როცა თბილისის თეატრალური ფესტივალი დაიწყება
როცა ეს მოხდება, თბილისის თეატრები საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ, თეატრალები ყოველ საღამოს, ან დღეში ორჯერაც შეხვდებიან ერთმანეთს, "24 საათიც" საგანგებო გვერდებს დაუთმობს საგანგებო რეპორტაჟებს.
სოფო კილასონია
24 საათი 22.07.10
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 29 სექტემბრს ქართული პროგრამით დაიწყება, რასაც საერთაშორისო ჩაენაცვლება.
გადაკვეთის მომენტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას მოიცავს. მთლიანად ფესტივალს არაერთი სტუმარი - კრიტიკოსი და პროდიუსერი დააკვირდება. ამ ყველაფერზე ჩვენ ეტაპობრივად დავწერთ, მართალია, დეტალები ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ფესტივალის რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს დღეს უკვე შევეხებით.
კოტე მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი, ეკა მაზმიშვილი წელს მეორედ ხელმძღვანელოს ფესტივალს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ფესტივალი მისი წამოწყებაა; ეს წამოწყება უკვე შარშან თბილისის მერიამ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მნიშვნელოვანი მხარდაჭერით გამოარჩია. თბილისის ფესტივალი მხოლოდ მეორე წელს ითვლის, მაგრამ მის მომავალზე კონკრეტულ და ზოგად გეგმებს ქალბატონი ეკა უკვე გვიმხელს. მაგრამ აჯობებს, საუბარი მაინც 2010 წლის გეგმებით დავიწყოთ.
ჩვენი რესპონდენტი, ეკა მაზმიშვილი საუბარს იმით იწყებს, რომ ფესტივალის საორგანიოზაციო ჯგუფმა შედევრის ჩამოტანა შეძლო. სტრელერის "ორი ბატონის მსახური"... მართალია, ის ჯერ თბილისს არ უნახავს, მაგრამ როცა შეთანხმება არსებობს, ფესტივალის დირექტორის საუბარში დაფიქსირებული აწმყო დრო, გასაგებია.
რა იქნება კიდევ განსაკუთრებული? ამ კითხვის შემდეგ გვიყვება: "თოჯინების ირანული თეატრი, - უნიკალური. ეს მარიონეტების საოპერო წარმოდგენა. ადამიანების ზომის თოჯინები, შთამბეჭდავი, სახიერი. ირანული თეატრი საერთოდ ძალიან საინტერესოა და ეს დასი კი თავისთავადი გახლავთ. საკმაოდ დიდი ხარჯი და სირთულეა მათი სტუმრობა. მათ არ აკმაყოფილებთ ჩვეულებრივი სცენა, მათი დეკორაციის აწყობას 24 საათი სჭირდება. ტექნიკურად არის ძალიან რთული, მაგრამ ძალიან სახიერია მათი წარმოდგენები. კიდევ? კიდევ ნეკროშიუსის "ჰამლეტი", განსაკუთრებით საინტერესო ეს წარმოდგენა იქნება თეატრის დიდი მოყვარულებისთვის, პროფესიონალებისთვის. ამ დადგმას აღარ თამაშობენ და სპეციალურად ჩვენი ფესტივალისთვის აღადგინეს. მნიშვნელოვანია "კიბუც დენს კომპანი" ისრაელიდან. ეს დასი თანამედროვე ცეკვაში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში..."
საერთაშორისო პროგრამაში, ჩემი აზრით, თბილისელი მაყურებელი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს გ.ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის წარმოდგენას - "კოპენჰაგენი". ასე ვფიქრობ მხოლოდ იმიტომ არა, რომ ამ დადგმაში ცნობილი რუსი მსახიობები თამაშობენ და როგორც ვიცი, უნიკალური სამსახიობო ოსტატობით გამოირჩევიან, ასე მგონია იმიტომ, რომ რეჟისორი თემურ ჩხეიძეა და მის ამ ცნობილ დადგმას თეატრით დაინტერესებული არც ერთი მაყურებელი არ გამოტოვებს.
საინტერესო იქნება საფრანგეთიდან ჩამოტანილი წარმოდგენა ძალიან ქართული სახელწოდებით - "ციცინოს სამყარო, ან პოლიტიკური თამაშები". ეს ის დადგმაა, რომლის შესახებაც "24 საათისა" და weekend-ის მკითხველმა ბევრი იცის. კლარა შვარცემბერგის სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით.
ზემოთ უკვე ითქვა, რომ საფესტივალო პროგრამის ერთ-ერთი ეპიცენტრი ეიმუნტას ნეკროშიუსის "ჰამლეტი" იქნება. გასული წლის ფესტივალზე ჩვენ უკვე ვიხილეთ ამ ლიტველი რეჟისორის "ფაუსტი", ცოტა უფრო ადრე, მარჯანიშვილის თეატრის იუბილეს აღსანიშნავად, მისი "ოტელო", - ბევრისთვის დაუვიწყარი დადგმა, რომელმაც მგონი წინასწარ გააფერმკრთალა "ფაუსტი". თუ რეცენზიებით ვიმსჯელებთ, "ჰამლეტი" სარეჟისორო ხელოვნების იმ სიმაღლეებთან დაგვაახლოვს, რომელიც "ოტელოში" დავინახეთ. და მაინც, არ მიწყენს ლიტვური თეატრის გურუ, მისი აღმატებულება ნეკროშიუსი, თუ ვიტყვი რომ მე, მართალია საკმაოდ დაინტერესებული ვარ მისი დადგმით, მაგრამ განსაკუთრებული განცდებით მაინც ამ ფესტივალის პროგრამაში არსებულ სულ სხვა "ჰამლეტს" ველი. ისიც ლიტველია, თუმცა სულ სხვა თაობა. სწორად მიმიხვდით, ბევრად ახალგაზრდა - ოსკარას კორშუნოვასი. რეჟისორი, რომლის "რომეო და ჯულიეტა" ჩვენი ფესტივალის პირველი წლის ყველაზე დიდი სამკაული გახლდათ. რომელიც, მგონია რომ, ჩვენთვის ბევრად უფრო მოულოდნელი ენით ამეტყველდება.
