ბნელ ბაღში, ან სასტუმრო მათუსალაში...
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა
.
სოფო კილასონია
24 საათი 18.10.10


თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ შემოდგომა დაწყებისთანავე დაიტვირთა ფესტივალებითა და კულტურული ღონისძიებებით, თეატრალური ფესტივალი ერთი თვის მანძელზე სეზონის მონოპოლისტი გახდა და სავარაუდოდ, ეს ტენდენცია სხვა ღონისძიებების ორგანიზატორებმა უნდა გაითვალისწინონ.
ქართული თეატრალური პროდუქციის ნაწილი, როგორც ამბობენ დიდი შედეგებით არ დასრულებულა. ის, რაზეც ფესტივალის მენეჯმენტი მთავარ აქცენტს აკეთებდა, ანუ პრემიერები, მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.
ლევან წულაძემ და დავით დოიაშვილმა სპექტაკლებზე მუშაობა ვერ დაასრულეს. წარმოდგენილი გახლდათ მხოლოდ თემურ ჩხეიძის ახალი დადგმა ბრაიან ფრილის “ბრმა მხედველი” და ახალგაზრდა რეჟისორის, დავით თავაძის ახალი და ზოგადად მეორე ნამუშევარი - მარიუს ფონ მაიენბურგის “მახინჯი”. სხვა დანარჩენი ქართულ პროგრამაში მარტივი პრინციპით დადგინდა. თითო წარმოდგენით თითო თეატრი. მომავალი წლისთვის საფესტივალოდ ქართული პროგრამის ჩამოყალიბებაზე ალბათ მეტი უნდა იმუშაონ, რადგანაც კრიტიკოსები, ღიად თუ კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ წარმოდგენების შერჩევა-სელექცია მეტი ყურადღებითა და გარკვეული სტრატეგიის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. და რაც მთავარია, ალბათ პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომისიის მიერ, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი დადგმა დააინტერესებს უცხოელს და არა თავად დადგმების ავტორების აქტიური ლობირებით. ერთი მხრივ ალბათ გასაგებია, რომ ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფი თავისუფლებას ანიჭებს თეატრებს, მეორე მხრივ კი ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველაზე საინტერესო და სტრატეგიულად ძლიერი დადგმების წარდგენა სწორედ ფესტივალის იმიჯის საკითხია. სხვა თუ არაფერი, უცხოელი ექსპერტები და პროდიუსერები თბილისში ჩამოდიან საინტერესო დადგმის შესარჩევად. წარმატებულად დასრულებული ეს პროცესი კი ფესტივალის წარმატებაც არის. სწორედ ასეთი პრეცედენტი გახლდათ დავით დოიაშვილის “მაკბეტის” შარშანდელი წარმატება და არაერთი გასტროლი.
რაც შეეხება უცხოურ პროგრამას. თეატრმცოდნეები ცოტას აუცილებლად იკამათებენ, თუკი უკვე არ კამათობენ, იმაზე თუ რომელი ვერსია ჯობდა. შარშანდელი თუ შარშანწინდელი. დიდი ეჭვი მაქვს ეს კამათი დღის სინათლეს ვერ ნახავს და კულუარული დარჩება. მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში მე ვწერ და არც კულუარებთან მაქვს საქმე, მოვალე ვარ მკითხველს ვუთხრა რომ ფესტივალის საერთაშორისო პროგრამისადმი დაინტერესება იმდენად დიდი გახლდათ, რომ ბილეთებს წარმოდგენამდე 2-3 კვირით ადრეც ვერ შეიძენდით. გადავსებული დარბაზები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამდენად ითხოვს საზოგადოება განსხვავებულსა და ალტერნატივას. ვერც ერთსა და ვერც მეორეს ფესტივალიდან-ფესტივალამდე ადგილობრივი რესურსებით მას ვერ ვთავაზობთ. ვერც თეატრში და ვერც სხვა სფეროებში. ასეა ან იმიტომ, რომ არ შეგვწევს ძალა შევქმნათ, ანდა იმიტომ, რომ არ გაგვაჩნია მის წარმოსაჩენად ინფრასტრუქტურა და მენეჯმენტი.
და აი, რითი შეიძლება გამოვარჩიო წლებანდელი და შარშანდელი საფესტივალო რეპერტუარი. უმთავრესად აქცენტების სიმრავლით. არც ერთი საერთაშორისო ფესტივალი არ არის დაკომპლექტებული ერთნაირად ძლიერი დადგმებით. მაგრამ მისმა მაყურებელმა ყოველთვის იცის რაზე იდება ფსონი ფესტივალის ორგანიზატორების მიერ და ყოველთვის ინტერესდება ერთი შეხედვით უფერული დადგმებითაც. ჩვენს შემთხვევაშიც სწორედ ასეა. სწორედ ფსონებს ვგულისხმობ აქცენტების ხსენებისას. მათგან უპირველესი გახლდათ ჯორჯო სტრელერის ლეგენდარული დადგმა “არლეკინი, ორი ბატონის მსახური” (კარლო გოლდონის პიესის მიხედვით). ის, რომ წარმოდგენამ მოლოდინს გადააჭარბა და მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა, ამაზე “24 საათში” დაიწერა. ასევე უკვე დაწერილია სხვა სარეპერტუარო აქცენტების შესახებ. მაგალითისთვის ნეკროშიუსის “ჰამლეტზე”, რომელმაც მაყურებლის ის ნაწილი და სხვათაშორის დიდი ნაწილი მოხიბლა, ვისაც შექსპირის პიესების რეჟისორულ ინტერპრეტაციებში იზიდავს კლასიკურად დაცული ტექსტი და ამავდროულად მის ქვეტექსტებსა და ციტატებს შორის გათამაშებული ოროგინალური ნიუანსები. ვინც გაუძლო ან გაყვა ცნობილი და ქართველებისთვის უკვე ძალიან ახლობელი რეჟისორის მშვილ და აუღელვებელ აზროვნებას სცენაზე, ის მართლაც რომ დატკბა.
გვახსოვდა რა შარშანდელი “რომეო და ჯულიეტა”, წარმოდგენა, რომელმაც შარშან საუკეთესო მოგონებები დაგვიტოვა, მისი რეჟისორის მორიგი დადგმის ხილვას ძალიან ველოდით, თუმცა კორშუნოვასის “ჰამლეტმა” თბილისში კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკული ტენდენცია არც თუ რთული გასაგები აღმოჩნდა - ორიგინალური ფორმის ძიებამ არსი დაკარგა. ყველაზე ცუდი კი ის აღმოჩნდა, რომ ეს ფორმაც ვერ განვითარდა წარმოდგენაში და პირველი ეფექტური სცენით დასრულდა ფორმისეული წიაღსვლები. ყურადღება დაიმსახურა ფრანგულმა წარმოდგენამ - ლაშა ბუღაძის “ციცინოს” ინსცენირებამ. თუმცა, ეს ყურადღება არა იმდენად წარმოდგენამ დაიმსახურა, რამდენადაც ქართველი ავტორის ფაქტორმა.
საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში კიდევ იყო რამდენიმე ჟანრობრივად განსხვავებული და საინტერესო დადგმები. სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს მოკლედ შეგახსენებთ. უპირველესად ირანულ თოჯინურ თეატრს, “როსტამი და ზოჰარი”. რადგანაც წარმოდგენა არ მინახავს სხვათა შთებეჭდილებებს ვეყრდნობი. ძირითადი გზავნილები ორი მიმართულებისა გახლდათ. ერთი დადებითი - ულამაზესი მუსიკალური გაფორმების შესახებ. საუბარია ირანულ ოპერაზე, რომლის ფოლკლორულ საფუძველზეც არის აგებული დადგმა. მეორე მიმართულება უფრო კრიტიკულია - არც თუ საინტერესო და არც თუ ახალი. მით უფრო, როცა ნანახი გაქვს გაბრიძის თეატრის წარმოდგენები...
