კორშუნოვასის „ჰამლეტი“, სტრელერის სასწაული და… „ზევს ჩკა“…
რეზო შატაკიშვილი
დაიწყო თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და უკვე მოხდა ორი სასწაული – ერთი სცენაზე – როცა სახელგანთმქული პიკოლო თეატრი გენიალური ჯორჯო სტრელერის უკვდავ შედევრს „არლეკინო – ორი ბატონის მსახურს“ წარმოადგენდა და მეორე – მარჯანიშვილის თეატრის მისადგმომებთან, როცა მაყურებელი თეატრს აწყდებოდა და პატრულის გამოძახება გახდა საჭირო მასობრივი არეულობისგან თავდასაცავად. მაყურებლის ასეთი ცხოველი ინტერესი – უკვე თავისთავად წარმატებაა…
რად არ დაგვეშალა სხეული?
ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა შარშანდელის მსგავსად წელსაც ლიტვის ახალგაზრდა გენიად შერაცხული ოსკარას კორშუნოვასის სპექტაკლით დაიწყო. შარშან კორშუნოვასის „რომეო და ჯულიეტამ“ მართლაც საოცარი შთაბეჭდილება დატოვა და შესაბამისად, წელსაც ყველა მოუთმენლად ელოდა მისეულ „ჰამლეტს“.
მაგრამ… რბილად რომ ვთქვათ მოლოდინი სრულიად არ გამართლდა, ფიგურალურად რომ ვთქვათ – შარშანდელ ფქვილს წლევანდელი ნაცარი ჩაენაცვლა – რომელიც თითქოს თვალებში შემოგვაყარეს…
არადა, თითქოს რეჟისორი არ ღალატობს არჩეულ გეზს – კლასიკა დადგას როგორც თანამედროვე პიესა, თითქოს ტრადიციულად ცდილობს მონახოს ახალი ფორმა, მოქმედბის ადგილსაც კვლავინდებურად ცვლის – „რომეო და ჯულიეტა“ თუ სამზარეულოში გაითამაშეს, ახლა „ჰამლეტს“ თამაშობენ – საგრიმიოროში… მაგრამ „რომეო და ჯულიეტაში“ ფორმა და შინაარსი ერთ მთლიანობად იკვრებოდა, აქ კი… ფორმა ცალკე გარბოდა, შინაარსი – ცალკე… შექსპირის ტექსტი კი მთლად იმ 9 საგრიმიორო მაგიდასავით, რომელსაც წამდაუწუმ დაარიხინებდნენ…
არადა, დაწყებით ურიგოდ ნამდვილად არ დაწყებულა… მაყურებელს მსახიობები დარბაზში დაგვხვდნენ – ზურგით, თავის საგრიმიორო მაგიდებთან იხსდნენ. დაიწყო სპექტაკლი რეპლიკის გათამაშებით – მრავალგზის ყველასგან განმეორებული კითხვით „ვინ ხარ“, ტექნიკური ხმაურიც თითქოს შთამბეჭდავ ატმოსფეროს ქმნიდა, მაგრამ…. ეს ფხაჭუნი, „სვერლოვკის“, ხერხვის, შუშის, რკინის ჭრის ხმა გრძელდებოდა მთელ სპექტაკლში დაუსრულებლად, წამდაუწუმ და ვეღარ გაიგებდი სად იყო ეს საგრიმიორო თეატრში თუ სადურგლო, საზეინკლო და სამხერხაო საამქოროებს შორის? ხრჭიალს, ფხაჭუნს ემატებოდა ერთის მხრივ ძუნწი განათება (მსახიობის სახეს რომ ვერ გაარჩევდი) და მეორეს მხრივ ნეონის განათება, სარკეების თავს რომ ანათებდა და თვალს გჭრიდა…
ლამის ვეღარ გაიგებდი ვინ იყო იმ დღეს ჰამლეტი დარიუს მეშკაუსკასი თუ შენ? იმიტომ რომ ამ ფხაჭუნ–წუილ–კაშკაშის გადამკიდეს გებადებოდა კითხვა – რად არ მეშლება ეს სხეული ესრეთ მაგარი?
