26 სექტემბერი ერთობ დატვირთული დღე იყო მაყურებლისთვის - თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა სამი სხვადასხვა სახის სანახაობა წარმოადგინა. ყოველწლიურად სპექტაკლების გარდა ფესტივალი კონფერენციებს, ვორქშოფებსა თუ მასტერკლაებს უკეთებს ორგანიზებას. ამჯერად, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, 4 საათზე სამდღიანი ვორქშოფის შედეგი შემოგვთავაზეს. ექვს ქართველ, ახალგაზრდა მსახიობთან ერთად პოლონელებმა, ვოიცეკ სრეფანიაკამ და საიმონ ცელჩმა პილგრიმ მაევსკის პიესის „მარჯვენა და მარცხენა მაღალ ქუსლებზე“ კითხვა-პერფორმანსი შემოგვთავაზეს.
მაგდა გებელსის, ნაცისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრის მეუღლის, ადამიანის ტყავისგან შეკერილი შავი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები, მათ თავს გადამხდარ ისტორიას ყვებიან. ამბავი ნიურმბერგის სასამართლო პროცესიდან და მათი პირველი მფლობელიდან იწყება. ისინი იმ ადამიანების ისტორიას მოგვითხრობენ, ვის საკუთრებასაც წარმოადგენდნენ. ეს პატარ-პატარა, მოკლე ისტორიები ადამინის ადამიანზე ძალადობის ფაქტებს ასახავს. მაგდა გებელსი, რომელმაც ადამიანის ტყავისგან ფეხსაცმლის შეკერვა დაუკვეთა; სვეტა -საშინლად სუნიანი ფეხებით, რომელიც სამხედროებთან მეგობრობს, აბორტს იკეთებს; ექიმის მორწმუნე მეუღლე - თავს იკლავს; სატუსაღოს ჯალათი ქალი ტერეზა ადამიანებს სასტიკად აწამებს; სოლიდარობის წევრი მაგდა - წამებას ვეღარ უძლებს და მეგობრებს ასახელებს; ბოლოს კი 10 ზლოტად გაყიდული ფეხსაცმელები მსახიობს ერგება, მას ცემით კლავენ. ამ ისტორიებს რამდენჯერმე ყვებიან და ანსახიერებენ მსახიობები. ვიდეოინსტალაციის მეშვეობით პერფორმანსში ჩართულია ექვსი მსახიობის მიერ მოყოლილი ამბებიც - საკუთარ თავსა თუ მათ მეგობრებს თავსგადამხდარი ძალადობის ფაქტები. ცოლ-ქმარს გოგო ჰყავს, ბიჭი უნდათ, ამიტომ შემდეგი ორსულობისას დედა ეხოს იკეთებს, აღმოჩნდება, რომ კვლავ გოგოზეა ფეხმძიმედ და მეუღლეები გადაწყვეტენ ბავშვის მოშორებას. მეგობარს სახლში პოლიცია შეუვარდა, იარაღი დაუდეს და დაიჭირეს. პატარა ბიჭებს ჩაგრავენ უფროსი ბიჭები, აგინებენ და შემდეგ სასტიკად სცემენ. ძიძა მასზე მინდობილი ბავშვით ქუჩაში მათხოვრობს და ა.შ. ეს ისტორიები ორგანულად ერწყმის პიესის სიუჟეტურ ხაზს.
პიესის კითხვა-პერფორმანსის ტემპო-რიტმი მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, თითქოს ერთ ამოსუნთქვაზე მიმდინარეობდა. „ჩვენ ვიხდით ჩვენ სასჯელს. ჩვენი სრულდება, თქვენი კი ახლა იწყება“ - პერფორმანისის ბოლოს ამ სიტყვებით მიმართავენ ფეხსაცმელი-მსახიობები დარბაზში მსხომთ. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნე ისევ აღსავსეა ძალადობის ფაქტებით. ძალადობით გამოწვეული უსამართლობის განცდა კი ძალიან მტკივნეულია.
