თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2016
ძალიან მიყვარს შემოდგომა. ჩემს სიყვარულს, კიდევ ერთი გარემოება დაემატა ე. წ. „საფესტივალო მარათონი“ J. 2016 წლის თბილისური (და არა მარტო) შემოდგომა ერთობ გადატვირთულია სხვადასხვა ამბით. რამდენიმე წელია, ხელოვნების მოყვარულებისა და პროფესიონალებისათვის, სექტემბერის ბოლოდან მოყოლებული ახალ წლამდე, თითქმის შეუსვენებლად, ფესტივალს ფესტივალი მოსდევს (ებმის). რაც მთავარია, ფესტივალები ხელოვნების სხვადასხვა დარგსა თუ მიმართულებას მოიცავს: თეატრი, კინო, მუსიკა, ფოტოხელოვნება და ა. შ. ბოლო 2-3 წელია, რაც „საფესტივალო ციებ-ცხელებამ“, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიც მოიცვა.
ნელ-ნელა, - თბილისი, თანამდროვე მსოფლიო კულტურის, ერთ-ერთ მექად შეიძლება იქცეს. ძალიან მიყვარს ხელოვნების ყველა დარგი: მუსიკა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, კინო, ფოტოგრაფია და სხვა, მაგრამ თეატრი ჩემი „უდიდესი სიყვარული“ და პროფესიაა. ამიტომაც, სულმოუთმენლად ველი ხოლმე სექტემბრის ბოლოს, პერიოდს, როდესაც მერიის მიერ დაარსებული - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ - იწყება. 2009-ში დაბადებული ეს „სათეატრო ზეიმი“, წელს უკვე მერვედ იმართება და რაც მთავარია, წლიდან-წლამდე ფესტივალი იხვეწება და მხატვრული დონე იზრდება. ეს კი, რა თქმა უნდა, ფესტივალის დირექტორის ეკა (ეკატერინე) მაზმიშვილის და მისი არაჩვეულებრივი საფესტივალო გუნდის: თიო (თინათინ) კალატოზიშვილის, თამუნა (თამარ) ლალიაშვილის, ნატო ებანოიძის, ნუცა ბურჯანაძის, რუსუდან ზირაქიშვილის, აჩიკო (არჩილ) დვალიშვილის, და ალექსანდრე წერეთელის დამსახურებაა. შემთხვევით არ დავასახელე მამაკაცები ჩამონათვალის ბოლოს, მართალია აჩიკო (ტექნიკური დირექტორი) საფესტივალო გუნდს გვერდში უდგას დასაწყისიდანვე, და როგორც, გუნდის „გოგოები“ ამბობენ - „აჩიკოს გარეშე ფესტივალი ვერ იარსებებდა“, წლების განმავლობაში იგი მამაკაცთა სქესის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, მშვენიერ, ჭკვიან, ნიჭიერ, ქალთა გარემოცვაში. ეს ფესტივალი სწორედ ქალებმა შექმნეს, დააყენეს ფეხზე, განავითარეს და ერთ-ერთ პრესტიჟულ თეატრალურ ფესტივალად აქციეს. იმისათვის, რომ აგერ უკვე, 30 წელზე მეტი, ჩვენს თავს დატეხილი პოლიტიკურ-სოციალური ქარტეხილების, ქარიშხლების მიუხედავად, მთელ მსოფლიოს ვუთხრათ: „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, ჩვენ უდიდესი სათეატრო ტრადიციები და ნოვაციები გვაქვს. მართალია, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის, მიხეილ თუმანიშვილის წყალობით, ქართული თეატრი მსოფლიომ, 1970-იანი წლების ბოლოდან გაიცნო. დღესაც, მსოფლიო მასშტაბის უდიდესი რეჟისორი - რობერტ სტურუა, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია (ვგულისხმობ სხვადასხვა ქვეყანაში მიწვევას სპექტაკლების დასადგმელად). ეს, მაინც ცალკეული რეჟისორები და მათი დადგმები, თუ თეატრები იყო. საერთაშორისო ფესტივალი კი ზოგადად ქვეყნის სახეს ქმნის. ჩვენთან ჩამოდიან სათეატრო დასები, მათ მოყვებიან უცხოელი ექსპერტები, კრიტიკოსები, მენეჯერები, პროდიუსერები და ა.შ. ნელ-ნელა ფესტივალის (ფესტივალების) წყალობით თბილისში (საქართველოში) კულტურული ტურიზმი განვითარდა და წელს, ვფიქრობ, ტურისტთა რაოდენობის მიხედვით, პიკსაც კი მიაღწია.
