თეატრალურ-მუსიკალური პერფორმანსი „ვარდები“
2016 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრმა“ უკრაინელ გოგონათა ბენდს - დახ დოთერზ - უმასპინძლა.
თეატრალური პროექტი - დახ (Dakh) - კიევის იმავე სახელწოდების თეატრის ბაზაზე 1994 წელს შეიქმნა და კიევის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის - დახ - ფარგლებში წლიდან წლამდე ვითარდება. ამ ყოველივეს კი სათავეში უდგას უკრაინელი რეჟისორი, დრამატურგი, მსახიობი და პროდიუსერი ვლადისლავ ტროიცკი. იგი ასევე ცნობილია, როგორც უკრაინული თეატრალური ფესტივალის „გოგოლფესტი“ სულისჩამდგმელი.
საკუთარ სამშობლოში უკვე მრავალგზის აღიარებულმა გოგონათა მუსიკალურმა ბენდმა სახელი ქვეყნის გარეთაც გაითქვა და არაერთი თეატრალური ფესტივალი მოიარა. ამჯერად „დახ დოთერზ“ დიდი, შეიძლება ითქვას, სცენიდან გადმოღვრილი ქართველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითაც კი, საგანგებოდ წინასწარ დასწავლილი „გამარდჟობით“ წარდგა მაყურებლის წინაშე.
ფრიკ-კაბარეს სტილში გადაწყვეტილი მუსიკალური პერფორმანსი „ვარდები“ (აღსანიშნავია, რომ პროექტი საკმაოდ პოპულურია ინტერნეტ სივრცეში) ანტრაქტის გარეშე 90 წუთი გრძელდება. დასში მონაწილე შვიდი გოგონასგან ისეთი ენერგია და მუხტი მოდის, შეუძლებელია ყურადღების მიღმა დაგრჩეს მათი პროფესიონალიზმი, როგორც სამსახიობო და ვოკალური ხელოვნების, ასევე სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტების ოსტატურად ფლობის მიმართ. ფაქტია, ამ გოგონებმა დარბაზის და, განსაკუთრებით კი, თინეიჯერების (რომელთა უმეტესებობამაც, ზეპირად იცოდა საყვარელი სიმღერები და სიამოვნებით ჰყვებოდა წარმოდგენას) დიდი მოწონება დაიმსახურა.
ეროვნულ ფოლკლორზე ამოზრდილი სხვადასხვა მუსიკალური ნოველის გასცენურებას ვლადისლავ ტროიცკი ვიზუალური ხელოვნების ნაირსახეობების (ფერწერული ტილოები, არქიტექტურული დეტალები, ფოტოგრაფია, ჩრდილების თეატრის ელემენტები და სხვ.) პროექტორზე გაშვებით ახერხებს და მსახიობების ჭრელი და გროტესკული კოსტიუმების ფერადოვნების პარალელურად, კიდევ უფრო სანახაობრივ ელფერს სძენს წარმოდგენას.
შინაარსობრივად დატვირთული სიმღერების ტექსტების თემატიკა უნივერსალურია: გენდერული თანასწორობა, ძალადობა, სექსი, ომი, სისასტიკე, სიყვარული, მარტოობა, იმედი, ამბოხი, გამბედაობა და უდიდესი შემართება... ესაა ხმაურიანი გამოძახილი, - პროტესტი ყველაფერი იმის მიმართ, რასაც, უბრალოდ ცხოვრება ჰქვია. ესაა ჩვენი ყოველდღიურობაც, რომელიც უკრაინული დახ დოთერზის ბენდის სანახაობის მსგავსად, - ხშირად აგრესიული, მუდმივად რიტმული და მაინც, მთლიანობაში ერთი ლამაზი, მონოტონური მრავალფეროვნებაა.
მარიამ იაშვილი
ფოტოგრაფი - ბექა ჯავახიშვილი