ცხადია, ამ ყველაფერსაც კიდე იოლად გაუმკლავდებოდი შენს წინ შექსპირი რომ გათამაშებულიყო… ვიღაც შემომიბრუნდება და შემახსენებს რომ კორშუნოვასის „ჰამლეტი“ სახელგავარდნილია, აღიარებულია, აქებდა პრესა… მე თეატრის კანონს შევახსენებს – მაყურებელი ყოველთვის მართალია.
ნუ დამძრახავთ თუ დარიუს მეშკაუსკასის ჰამლეტს ვერ მივიღებ ჰამლეტად, იმიტომ კი არა, რომ იგი 46 წლისაა, (ასაკი რომ არაფერ შუაშია 81 ფერუჩო სოლერმაც დაამტკიცა…) არ მივიღებ იმიტომ რომ ის ვერ თამაშობს ახალგაზრდას, ახალგაზრდას რომელსაც ჯერაც მშობლების ცხოვრებით უწევს ცხოვრება. ვერ მივიღებ იმიტომ კი არა რომ ბრწყინვალე გარეგნობით ვერ დაიკვეხნის, ვერ მივიღებ იმიტომ რომ არ აქვს არანაირი სცენური ხიბლი, მისგან არ მოდის არც დრამა, არც ტრაგედია. ეს საერთოდ სპექტაკლსაც ეხება – ჟანრული აღრევაც თვალშისაცემია და მოქმედ პირთა ლოგიკაც დაღვეული. რეჟისორი გთავაზობს პირობითობას, ცდილობ გაჰყვე, მაგრამ სადღაც იკარგება… აგერ პოლონიუსმა ამოიღო მობილური ტელეფონი, ლაერტს ელაპარაკება. ე.ი. რეჟისორს ჩვენს დროში გადმოაქვს მოქმედება, მაგრამ რა გინდა? ჩაიდო ჯიბეში მობილური და გმირები გავიდნენ დღევანდელობის მომსახურების ზონიდან… ეს ხაზი აღარსად გაგრძელებულა. სამაგიეროდ, სადღაც სკრაბეზმა – ფალიკურმა ხუმრობამ ამოჰყო თავი – ჰამლეტმა სარცხვინელთან ხის ჩასაბერი საკრავი მიიდო და პარტნიორს შესთავაზა – ჩაბერვა–არჩაბერვა… როზენკრანცი და გილდესტერნი შავ ხავერდის კაბებში გამოწყობილები გამოეცხადნენ ჰამლეტს, ხელში წითელი ვარდებით. მერე რა მოხდა, იქნებ ასე გადაწყვიტეს ჰამლეტის სევდის განქარვება? მაგარამ მერე რაღად არ იხდიან? ალმადოვარის პერსონაჟები არიან?
ან ის მაჯლაჯუნა ვინაა, წითელი ცხვირი რომ აქვს და აქეთ–იქით დასუნსულებს? სპექტაკლში ერთი ქათქათა, ვეება კარგად ნაკვები თაგვიც დასუნსულებს. ფინალისკენ ჩავებსაც იცმევს „დაჟე“…
ბევრი რამაა გაუგებარი. თუნდაც ის რატომაა გამოწყობილი ოფელია იაპონურ კიმანოში? დგახარ და ფიქრობ, გეიშაა? მაგრამ, ცოტაც და მას ლაერტი დაეტაკება, ჯერ ბღლაძუნობენ, მერე ლაერტი საკუთარ დას გაჩაჩხავს (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), შენ თვალწინ ინცესტია, მერე ისევ და–ძმის ცემა–ტყეპა გრძელდება… ყველაფერს მიიღებ, მაგრამ ვეღარ დაიჯერებ რომ ძმასთან „მოსექსავე“ ქალს რამეღა დაუღვევს სულის სიმშვიდეს, თუ ძმასთან სექსმა არ დაურღვია…
სპექტაკლში კლავდიუსს და მამის აჩრდილს ერთი და იგივე მსახიობი თამაშობს, ვეღარ გაიგებ როდისაა ის მკვდარი და როდის ცოცხალი, როდისაა მამა და როდის ბიძა ჰამლეტის. მამის აჩრდილი ისეთ ისტერიკას მართავს, ჰამლეტის სიგიჟე იქნებ სულაც გენეტიკური დაავადებაა? იქნებ ამიტომაცაა სპექტაკლის დასაწყისდანვე რომ შეშლილია, თვით მამის აჩრდილის გამოჩენამდე?