ერთი სასიხარულო ფაქტი უნდა აღვნიშნო, იმისდამიუხედავად, რომ არჩევნები კარზე მოგვადგა, ფესტივალის გახსნის დღეს მაყურებელთა დარბაზი გადაიჭედა. ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვიდი. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ფესტივალის მიერ უკვე მოპოვებული სახელი - სწორი მენეჯმენტის, სწორი საფესტივალო პოლიტიკის, კონცეფციის, მონაწილეთა სახელების და, რაც მთავარია, ღიაობის მეშვეობით იყო. ალბათ, ამიტომაც, 2016 წ. საფესტივალო კატალოგში ასეთ შეფასებას ვკითხულობთ (მომყავს ამონარიდი):
„თავად წარმოვადგენ ფესტივალს, რომელმაც სულ ახლახან იზეიმა 53-ე იუბილე და გაოგნებას ვერ ვმალავ, როგორ მოახერხა თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესტივალმა, ასეთ მოკლე ხანში მოეპოვებინა უპრეცენდენტო პრესტიჟი და საერთაშორისო რეპუტაცია.“ იოან-ტალ-გენი, ისრაელის ფესტივალებისა და თეატრების მრჩეველი, იერუსალიმი, ისრაელი.
„თბილისის მაცხოვრებლებს შეუძლიათ იამაყონ ამ ფესტივალით. მსოფლიოს კი, თავის მხრივ, შეუძლია იამაყოს, რომ მათ შორის, ამ ფესტივალის წყალობით, არსებობს ქალაქი თბილისი - უდიდესი თეატრალური ტრადიციებისა და ამოუწურავი შემოქმედებითი ძალების მქონე ქალაქი.“ რომან დოლჟანსკი, ფესტივალების „NET“ და „ტერიტორი“, არტ დირექტორი; თეატრი „ნაციის“ სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე; იბსენის პრემიის ჟიურის წევრი; გაზეთ „კომერსანტის“ მიმომხილველი, თეატრალური კრიტიკოსი.
ვფიქრობ, ძალიან გამიგრძელდა შესავალი. ახლა, უშუალოდ 2016 წლის 24 სექტემბრის, საერთაშორისო პროგრამაში გამოცხადებული წარმოდგენის შესახებ.
ცეკვის ენით გადმოცემული ადამიანთა სევდა და სიხარული, სწრაფვა უსასრულობისკენ... (შინაგანი სამყარო)
ბოლო წლებია, ორგანიზატორები საერთაშორისო პროგრამას კონკრეტული კონცეფციით ადგენენ. მერვე ფესტივალი ადამიანზე, მის შინაგან, სულიერ განცდებსა თუ ფიზიკურ ტკივილებზე მოგვითხრობს. წლევანდელი ფესტივალის სლოგანია: „... ამბავი ერთი ადამიანისა, ერთი პირადი ისტორია, სტატისტიკის ერთი მონაცემი“… (ეკა მაზმიშვილი) .
საორგანიზაციო ჯგუფი, საერთაშორისო ძირითად და NEW პროგრამებში, ცდილობს ისეთი სპექტაკლების შერჩევას, რომლებიც უახლესი სათეატრო პროცესების, მიმდინარეობების, ტენდენციების ფორმების ამსახველია.
წლევანდელი ფესტივალი - ადიტი მანგალდასის ცეკვის კომპანია - დრიშტიკონის ცეკვის ფონდის - წარმოდგენით „შიგნიდან“ გაიხსნა. შარშანდელ ფესტივალზე ნაჩვენებმა აქრამ ჰანისა და მისი კომპანიის ნამუშევერმა „კააში“ წარუშლელი, ტრანსში ჩამგდები შთაბეჭდილება დატოვა - ქორეოგრაფიით, სცენოგრაფიით, მუსიკალური გაფორმებით და ვირტუოზული შესრულებით. სწორედ, შარშან, პირველად ვეზიარე საცეკვაო თეატრის, საოცარ და მისტიკურ ფორმას - თანამედროვე თუ ტრადიციული, საკულტო ელემენტებით გაჯერებული, ინდურ-ევროპული ცეკვის კულტურას - ცოცხალი შესრულებით.