- წლევანდელი პროგრამა, ალბათ ისე როგორც შარშანდელი, ორიენტირებულია ჟანრულ მრავალფეროვნებაზე. ზოგად ტენდენციაზე. სამომავლოდ თუ ექნება თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს კონკრეტული სტრატეგია, პოლიტიკა. აქცენტს გააკეთებს ექსპერიმენტზე, კლასიკაზე, თანამედროვე დრამატურგიაზე, თუ იქნება რამე სხვა?
- ჩემი აზრით, ამ წუთას მისი მრავალფეროვენება მისი საუკეთესო მხარეა. ჯერჯერობით ასეა. ამ მრავალფეროვნების შენარჩუენებას თუ შევძლებთ მომავალშიც ძალიან კარგი იქნება. იმიტომ რომ ფესტივალი არ კეთდება მხოლოდ პროფესიონალებისთვის, ის კეთდება ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც, რომელთა გემოვნება არის მრავალფეროვანი. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ამ მრავალფეროვნების ჩვენებას. სამომავლოდ, მგონი ჩვენც და მაყურებელმაც უნდა მოვძებნოთ ის, რაც შეიძლება იყოს არსებულზე უკეთესი. და მაინც, წინააღმდეგი ვარ ექსპერიმენტული მიმართულებით წასვლის, ექსპერიმენტი მაინც გულისხმობს იმას, რომ პროფესიონალ მაყურებელს ველით. ამით დისკრედიტაციას ვახდენთ საზოგადოების დიდი ნაწილის, რომელიც ამ ექსპერიმენტულ მიმართულებაში ვერ წამოგყვება. ევროპულ ქვეყნებში არის რამდენიმე სტრატეგიულად განსხვავებული ფესტივალი. თუმცა, იმასაც ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ფესტივალს უნდა ყავდეს სამხატვრო ხელმძღვანერლი. თუნდაც ყოველ წელს სხვა. სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს ტენდენცია. სამხატვრო ხელმძღაველი თავისი სტრატეგიით ყოველთვის ამართლებს. ჩემი კონტრაქტი არის ორწლიანი. ორი წლის შემდეგ ან გამიგრძელებენ ხელშეკრულებას, ან არა. ხელმეორე ვადის შემდეგ ჩემი დირექტორობა წარმოუდგენელი იქნება. ეს ჩემი მოფიქრებული წესია. გადახალისება და განსხვავებული ხედვა სჭირდება ყველაფერს. მართალია ახლა ვხვდები, რომ ორ წელიწადში ვერ ასწრებ იმის მიღწევას, რაც დაგეგმე. მგონი მეტისმეტად მოკლე ვადა შევარჩიე, მაგრამ რას ვიზამთ... მთავარი სხვა რამეა - მიზანი არის შემდეგი: ჩვენი ფესტივალი ჩვენს რეგიონში გახდეს ყველაზე ძლიერი ფესტივალი. ვგულისხმობ კავკასიას და ასევე შავი ზღვის ქვეყნებს... ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თანამედროვე ქართული თეატრი თანამედროვე ევროპულ კულტურულ სივრცეში შევიყვანოთ. ჩვენ საზღვრებს გარეთ გასვლის ერთეული შემთხვევები გვაქვს. ეს ზღვაში წვეთია. ჩვენნაირი თეატრალური ქვეყანა ბევრად მეტად უნდა მონაწილეობდეს ევროპულ თეატრალურ პროცესებში".
ქართული თეატრის განვითარებისთვის ამ ფესტივალის ქართული პროგრამა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ფესტივალის დროს ჩამოსული სტუმრები დიდი ინტერესით სწორედ ქართულ პროგრამას ადევნებენ თვალს. გასული წლის ფესტივალმა განსაკუთებული წარმატება სამ დასს მოუტანა. თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრს, თეატრალურ სარდაფს და თითების თეატრს. 2009-2010 წლებში დაგეგმილი მათი გასტროლები ფესტივალის მედიატორობის შედეგი გახლდათ.
ქართულ საფესტივალო პროგრამაზე შემდეგ სტატიაში და უახლოეს მომავალში წაიკითხავთ. ამ ეტაპზე იმის თმა შემიძლია, რომ გასული წლის პროგრამისგან განსხვავებით, წლევანდელი არაერთ პრემიერას გვთავაზობს და რეჟისორების გვარების ჩამონათვალიც საკმაოდ შთამბეჭდავია.
http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-07-22/8688.html