წლევანდელ ფესტივალზე პროგრამა „ნიუ“-ში (Program NEW) წარმოდგენილი პირველი სპექტაკლი (ამ პროგრამის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება ნაჩვენები) გერმანიიდან „სატელიტ პროდუქციის“ „თანამებრძოლნი“ გახლდათ. „სატელიტ პროდუქცია“ წამოდგენებს თანამედროვე ცხოვრებაში არსებულ მწვავე პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემებზე ქმნის. „თანამებრძოლნი“ დოკუმენტურ მასალაზეა აგებული, მთავარი მიზანი და იდეა გახლავთ იმის ჩვენება, თუ რა გავლენას ახდენს ომი ადამიანზე, რას განიცდის და რას ფიქრობს, როგორ ცხოვრობს იგი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში. ამის განსახორციელბლად „სატელიტ პროდუქციის“ მსახიობები გაემგზავრნენ ირანსა და ისრაელში და 10 დღე ჯარისკაცებთან ერთად იცხოვრეს. ისმენდნენ და იწერდნენ ჯარისკაცების მონათხრობს, რაც შემდეგ საფუძვლად დაედო წარმოდგენას.
მაყურებელი სპექტაკლს თეთრი კედლით ორად გაყოფილი სცენიდან ადევნებს თვალს. ძალიან ინტიმური გარემო იქმნება. კედლის ორივე მხარეს სამ-სამი მსახიობი სცენაზე წევს. დრო გამოშვებით ბორგავენ, ისე როგორც ადამიანი ცუდი სიზმრის ნახვისას ბორგავს ხოლმე. მსახიობები კონკრეტული პიროვნებების ცხოვრებაზე გვიყვებიან. ისინი ხან მთხრობელები არიან და ხან კი იმ პიროვნებებად გარდაიქმნებიან. თხრობას ვიზუალური რიგიც ახლავს. ამ ადამიანთა ფსიქიკური თუ ემოციური მდგომარეობა ცეკვაში, ფიზიკურ მოძრაობებშიც აისახება. მაყურებელი ხედავს მხოლოდ კედლის ერთ მხარეს მიმდინარე პროცესს, კედლის იქეთა მხარეს რა ხდება მან არ იცის, მხოლოდ ხმა ესმის. ქმედების კულმინაციურ მომენტში მოქმედი პირები ანგრევენ მათ გამყოფ კედელს. მანამდე კი კედლის საპირისპირო მხარეს მდგომი პერსონაჟები ვიდეოპროექციის საშუალებით თეთრ კედელზე ჩნდებიან. კედლის ორივე მხარეს მდგარნი ერთმანეთს ესუბრებიან. ამის შემდეგ ისინი გახელებულნი ანგრევენ მათ წინ აღმართულ კედელს და თითქოს ერთიანდებიან საერთო ტკივილითა თუ განცდით. -აღარ მინდა ომობანას თამაში, მაგრამ რას იზამ თავის დაცვა გჭირდება. -ჩვენ საფრთხეში ვართ, გვესვრიან... ამბობენ ისინი. ისინი ამ ფრაზებით უშუალოდ მაყურებელს მიმართავენ. თითქოს მათგან ითხოვენ დახმარებას.
სპექტაკლის შემდეგ მაყურებელი შემოქმედებით ჯგუფს შეხვდა. ეს შეხვედრა თავად მათ უნდოდათ. აინტერესებდათ, გაიგო თუ არა მათი სათქმელი ქართველმა მაყურებელმა. რა თქმა უნდა, ქართველი მაყურებლისთვის ეს თემა მტკივნეულია. ბოლო 22 წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავით საომარ მოქმედებებში ჩართულნი. საინტერესოა, რომ წარმოდგენას ირანელი მამაკაცი ესწრებოდა, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. ის არ დაეთანხმა „სატელიტ პროდუქციის“ კონცეფციას. ვფიქრობ, ეს ადამიანი ვერ მიხვდა შემოქმედებითი ჯგუფის სათქმელს. მათი მიზანი არ არის ორ ქვეყანას შორის ომის მიზეზების პოლიტიკური ასპექტიდან განსჯა. მათ უბრალო ადამიანთა, ჯარისკაცთა მდგომარეობის გადმოცემა სცადეს საათსა და 20 წუთში. ვფიქრობ, სპექტაკლი დროის თვალსაზრისით გაჭიმულია. ალბათ, აჯობებს ხანგრძლივობა შეამცირონ, რაც უფრო კომპაქტურს გახდის წარმოდგენას.
კითხვაზე: თუ რა იქნება მათი შემდგომი პროექტის თემა, მათ გვიპასუხეს, რომ ამჯერად ისინი მუშაობენ წარმოდგენაზე, რომელშიც ასახული იქნება მიუნხენელი მათხროვრების ყოფა.
მაკა ვასაძე