“24 საათში” არ დაგვიწერია რამდენიმე ისეთ დადგმაზე, რომელიც მნიშვნელოვანი გახლდათ საფესტივალო რეპერტუარში. ერთ-ერთია ისრაელის საბალეტო დასის წარმოდგენა “ბნელ ბაღში” და რაც მთავარია, სანქტ-პეტერბურგის, მ.ტოვსტონოგივის სახელობის თეატრის გასტროლი თბილისში. მთავარი აქ მაყურებლისთვის კონცეპტუალურად არა რუსული დასის გასტროლი გახლდათ, არამედ ის, რომ წარმოდგენილი სპექტაკლი თემურ ჩხეიძის დადგმაა და ამ დასის ხელმნძღვანელიც სწორედ ქართველი რეჟისორია. მოკლედ ჩხეიძე გახლდათ მიზეზი იმისა, რომ ფესტივალის ერთ-ერთ ბოლო დღეს გრიბოედოვის სახელობის თეატრის წინ ლამის ჭყლეტვაში მოვყევით. რეჟისორის მიზეზით გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენის დაწყებიდან 3 საათის განმავლობაში ბევრი მოხდა - გამოცდა, დუმილი და გარდასახვა შედგა როგორც სცენაზე, ისე დარბაზში. მაგრამ უკვე მათ მიზეზებზე ხვალ ან ზეგ წაიკითხავთ. ამ სტატიის ბოლო ნაწილში კი სულ ცოტას მოგიყვებით ერთადერთ ქორეოგრაფიულ წარმოდგენაზე, რომელიც ზემოთ ვახსენე და კიდევ იმ დადგმაზე, რომლითაც ფესტივალი დასრულდა - “სასტუმრო მათუსალა”. მის წარმოდგენას თბილისში ბრიტანეთის საბჭო ლობირებდა და რომელიც რიგი მიზეზების გამო ფესტივალის ყველაზე უფერული დადგმების რიგს უნდა მივაკუთვნოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს “უფერული დადგმები” “24 საათში” საფუძვლიანად არ განხილულა.
ბნელ ღამეში
“ბნელ ღამეში... წითელი ჯარისკაცი, ყვითელი ჯარისკაცი, წითელი ჯარისკაცი ისვრის, ყვითელი უპასუხებს.” ერთი დაეცემა, მეორე იყვირებს. ეს მოკლედ ნათქვამი ამბავი ერთ ბნელ ღამეში მოხდება. “შეგიძლიათ შეეგუოთ ამას?”
ქორეოგრაფიული წარმოდგენა იმ ქვეყანაში დაიდგა, სადაც ამას და ბევრად მეტს არიან შეჩვეულნი. თუმცა, ეს ჩვენ ვფიქრობთ ასე. ომს და დაუსრულებელ სისხლისღვრას ვერ შეეგუები ადამიანი. წარმოდგენის თავსა და ბოლოში ივრითზე წაკითხული ტექსტის ბოლო შეკითხვა, სულაც არ არის რიტორიკული, მასზე პასუხი ისედაც გასაგებია.
თანამედროვე ცეკვის კომპანიას ჰქვია კიბუცი და მეტ-ნაკლებად წარმატებული საგასტროლო გზა აქვთ გავლილი. შეხედავთ და მიხვდებით რატომაც. ის დასავლურ ქორეოგრაფიულ თეატრში მიღებულ ენაზე მეტყველებს. ფართო და თავისუფალი მანერის ქორეოგრაფია, იმ ტიპის მოდერნია, რომელშიც ჯერ კიდევ ძლიერი და აქტიურია საბალეტო ბეგრაუნდი და აქტიური, ენერგიული პლასტიკა, როგორც საწყისი. ეს ენა დამოუკიდებელი დასავლური დასებისთვის ძალაიან გასაგებია, მაგრამ ნანახი წარმოდგენის არაერთი სცენა ტიპურობის ძლიერ ელფერსაც ატარებს. კორდებალეტის მუდმივად გამეორებადი კომპინაციები, ასინქრონულიდან სინქრონულზე უეცარი გადასვლები უკვე ძალიან ნაცნოვი და გაკვალული გზაა. ამას გარდა, დადგმას, რომლის ავტორს რამი ბე`ერის ძალიან კარგად ესმის პლასტიკა, მოძრაობიდან-მოძრაობაზე გადასვლის ხერხები, უჭირს სცენების გადაბმა, რის გამოცო წარმოდგენას მთლიანობა არ გააჩნია.
