ჩაბერვა-არჩაბერვა...
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უცხოური სპექტაკლების პროგრამა გაიხსნა დადგმით, რომელმაც არაერთი ქვეყანა მოიარა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
თამარ კიკნაველიძე
24 საათი 07.10.10

 

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უცხოური სპექტაკლების პროგრამა გაიხსნა დადგმით, რომელმაც არაერთი ქვეყანა მოიარა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ამიტომაც ველოდებოდი ოსკარას კორშუნოვასის "ჰამლეტის" ნახვას, თორემ ჯორჯო სტრელერის უკვდავი "არლეკინი, ორი ბატონის მსახური" რომ გულგრილს არავის დატოვებდა, დარწმუნებული ვიყავი.
ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის ახლად გარემონტებული დიდი დარბაზი მაყურებლით ბოლომდე გაივსო, მაგრამ მეორე მოქმედების დაწყებისთანავე ფეხზე დარჩენილებიც აღარ ჩანდნენ და დაცარიელებული ადგილებიც დავინახეთ.
ოსკარას კორშუნოვასმა ამჯერადაც შექსპირი შემოგვთავაზა. 2009 წლის ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ "რომეო და ჯულიეტაში" თუ რეჟისორის მთავარი მიგნება მონტეგებისა და კაპულეტების საცხობში გათამაშებული სიუჟეტი იყო, ჰამლეტის ამბავი ე.წ. საგრიმიოროებთან, საგრიმიოროების გამოყენებით ვითარდება. სარკესთან თუ სარკეში მოლაპარაკე პერსონაჟების გაორებული სახეების ჩვენება ეფექტურია იქამდე, ვიდრე ერთხელ გამოყენებული ხერხი კიდევ, ორჯერ და სამჯერ არ განმეორდება და მოსაწყენი არ გახდება. კორშუნოვასი შექსპირის ტექსტს მისდევს, მაგრამ არა ისე, როგორც "რომეო და ჯულიეტაში"... იქ უხეშად არ ჩარეულა, "ჰამლეტში" კი ამის პრეცედენტი დაუშვა. "ჩაბერვა, არჩაბერვა" - ისმის სცენიდან და კორშუნოვასის ტექსტისადმი ხელშეუხებლობის "ფიცი" ირღვევა. რეჟისორი "ყოფნა, არყოფნის" სრული სერიოზულობით წარმოთქმის აუცილებლობასაც ვერ ხედავს. ამით რობერტ სტურუას "ჰამლეტი" გამახსენდა. ქართველ რეჟისორთან ეს ტექსტი კონტექსტიდან არის ამოღებული და აქცენტი სიტყვებზე, სიტყვებზე და კიდევ, სიტყვებზე უფროა გაკეთებული...
მსახიობები საგრიმიოროებთან (მაყურებლისკენ ზურგით) მანამდე სხედან, სანამ დარბაზში ყველა თავის ადგილს არ მოძებნის და სპექტაკლის დაწყების დრო არ დადგება. ჩაბნელდება თუ არა, შემსრულებლები სკამებს მიყრიან და პირველი სცენიდან დაწყებული, ბოლო ეპიზოდით დამთავრებული, დეკორაცია (ოსკარას კორშუნოვასი და აგნე კუზმიცკაიტესი) მაყურებლის თვალწინ იშლება, იწყობა, ტრიალდება... ყველა საჭირო რეკვიზიტი სცენაზეა გამოტანილი და გადაადგილ-გადმოაადგილებენ ხოლმე... როგორც "24 საათის" გუშინდელ ნომერში აღვნიშნე, სპექტაკლში ყველაფერი, მათ შორის განათება (ევგენიუს საბალიაუსკასი), ძირითადად, შავსა და თეთრშია გადაწყვეტილი (ხან ერთია აქცენტირებული, ხანაც - მეორე), მოგვიანებით ჩნდება წითელი, როგორც სისხლის სიმბოლო და ერთადერთხელ ცისფერი, რომელიც ოფელიას კაბის ფერია...