ლონდონში დაბადებული და გაზრდილი აქრამ ჰანისგან განსხვავებით ადიტი მანგალდასი, მართალია, იყენებს თანამედროვე ევროპული ცეკვის ელემენტებს, მაგრამ მის ქორეოგრაფიასა და ცეკვის კულტურაში, უფრო მეტად ინდური ტრადიციული, კლასიკური ცეკვის (კათჰაკი) ფორმები სჭარბობს. „შიგნიდან“ - ორი ნაწილისგან შედგება: „გაკვანძული“ და „გახსნილი“. პირველი მოქმედება კლასიკური კათჰაკის და თანამედროვე საცეკვაო ფორმების ნაზავია, მეორე კი წმინდად კლასიკურ კათჰაკს ეფუძნება. ადიტი მანგალდასი მსოფლიოში ცნობილია, როგორც კლასიკური კათჰაკის უბადლო, ვირტუოზული შემსრულებელი. ალბათ, სწორედ ამიტომაც, აქრამ ჰანისგან განსხვავებით, რომლისთვისაც ევროპული და ინდური კულტურები ერთნაირად მშობლიურია და ბუნებრივად შეერწყა მის შემოქმედებაში, ადიტი მანგალდასისათვის, უფრო ბუნებრივი და მშობლიური ინდური ტრადიციული, კლასიკური ცეკვაა და თანამედროვე ცეკვების განზავება, მისთვის არაბუნებრივი, ხელოვნური აღმოჩნდა.
მანგალდასის ქორეოგრაფიით შესრულებული დადგმა ადამიანის (ქალისა და მამაკაცის) შინაგან სამყაროზე: სისასტიკეზე, ძალადობაზე, სიკეთესა და საბოლოოდ, რთული ძიების შედეგად მიღწეულ ადამიანისა მისტიკურ, რელიგიურ სამყაროსთან ჰარმონიულ შერწყმაზე მოგვითხრობს. „გაკვანძულში“ სცენოგრაფია მუქ, მონაცრისფრო-მოყავისფრო ტონალობაშია გადაწყვეტილი (სცენოგრაფი პროგრამაში არ არის მითითებული), მხოლოდ აქა-იქ, სცენის სიღრმეში მოსჩანს მოთეთრო-მოოქროსფრო ნაპრალები, თითქოს კლდეშია ეს ნაპრალები გაჩენილი. მოთეთრო-მოოქროსფრო, ალბათ, მომავლის იმედის სიმბოლოა. სცენოგრაფი განათებით ქმნის ბურუსის შთაბეჭდილებას. კიმე ნაკანოს და სანდჰია რამანის კოსტიუმებშიც, პირველ მოქმედებაში მუქი ფერები სჭარბობს. ქორეოგრაფიული ნახაზი უფრო სტატიკური, თავშეკავებული, ტეხილია. მოცეკვავეთა მოძრაობებში შერწყმულია თანამედროვე და კლასიკური ინდური ცეკვის ელემენტები. „გაკვანძულმა“ ჩემში დამდაბლებული ადამიანის გამოსავლის ძიების ასოციაცია აღძრა.
კლასიკურ კათჰაკზე აგებულმა „გახსნილმა“ მაყურებელში მეტი მოწონება დაიმსახურა. აქ უკვე, სცენოგრაფიასა და მუსიკაშიც შემოდის ნათელი ფერები. მეორე მოქმედება გაჯერებულია სიმღერებითა და ვერბალით. საბოლოოდ კი მთავარი პარტიის შემსრულებელი ადიტი მანგალდასი გაარღვევს პირქუშ კლდეს და და ოქროსფერი კოსტიუმით შეუერთდება ოქროსფერ უსასრულობას...
აღსანიშნავია, რომ ორივე მოქმედებაში ვირტუოზულად შესრულებული ტრადიციული, ინდური ცოცხალი მუსიკაა გამოყენებული. შემოქმედებითი ჯგუფის სია საკმაოდ გრძელია, არ დავიწყებ ყველას ჩამოთვლას. დაინტერესებულებს კი შეუძლიათ კატალოგში, ფესტივალის ვებგვერდზე, ან „გუგლში“ მოძებნონ.
მაკა ვასაძე
ფოტოგრაფი - ბექა ჯავახიშვილი