიან საინტერესო სანახაობაა. ორივე, ადმიანისა და ბუნების, პიროვნებისა და საზოგადოების, ადამიანის გრძნობებსა თუ ფიქრებზე, სიყვარულსა თუ სიძულვილზე მოგვითხრობს.
მივყვეთ ჩვენებების თანმიმდევრობას. იერჟი ზონის „პერეგრინუსი“ თბილისის მერიის მიერ არაჩვეულებრივად რესტავრირებულ, ულამაზეს „ვორონცოვის“ უბანში გაიმართა. პროგრამაში, მითითებულია კიდეც, წარმოდგენის გამართვის ადგილი - „ახალი ტფილისი“ (აღმაშენებლის გამზირი) J.
ერჟი ზონის (მსახიობი და რეჟისორი) თავდაპირველი პროფესია ლიტერატურათმცოდნეობაა. 1970-იანი წლებიდან, კრაკოვის თეატრებში - STU და Groteska, იწყებს სამსახიობო მოღვაწეობას, ხოლო 1979 წელს კი სტუდიური ხასიათის სათეატრო კომპანიას - KTO - აარსებს. პირველი სტუდიელები მისივე სტუდენტები იყვნენ, ვისთანაც მანამდე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, იგი იწყებს რეჟისორობას და ასევე, კომპანიის მართვას. KTO – ღია ცის ქვეშ თეატრის მიმართულებისაა. დაარსებიდან დღემდე, კომპანიას მოვლილი აქვს: 5 კონტინენტზე 40 ქვეყანა, 250-ზე მეტი ქალაქი. და, აი, ახლა, ისინი ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მშობლიურ თბილისში გვეწვიენ და საოცარი სანახაობა შემოგვთავაზეს. ერთდროულად, აღგაფრთოვანებს მათი პროფესიონალიზმი და სევდას იწვევს, თომას ელიოტის ლექსებისგან ინსპირირებული დადგმა, რომელიც დაგაფიქრებს და კათარზისსაც განგაცდევინებს... ტყილუბრალოდ არ ვახსენე, რომ იერჟი ზონის თავდაპირველი პროფესია ლიტერატურათმცოდნეობაა. იგი ზედმიწევნით კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურას და მისი დადგმების უმეტესობა, სწორედ, ამა თუ იმ, დიდი მწერლის ნაწარმოებითაა ნასაზრდოები. მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ: სერვანტესი, მარკესი, ჰუგო კლაუსი, ჟოზე სარამაგო, ემილ ზეგადლოვიჩი, რეი ბრედბერი, ბოგდან რუდნიცკი, იულიუს სლოვაცკი...
ზონის ქუჩის წარმოდგენებს, რეჟისორის გონებაში, ლიტერატურული ნაწარმოებებიდან აღძრულ, ასოციაციურ ხატებებს დავარქმევდი. ვფიქრობ, მისი სპექტაკლების ფორმასა თუ შინაარს, სწორედ ლიტერატურული პირველწყარო საზღვრავს. ყოველშემთხვევაში, ის რაც თბილისელმა მაყურებელმა იხილა, ამის ნათელი დადასტურებაა. „პერეგრინუსი“ თომას ელიოტის პოეზიის განსხეულებული ხატე-სახეებია: „სულ მთლად გამოფიტულები, ჩვენ ვართ კაცის ფიტულები. თავებს ბზით გამოტენილებს, ვაკანტურებთ მოწყენილებს. უგუნურად მოუბარნი ხმის გარეშე დავრჩენილვართ. ვაი! მხოლოდ ერთმანეთთან საჩურჩულოდ გავჩენილვართ“... რეჟისორი წარმოდგენას შუშის ვიტრინის მიღმა იწყებს და იქვე ასრულებს. 21-ე საუკუნის ადამიანები, ხომ მანეკენ-რობოტებად ვიქეცით. ინტერნეტ ეპოქაში, მართულ, უსულო არსებებად გარდავიქმენით. სახელწოდება „პერეგრინუსი“ შემთხვევით არ შეურჩევია რეჟისორს. სიტყვა - პერეგრინი - ლათინური წარმოშობისაა -ˈpɛrɪɡrɪn- ნიშნავს: უცნობს, უცხოელს, მოგზაურს, პილიგრიმს. დღეს, ამ სიტყვის სემიოტიკა ციფრულსაც მოიცავს (პერეგრინუსი - ციფრული). მსახიობები მაყურებლის თვალწინ ვიტრინის მიღმა იმოსებიან ერთნაირ, უსახო მონაცრისფრო კოსტიუმებში, თავზე უზარმაზარ თავის მსგავს ნიღბებს ჩამოიცვამენ (ნიღბების მხატვარი - იოანა იასკო-სროკა), ხელში ვერცხლისფერ დიდ, ბორბლებიან „კეისებს“ იჭერენ და იწყებენ მოგზაურობას. სწორედ, ამის თქმა სურდა რეჟისორს: 21-ე საუკუნის ადამიანი, გადიდებული თავით, შუბლზე ნაოჭებით, დაპატარავებული ტანით - მართულ, უსულო რობოტოტად, კუდის მოქიცინე „ფინიებად“, ცხვრებად, ძროხებად - უსულგულო არსებებად ვქცეულვართ. გრძნობები და ემოციები საერთოდ გაგვიქრა. ვეღარ განვიცდით: სიყვარულს, სიხარულს, თანალმობას, მიმტევებლობას... მართულები ვართ: სამსახურში, სახლში, სტუმრად... ქალი ყვავილის სილამაზეს ვეღარ აღიქვამს... მამაკაცი სუსტ, უღონო არსებად იქცა. ყველაფერი, მთელი მსოფლიო ერთ დიდ, უაზრო სანახაობად გარდაიქმნა... ადამიანები ერთმანეთს მხოლოდ ლიდერობაში ეჯიბრებიან. დედამიწა ციფრულმა პილიგრიმმა დააავადა... და, თუ არ გამოვფხიზლდებით, არ დავაღწევთ თავს ამ ვირუსს დავიღუპებით და ჩვენც ადამიანები უსულო რობოტებად გარდავიქმნებით. წარმოდგენის მსვლელობისას, უსახური პერსონაჟები - „პერეგრინუსები“ მაყურებელსაც ჩაითრევენ, ისინიც მათი ცხოვრების ნაწილად გარდაიქმნებიან. ჩვენ ყველა რობოტებად ვიქეცით, გვეუბნება ერჟი ზონი. რეჟისორის ჩანაფიქრი ქორეოგრაფმა - ერიკ მაკოჰონმა და მუსიკალურმა გამფორმებელმა - ეჟი ზონმა, ზუსტად ასახეს მსახიობთა პლასტიკასა და მოძრაობებში, მუსიკის შერჩევაში. თავად მსახიობები კი ეტყობა, სტუდიური მუშაობის შედეგად მიღწეული პროფესიონალობით გაოცებენ. (ზოგადად პოლონური თეატრი, დღესაც, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა). მართალია, ამ უსულო მასიდან, შიგა და შიგ, ზოგიერთს აქვს მცდელობა გამოყოფისა, მაგრამ სამწუხაროდ მცდელობა მცდელობად რჩება... რეჟისორი სანახაობას იმით ასრულებს, რითაც დაიწყო: თავკომბალა პერსონაჟები, ნელ-ნელა ისევ იმ ვიტრინისკენ მიდიან, საიდანაც დასაწყისში გადმოვიდნენ. მოიხდიან ნიღბებს, განიმოსებიან ერთფეროვანი კოსტიუმებიდან, შეიხსნიან ჰალსტუკებს... მსახიობ-ადამიანებად გარდაიქმნებიან, მაგრამ სანახაობის დასრულების შემდეგ, ერთი კითხვა არ გასვენებს: რატომ, რის გამო, რისთვის დავკარგეთ ადამიანური სახე?
კარი ჰოას პროდაქშენზ-ის - „წყლად გადაიქეცი“ - თანამედროვე ცეკვის ჟანრად აქვთ თავად შემქნელებს განსაზღვრული. მე კი, ცეკვის ელემენტებით გაჯერებულ ფიზიკური თეატრს ვუწოდებდი. ნორვეგიელებმა ამჯერად წარმოდგენა მოზარდ-მაყურებელთა თეატრის დიდ სცენაზე გამართეს (შარშან კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრში“ თამაშობდნენ).
რეჟისორმა და ქორეოგრაფმა კარი ჰოასმა დადგმაში თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენა. აღვნიშნავ, რომ ყველაზე მეტად, ერთი შეხედვით მარტივი სცენოგრაფია მომეწონა, რომელიც განათების, ვიდეოინსტალაციის და ფოტოგრაფიის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენდა (განათება და ვიდეო: ტორდ ელიასენი, ფოტოგრაფი: კიმ ს. ფალკ-იორგენსენი). განსაკუთრებით ლამაზი იყო მოლივლივე ზღვის იმიტაცია დასაწყისსა და ფინალში. მუქ ტონებში გადაწყვეტილი სცენა ცარიელია, მხოლოდ ე. წ. უკანა კედელია (ფარდა) გამოყენებული. სწრედ ამ კედელზე ჩნდება, სხვადასხვა ვიდეოინსტალაცია. დანარჩენი ეფექტები განათების მეშვეობით მიიღწევა. სწორედ ეს განათება, ვიდეო და ფოტოგრაფია ეხმარება კარი ჰოასს ჩანაფიქრის განხორციელებაში.
აგრეთვე საინტერესო იყო ქორეოგრაფისა და შემსრულებლების: ანტერო ჰაინი, ოსნე სტროლი, ანე ლისე, პეტერსენ რონე, გერდ კაისა ვორენი, ანტონ ვრეტლინგი და იონას იორკნერი - ნამუშევარი. სხეულის ენით: ცეკვის, აკრობატიკის, საბრძოლო ხელოვნების ელემენტების ნაერთით, ისინი თავიანთ სათქმელს გადმოსცემენ.
„წყლად გადაიქეცი“ - მაყურებელში სხვადასხვა ასოციაციას იწვევს და აქედან გამომდინარე, თითოეული, საკუთარ ფანტაზიაში, აგებს ამბავს. ჩემში, მაგალითად, დამდგმელი-ქორეოგრაფის, მხატვარების, მუსიკალური გამფორმებლის და მონაწილეთა შერწყმულმა ნამუშევარმა, ნორვეგიელთა წინაპრების, ვიკინგების თქმულებების ასოციაციები აღძრა. ზღვიდან დაბადებულნი ზღვასვე უერთდებიან...
მაკა ვასაძე
ფოტოგრაფი - ბექა ჯავახიშვილი