"მანდ ვინ დგახარ?" - ისმის პირველად. ამ შეკითხვას ყველა სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხმით წარმოთქვამს. მათი ტემბრი თანდათან ძლიერდება და ისტერიკაში გადადის. პერსონაჟებში განსაკუთრებულ ემოციას სწორედ შიში იწვევს, შიში იმისა, ვინმე ხომ არ უთვალთვალებს... რეჟისორის კონცეფციას დაქვემდებარებულ პერსონაჟებში კორშუნოვასის დამოკიდებულება იკითხება, მაგრამ ერთია კონცეფცია და მეორეა ის, თუ როგორ არის ჩანაფიქრი გადაწყვეტილი. ძალიან ხშირად, როდესაც ქართველი რეჟისორების სათქმელის არადამაჯერებლად გადმოცემაზე ვსაუბრობთ, მათ არ ესმით, რომ ამაში გამოსახვის მოძველებული ხერხების გამოყენებაც იგულისხმება, იმ ხერხების, რომელიც მაყურებელზე შთაბეჭდილებას ვეღარ ახდენს. ერთფეროვნება, ისე როგორც არასდროს, XXI საუკუნეში განსაკუთრებით მოსაბეზრებელია და მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე სანახაობასთან გვაქვს, ან როდესაც აქცენტს ფორმაზე ვაკეთებთ.
იმ სცენებში, სადაც კორშუნოვასის ჰამლეტი (დარიუს მეშკაუსკასი) მამის აჩრდილს არ ესაუბრება, აჩრდილი სულ შავებშია ჩაცმული, მიწაზე ფორთხვით დადის, წელში არ სწორდება და მის "ყოფნას" მხოლოდ ცხვირზე გაკეთებული მანათობელი წითელი ბურთი მიანიშნებს, სხვა შემთხვევაში კი აჩრდილს იგივე მსახიობი განასახიერებს, რომელსაც კლავდიუსი (დაინიუს გევენონისი). ის აჩრდილის როლში სულ წელზემოთ შიშველია.
არ მეგონა, თუ ქართველ მსახიობებზე ხმამაღლა, თითქმის ყვირილით, სხვა თეატრშიც მეტყველებდნენო, - მითხრა მეგობარმა სპექტაკლის დასრულების შემდეგ. მის სიტყვებზე კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოში სტუმრად ჩამოსული უცხოელის მიერ დასმული შეკითხვა - რატომ გვიყვირიან ქართველი მსახიობები სცენიდან? - გამახსენდა... კორშუნოვასის წარმოდგენაში ჰამლეტის ტრაგედია არ ჩანს. რატომ სურს შურისძიება, გაუგებარია. ჰამლეტის მამის აჩრდილის მონოლოგი იმდენად ისტერიულია, რომ მის ხელში პრინცი შურისძიების იარაღი იძულებით ხდება. თითქოსდა, მათი ისტერიის მიზეზი დანიის სამეფოში განვითარებული მოვლენები კი არ არის, უბრალოდ, ასეთი "ისტერიულები" მოევლინენ ქვეყანას. ჰამლეტი, როგორც აჩრდილი - ასეთია ჩემთვის კორშუნოვასის გადაწყვეტა. ამ მოსაზრებას მამასა და შვილს შორის თითქმის წაშლილი ასაკობრივი ზღვარიც აძლიერებს.
აჩრდილთან პირველი კონტაქტის შემდეგ, ჰამლეტი ნიღაბს იკეთებს, მაგრამ სათქმელის განზოგადების მცდელობა მიზანს კარგავს, რადგანაც ნიღაბს ბოლომდე არ "ინარჩუნებს" და, საგრიმიოროსთან აღმოჩენილი, ხან იხსნის, ხანაც იბრუნებს.
ოფელიას როლის შემსრულებელი რასა სამუოლიტე მაყურებელმა იცნო, რამდენადაც მსახიობი ჯულიეტას როლში ჰყავდა ნანახი. "ჰამლეტში" მისი სახე გამოკვეთილი არ არის და ვფიქრობ, რომ ფორმას შეეწირა პიესის შინაარსიც და საშემსრულებლო ხელოვნებაც. აქ ოფელიას ცოცხლად მანამდე მარხავენ, ვიდრე ეს პიესაში ხდება. ზოგადად ყველა მონოლოგი გაუფერულებულია. სპექტაკლს აცოცხლებს სცენაზე ხავერდის კაბებსა და სათვალეებში (ხელში ყვავილებით) "გამოწყობილი" როზენკრაცისა (ტომას ცაიბუსი) და გილდესტერნის (ჯონას ვერსეკასი) გამოჩენა, მაგრამ მათი გარდასახვით ეფექტის მოხდენაზე გათვლილი, მოულოდნელობის განცდა მაყურებელს მალე უნელდება.
