ფერი - იდუმალი;

გამოსახულება - მკრთალი;

შეგრძნება - მაგნიტივით მიმზიდველი;

აღქმა - მკვეთრი;

მანძილი - მისტიკური;

ხასიათი - თავისფალი;

ზომა - მონუმენტური;

სივრცე - უსაზღვრო;

გზა - კონტრაპუნქტული;

სიბრტყე - ღრმა, როგორც უფსკრული;

სიღრმე - უკიდეგანო;

ამბავი - მითიური;

ხმა - იმქვეყნიური;

რიტმი - თანმიმდევრული;

ენა - უნივერსალური;

იდეა - სამყაროს ერთიანობა;

ფორმა - ცეკვა...

კააში-ცეკვა; აქრამ ჰანის კომპანია, დიდი ბრიტანეთი; რეჟისორი და ქორეოგრაფი - აქრამ ჰანი, სცენოგრაფია - ანიშ კაპური, განათება - აიდენ მალონი, კომპოზიტორი - ნათინ სავჰნი, კოსტიუმი - კიმი ნაკანო. ეს ის ჯგუფია, რომელმაც „კააში“ შექმნა. დახვეწილი და ნატიფი სანახაობა ინდურ ღმერთებზე, შავ ხვრელებზე, ინდური დროის ციკლებზე, მათ შექმნასა და განადგურებაზე.

სანახაობა აერთიანებდა ორ ცივილიზაციას დასავლეთსა და აღმოსავლეთს, რომელიც წარმოდგენილი იყო როგორც ჰარმონია. ცეკვა, რომელიც ჩვენ ვნახეთ იყო ამბავი თავისუფლებაზე, მითიურ სინამდვილეზე, ადამიანზე და მის სრულყოფილებაზე, სამყაროს ჰარმონიაზე და ღრმა, უკიდეგანო შინაარსზე. მოვლენათა თანმიმდევრულობასა და  უსასრულობაზე.

ის, რაც გუშინ ქართველმა მაყურებელმა გრიბოედოვის თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ნახა, იყო მაღალი მხატვრული ხარისხის წარმოდგენა. ამ ნაწარმოების სიმაღლეს კი ერთდროულად განაპირობებდა ქორეოგრაფია, მოცეკვავეების მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება, ზედმიწევნით დახვეწილი და წინააღმდეგობებით სავსე მუსიკა, თითქმის მიუღწეველი მხატვრული განათების ტექნიკა, უკიდიგენო სივრცით „შემოსაზღვრული“ სცენოგრაფია, მოცეკვავეებთან ერთად მაყურებლის გაუცნობიერებელი მოგზაურობა ღრუბლებში, ან პარარლელურ სამყაროში, სადღაც მიღმა, იქეთ, ძალიან შორს და ამ მოგზაურობით მიღებული დიდი ესთეტიკური სიამოვნება.


ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved