საქართველოში ვერ მოიძევთ თაობას, რომელსაც ერთი ომი მაინც არ გამოუვლია. ომები კი, ოციცხლეთ, მრავლად გვქონდა, თუნდაც საუკუნის მეოთხედში. ომგამოვლილი თაობები კი დაღდასმული თაობაა, რადიკალურად შეცვლილი და გაველურებული ფსიქიკით. შესაბამისად, ომი, როგორც მოვლენა და მასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენთვის ისეთივე ახლობელია (სამწუხაროდ, ოდითგანვე თანმდევი, თითქოს როგორც ბედისწერა), როგორც გერმანელი მსახიობებისთვის სიმშვიდე. გერმანულმა კომპანიამ „სატელიტ პროდუქცია“ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამა New ფარგლებში, რეჟისორ ანა ზირნერის წარმოდგენა-კვლევა „თანამებრძოლნი“ განსახილველად ქართველ მაყურებელს შესთავაზა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ მაყურებლის ნაწილსა და სადადგმო ჯგუფს შორის მცირე დიალოგი გაიმართა, რომლის მიზანიც მაყურებელსა და სადადგმო ჯგუფს შორის შთაბეჭდილებების გაზიარება იყო. აღნიშნული კომპანია დაინტერესებულია სოციალური და ადამიანის შინაგანი მდგომარეობის კვლევით, რომელსაც სადადგმო ჯგუფი სათეატრო ფორმებით გადმოსცემს.

საინტერესოა, როგორ ხედავენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები სხვადასხვა გარემოსა და სიტუაციაში ომს და როგორ აისახება ის მათ შინაგან განწყობაზე, სულიერ მდგომარეობასა და მომავალზე. სწორედ ეს იყო ანა ზირნერის წარმოდგენის მთავარი მიზანი.

ამ მიზნის მისაღწევად, კომპანიამ 2013 წლის მაისში სამ-სამი გერმანელი მსახიობი მიავლინა ირანსა და ისრაელში. თითოეული მათგანი თითო ჯარისკაცთან ცხოვრობდა 10 დღის განმავლობაში და ისმენდა მისი ცხოვრების ამბებს. სწორედ ეს ისტორიები დაედო წარმოდგენას საფუძვლად. ვერბატიმის პირნციპით შექმნილ სპექტაკლს თან ერთვის ფიზიკური თეატრისთვის დამახასიათებელი ხერხები, რომელიც ამ წარმოდგენის ორგანული ნაწილი გახდა.

 

დამდგმელებმა ფორმის თვალსაზრისით ორიგონალურად გადაწყვიტეს სპექტაკლი  სივრცეში. სცენის შუაგულში გრძელი ჯებირია, რომელის ირგვლივ (მხოლოდ მოპირდაპირე მხარეებზე) განთავსებულია მაყურებელი. ორივე მხარეს სამ-სამი მსახიობი მუშაობას და ჩვენს თვალწინ აცოცხლებს რეალურ გმირებს. ორმაგად გაყოფილი სივრცე ერთ მხარეს განთავსებული მაყურებლისთვის მხედველობის თვალსაზრისით კეტავს კედლის მეორე მხარეს განვითარებულ მოქმედებებს, ეს დეფიციტი მულტიმედიური ხერხებით შეავსო რეჟისორმა, რომელმაც პირდაპირი გზით ასახა პროექტორის საშუალებით კედლის მიღმა განვითარებული მოვლენა. კედელი სიმბოლურია, რომელსაც ჯარისკაცები მალევე ამტვრევენ და გაერთიანებულ სივრცეში სპექტაკლის მოქმედი გმირებიც ამავე სიბრტყეში ერთიანდებიან, რომლებიც მოგვითხრობენ ომგამოვლილი ადამიანების ახლანდელ განწყობაზე, ცხოვრების წესსა და შინაგან მდგომარეობაზე. ისინი მეტამორფოზა განცდილი ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ: „ნამდვილი მამაკაცი მხოლოდ წარმოსახვაში არსებობს“, „აღარ მინდა ომობანას თამაში“, ამ ფრაზებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი ფსიქიკურად გატეხილებიც არიან. შესაბამისად, წარმოდგენის მსვლელობისას მძიმდება სპექტაკლიც, მონოლოგების სერია ისეა გადაჯაჭვული ერთმანეთზე, რომ მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს. მსახიობები, რომელთაც მხოლოდ ფსევდონიმები აქვთ, იყენებენ მწირ გამომსახველობით საშუალებებს, თუმცა ავლენენ ფიზიკურად მომზადების მაღალ დონეს.

ანა ზირნერის წარმოდგენა არის მცდელობა ევროპამ მშვიდი ცხოვრებიდან გაიხედოს მის ფარგლებს გარეთაც და შეისწავლოს ის ადამიანები, რომლებიც ომობენ. ერთი რამ კი ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს რომელ მხარეს ომობ, არც იმას რა ტიპის და მასშტაბის ომში ხარ ჩართული. ომი ყველგან და ყველასთის ომია. 

ლაშა ჩხარტიშვილი

© 2024 All Rights Reserved