დადებითი: 1. წარმოდგენაში არის არაერთი ძალიან კარგი, პლასტიკურად გამართული და ემოციური ნაწილი. ძირითადად დუეტები და ერთიც სოლო. 2. მხატვრული გაფორმება. ის ასევე ქორეოგრაფს ეკუთვნის. თანამედროვე ცეკვის თეატრში დაწინაურებული განათება და კოსტიუმი არის ის, რაზეც მხატვრობა იგება. პირობითად მებრძოლების ტანსაცმელი ფორმით ზუსტად მიგვანიშნებდა შინაარსს და ამავდროულად კომფორტული და ლამაზი გახლდათ ცეკვაში. 3. მუსიკა - მაყურებლის ერთი ნაწილისთვის უბრალოდ თავის ტკივილის მიზეზი. მაყურებლის იმ ნაწილისთვის, რომელიც მიდრეკილია კონცეფციები ეძებოს ყველაფერში - საინტერესო, მაგრამ მაინც მარტივი მიგნებით. ეს იყო ელექტრონული მიქსი ყოფიდან აღებული ხმებისა და კლასიკისა. სამწუხარო აქ მხოლოდ ის არის, რომ ათეულობით საბალეტო წარმოდგენას ნახავთ ძალიან მსგავსი მუსიკით. მაგალითისთვის აღიარებული ამერიკელი ქორეოგრაფის ვეინ მაკგრეგორის ბოლო დადგმებს. ცხადია, კიბუცის ავტორი ამ ტენდენციის პიონერი არ არის და ბოლოს - 4. ყველაფერი ეს მაინც ძალიან ახალი და საინტერესო იყო ქართველი მაყურებლისთვის, განსაკუთრებით საბალეტო დასის მსახიობებისთვის, რომლებიც წარმოდგენას ესწრებოდნენ.
სასტუმრო მათუსალაში...
პირველი რაც წარმოდგენის შემდეგ გავაკეთეთ, ეს იყო დადგმის თარიღის ძებნა ფესტივალის საიტსა და კატალოგში. თუმცა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ ვერ მივაგენი. თავის დროზე კარგი წარმოდგენა ყოველთვის საინტერესოა კონტექსტისა და მისი პერიოდის გათვალისწინებით და საერთოდაც, ცინცხალი დადგმების და ექსპერიმენტების თბილისში ხილვით განებივრებულები არც ვართ. ამ წარმოდგენამ ფესტივალი დახურა, თუმცა მაყურებლისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ და რა დამსახურებისთვის. დახურვის ფაქტს რომ დავანებოთ თავი, “სასტუმრო მათუსალას” პროგრამაში ხაზგასმული მისი ექსპერიმენტული ხასიათი ექსპერიმენტის ცნების მარტივ გაგებას გულისხმობდა თურმე. საქმე იმაშია, რომ სცენაზე ძალიან ბანალურად აბსტრაქტული სიუჟეტი კინო კადრებისა და თეატრის მიქსით შამოიფარგლებოდა. ალბათ სწორედ ამიტომ მეკითხებოდა ყველა ნაცნობი - ძველი დადგმაა? ძალიან ძველი?
რაც ჩეეხება ჩემს მიერ ნახსენებ სიუჟეტს და თუ იმას, რატომ ვუწოდე მას ბანალური. ერთ უფერულ სასტუმროში პორტიესთვის ყოველი დღე იგივეა, მეორდება. ერთ ქალს იცნობს და მასთან სექსი აქვს. მეორდება ტექსტები. მძაფრდება მხოლოდ გრძნობა, რომ ეს უკვე იყო. ქალი ნერვული აშლილობის ზღვარზეა, ოღონდაც ისტერიკა ფარულია, რაც საბოლოოდ სუიციდით მთავრდება. ფონად ომია. მომაგონდა დევიდ ლინჩის ფილმები, მაგრამ ასეთი შედარებისთვის ცნობილი და ბევრისთვის სათაყვანებელი რეჟისორი დამენანა, მერე რა, რომ ჩემი მისდამი არსიყვარულიც აღწევს ხოლმე ფარულ ისტერიკას.
 

http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-10-18/10498.html
 

© 2024 All Rights Reserved