დიდხანს არ უშვებდა სამეფო უბნის თეატრის სცენიდან მაყურებელი ვროცლავის თეატრ „თხის სიმღერის“ მსახიობებს წარმოდგენის დასრულების შემდეგ. მსახიობები ოთხჯერ გამოიხმო მაყურებელმა ოვაციების გასამართად. „ლირის სიმღერების“ წარმოდგენა ის შემთხვევაა, როცა მაყურებელი თეატრიდან არ მიდის და შემსრულებლების გამოსვლას ელოდება ოვაციების კვლავ გასამართად. სამეფო უბნის თეატრის ფოიეში კარგა ხანს მაყურებელი ერთმანეთს უზიარებდა შთაბეჭდილებებს. სპექტაკლის მსვლელობისას დარბაზში სამარისებული სიჩუმე იდგა. მაყურებელი ნამდვილ კათარზისს განიცდიდა.
რამ გამოიწვია ქართველი მაყურებლის ასეთი აღფრთოვანება, სპექტაკლისა, რომელშიც არც თანამედროვე სათეატრო ტექნოლოგიებია გამოყენებული, არც დეკორაცია და არც მულტიმედიური ხერხები. აქ მთავარი მსახიობია, მათი გარდასახვის მასშტაბი და იდეალურად შერწყმული ათასგვარი ხმა, რომელიც ორიგინალური ფორმითა და საშუალებებით გამოხატავს შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირის“ ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს. გარდა იმისა, რომ რეჟისორმა გჟეგორჟ ბრალმა განსხვავბეულად და ორიგინალურად წაიკითხა შექსპირის ტრაგედია, ეს ისტორია განსხვავებული ფორმით, მხოლოდ სიმღერით (რომელიც ხან გოდებაა, ხანაც შელოცვა) წარმოადგინა მაყურებლის წინაშე. იდეალურად შეწყობილი ხმები მედიტაციის საშუალებით სურათებად იქცევა, რომელიც ტრაგედიის საკვანძო ეპიზოდებს ვიზუალურადაც ხატავს, ოღონდ წარმოსახვაში.
თეატრ „თხის სიმღერის“ მიერ შემოთავაზებული ლირის სიმღერები (კომპოზიტორები ჟან-კლოდ აკვავივა და მასიეჟ რიჩლი) ქართული ხალხური მაგიური პოეზიის ნიმუშებს-შელოცვებას წააგავდა, რომელიც ადამიანების ორგანიზმს ავი სულებისგან და თვალისგან წმენდს და ამ დროს პაციენტი მთქნარებით იხრჩვება. ეს ერთგვარი მაგიური თერაპია მუსიკალური ხერხით. სწორად მსგავსი თერაპიის ფუნქცია შეიძინა თითოეულმა „ნომერმა“, რომელიც მაყურებელს ნამდვილ კათარზისს განაცდევინებდა.
მარტივი არ არის მრავალხმიანობის სამშობლოში - საქართველოში (სადაც „კრიმანჭული“, „ხასანბეგურა“, „ბატონებო“ და „ჩაკრულო“ მრავალი საუკუნის წინ შეიქმნა) მაყურებელი მოხიბლო, გააოცო და აღაფრთოვანო. ეს შეძლეს ანა სალონენმა, მონიკა დრილმა, ჯულიანა ბლადგუდმა, ემა ბონიჩმა, ილენია ჩიპოლარმა, კასპერ კუზევსკიმ, რაფაელ ჰაბელმა, გაბრიელ გავინმა, პაოლო გავინმა, პაოლო გარჰენტინმა, ლუკას ვოჟჩიკმა და მასიეჟ რიჩმა. მათ აჩვენეს მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა, უმაღლესი გულწრფელობა და სცენური სიმართლის მწვერვალი, როცა მსახიობი რეალურად განიცდის იმას, რასაც ჩვენ განგვაცდევინებს. კორდელიას გოდება კი ზემოთქმულის საუკეთესო მაგალითი და ნიმუშია, რომელიც მთელ დარბაზს კი არა, სამყაროსაც წვდება.
თეატრმა „თხის სიმღერა“ ამ წარმოდგენით გააერთიანა დასავლეთი-აღმოსავლეთი და მოულოდნელად სიკრეტიზმის ეპოქაში გადაგვტყორცნა, სადაც სიტყვას, ჟესტიკულაციას, ბგერებს და ქმედებას ერთი საკომუნიკაციო საშუალება-ენა, ხერხი ჰქონდა და დაგვარწმუნა იმაშიც, რომ ამ ხერხებს, თუ ის სიზუსტით არის გადმოცემული იგივე ძალა აქვს, რაც სიტყვას.
„ლირის სიმღერები“ ის სპექტაკლია, რომელიც ქაოტური სამყაროს ჰარმონიას გვიხატავს. ბგერების და ჟესტების შერწყმის შედეგად კი, მსახიობის სულში დატრიალებული ვნებების ინტიმრ მონაწილედ გხდის.
ლაშა ჩხარტიშვილი