სისხლი დაიღვარა და სცენაზე წითელი ქაღალდები დაფრიალებს, სათაგურის სცენიდან კი თაგვის ფორმაში გადაცმული პერსონაჟი ჩნდება და მომხდარს "მსახიობებზე" მეტად განიცდის. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა სცენამ, სადაც ჰამლეტი კლავდიუსს ესვრის, მაგრამ კვდება პოლონიუსი (ვადოტას მარტინაიტისი), მსახიობი, რომელმაც ჯულიეტას მამის როლი განასახიერა.
სხვების მსგავსად, არც ჰერტრუდას (ნელე სავიჩენკო) სახეა გამოკვეთილი. როდესაც "უბედური იორკის" თავის ქალა მის ხელში აღმოჩნდება, ის საგრიმიოროსთან ჯდება და მაკიაჟს უკეთებს მას... ესეც და ზემოთ აღნიშნულიც ერთგვარი აქცენტებია იმისათვის, რომ გითხრათ, რამდენად მეორეხარისხოვანი იყო სპექტაკლის შინაარსი, რომელიც ფორმამ "შეიწირა".
მიუხედავად იმისა, რომ ვილნიუსის საქალაქო თეატრ OKT-ს რეჟისორული ნოვაციებით ცნობილი კორშუნოვასი აღნიშნავს: "დღეს თითოეული ჩვენგანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის შეცნობას უნდა შეეცადოს. მხოლოდ ამ გზით გავარჩევთ, რა გარემოში ვართ და როგორ უნდა ვიცხოვროთ. სამყაროს შეცნობის გზაზე პარანოიად უნდა გვექცეს მხოლოდ ერთი იმპულსი - არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა. დამშვიდების უფლება არ გვაქვს, ჩვენ უნდა გადავლახოთ საყოველთაო სიმშვიდის და კეთილდღეობის შეგრძნება, რათა კიდევ ერთხელ გავაცნობიეროთ ჭეშმარიტება - სამყარო მხოლოდ ილუზიაა. სწორედ ამიტომ არის ჰამლეტი დღემდე აქტუალური და საოცრად თანამედროვე პიესა. ჰამლეტის საკრალური კითხვა, ერთი შეხედვით, აბსურდად გვეჩვენება. ჩვენი ცხოვრება ხომ იმდენად კომფორტულია, რომ მომავალი თითქმის გარანტირებული გვაქვს (ასე გვგონია). სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ მომავალი პოლიტიკური ლოზუნგებითა და კომერციული რეკლამებით არ იქმნება. მომავალი თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ არსში უნდა ეძიოს. ჩვენ უნდა ჩამოვგლიჯოთ ფარდა, რომელიც რეალურ ცხოვრებას გვიმალავს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი მშვიდი და უსაფრთხო ყოფა. ამ უსაფრთხოების მიღმა შეიძლება დიდი ხიფათი იმალებოდეს." - ვფიქრობ, ლიტველი "ჰამლეტს" ვერ მოერია.
ამ სპექტაკლისთვის მადლობას წლევანდელი თეატრალური ფესტივალის ორგანიზატორები ალბათ ყველაზე ნაკლებად მიიღებენ, რადგანაც მათ ისეთი სასწაული გვაჩუქეს, როგორიც ჯორჯო სტრელერის "არლეკინი, ორი ბატონის მსახურია". ამასთან, წინ კიდევ გველოდება, მაგალითად, ირანული მარიონეტები, ისრაელის ცეკვის თეატრი... თუმცა, ფესტივალის წარმომადგენლებს მადლობა სწორედ ამ წარმოდგენისთვის მინდა გადავუხადო, რამდენადაც ახლა უკვე საკუთარი მოსაზრება მაქვს სპექტაკლზე, რომელმაც მსოფლიოში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-10-07/10130.html
 

© 2024 All Rights Reserved