6 საათზე მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე პროგრამა „ნიუ“-ს (NEW) რიგით მეორე სპექტაკლი წარმოადგინეს. უკრაინის ეროვნული აკადემიური დრამის თეატრმა ნატალია ვოროჟბიტის „კვიტკა ბუდიაკი“ ითამაშა. ეს გახლდათ თანამედროვე სოციალურ პრობლემებზე დადგმული მელოდრამა. სპექტაკლის საინტერესო, მოქნილი, უახლესი ტექნიკური საშუალებებით გამდიდრებული დეკორაცია სცენოგრაფ ანდრეი ალექსანდროვიჩ-დოჩევსკის ეკუთვნის. დადგმაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ადამიანთა გაუსაძლისი სოციალური ყოფაა გადმოცემული. სამწუხაროდ, სპექტაკლის რეჟისორის სტანისლავ მოისეევის ნამუშევარი არ იყო სპექტაკლის მხატვრული გაფორმების ტოლფასი. მოქმედება, მასში ჩართული სიმღერებისა და ცეკვების მიუხედავად, ერთობ მონოტონურად და დუნედ მიმდინარეობდა.
9 საათზე მარჯანიშვილის ახალ სცენაზე ფრანც კაფკას „ამერიკის“ მიხედვით შექმნილი მონოსპექტაკლი სამსახიობო ოსტატობის მაღალი დონით, პროფესიონალიზმით გამოირჩეოდა. ფილიპ ჰოხმაირი სახეებში მოგვითხრობს ახალგაზრდა გერმანელი ემიგრანტის გაუსაძლის ცხოვრებაზე ამერიკაში. იგი ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟს ასახიერებს. ისინი, მთავარი მოქმედი პირის კარლ როსმანის თვალით დანახული ადამიანები არიან.
რამდენიმე ეპიზოდად დაყოფილი სპექტაკლის დეკორაცია სკამის, ჩემოდნისა და ეკრანისგან შედგება. ყოველი ეპიზოდის დაწყებისას ეკრანზე მორბენალი სტრიქონი კონკრეტულის სათაურს ვიზუალურად გამოსახავს. შიგადაშიგ მოქმედების პარალელურად შესაბამისი ვიდეოინსტალაცია აისახება. მსახიობი თამაშობს იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანის განცდებს, რომელსაც უჭირს საკუთარი ადგილის პოვნა. კაფკასეული - მუქ ფერებში დახატული სამყაროს აღქმა, ცხოვრების აბსურდულობა, ირონია, იუმორი - ყველაფერი ეს შეიგრძნობა ფილიპ ჰოხმაირის შესრულებაში. მსახიობს მაყურებელი შეუმჩნევლად გადაჰყავს კარლ როსმანის სამყაროში და მისი ცხოვრების თანამონაწილედ ხდის.
ძალადობა და უსამართლობა, პიროვნების უგულებელყოფა, ადამიანის დეგრადირება - ამ თემებზე ესუბრება შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს. თუმცა ბოლოსკენ იმედის ნაპერწკალი ჩნდება. რეჟისორ მიხაელ მაიერჰოფის მიერ შემოთავაზებული ინტერაქტიული ფინალი, ერთი შეხედვით თითქოს ამოგდებულია სპექტაკლის საერთო კონცეფციიდან. ბოლო ეპიზოდი: ოკლაჰომას თეატრი. მსახიობი ახლა თეატრის დირექტორია. „ჩვენ ყველა გვჭირდება“ - ამბობს იგი, მაყურებელთა დარბაზში გადმოდის და დარბაზში მსხდომთ ცალ-ცალკე ეკითხება მათი პროფესიის შესახებ. - ინჟინერი? გვჭირდები; -ექიმი? შენც გვჭირდები, ელექტრიკოსი, შენც საჭირო ხარ... კარლ როსმანი? ისიც საჭირო ადამიანია. სპექტაკლის მსვლელობისას ამგვარი ფინალი უადგილოდ მეჩვენა. მერე, როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს რეჟისორმა და მსახიობმა. მაყურებელს დაუტოვეს არჩევანის უფლება, დასასრული აღიქვან კარლის ზმანებად თუ რეალობად.
მაკა ვასაძე