სპექტაკლში არის რამოდენიმე მართლაც ლამაზი მიზანსცენა, შთამბეჭდავი სცენა – როდესაც ოფელიას მაგიდების განათებულ თავზე გადაატარებენ, როდესაც ოფელიას მონასტერში წასვლისკენ მოუწოდებს ჰამლეტი…
სტრელერის სასწაული
სტრელერის შედევრის უკვდავებას მისი „ასაკიც“ მოწმობს – 63 წლისაა…
მაგრამ იგრძნობა კი რომ შენს წინ 63 წლის წინ დადგმული სპექტაკლი თამშდება? არა და არა. სპექტაკლს ასაკი არ ეტყობა, ისევე როგორც ასაკი არ ეტყობა არლეკინოს როლის შემსრულებელს – 81 წლის ფერუჩო სოლერს, რომელიც უკვე 47 წელია თამაშობს ამ როლს… უყურებ ამ განუმეორებელი არტისტს და გაოცებს შუდარებლად შესრულებული აკრობატული ტრიუკებით, ტემპერამენტით, არტისტიზმით, 20 წლის ჭაბუკს რომ შეშურდება, მერწმუნეთ, შური ყურით არ მომითრევია – ჩემს მეგობარს, ახალგაზრდა მსახიობს, 19 წლის გიორგი ცისკარიშვილს გულწრფელად შურდა მისი… თუ „არლეკინოს“ ნახვა ვერ მოახერხეთ, იქნებ გადაჭარბებულიც გგონიათ ეს, ისევე როგორც ამ სპექტაკლის ნახვამდე გადაჭარბებულად მოგჩვენებოდა ავტორიტეტული დასავლელი კრიტიკოსების შეფასება, ამ სპექტაკლს შეუძლია სიამოვნება მიანიჭოს მასაც კი, ვინც საერთოდ არ იცის იტალიური ენა და მისი ნახვა რეკომენდირებულია ყველასთვის, მათთვისაც კი ვისაც ფეხი არ შეუდგამს თეატრშიო.
ეს შედევრი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს დადგმულია 26 წლის ჯორჯო სტრელერის მიერ… სრულიად ახალგაზრდა სტრელერმა შესძლო ჩასწვდომოდა საუკუნეების წინათ, აღორძინების ეპოქაში შობილ და შემდეგ მივიწყებული ნიღბების კომედია დელ არტეს საიდუმლოს. მისი წყალობით, იტალიამ მსოფლიოს ხელახლა აჩუქა კომედია დელ არტე. და მაინც რითი მოგვხიბლა და დაგვატყვევა სტრელერის შედევრმა?
აქ ხომ არც დეკორაცია იყო გრანდიოზული, შთამბეჭდავი, გამაოგნებელი? სცენაზე იდგა სცენა, ჩვენს თვალიწინ სწევდნენ მოხატულ ფარდებს და მხოლოდ მიგვანიშნებდნენ რომელი სცენა ოთახში თამაშდებოდა, რომელი ქუჩაში?
აქ ხომ არ იყო არც ხმის და არც შუქის ეფექტები? ჩვენს თვალწინ გამოვიდა წელში მოხრილი მოხუცი, აანთო რამპის 9 სანთელი, განათდა სცენაც (უფრო ზუსტი ვიქნებით თუ ვიტყვით რომ გაჩახჩახდა სცენა) და ისე გაიხსნა მაყურებლის წინ მეცხრე ცა, განათება არ შეცვლილა… და არც გამაოგნებელი მეტაფორები იყო, არც რებუსებს გვახვევდა რეჟისორი – თავის სატეხად…
პიესაც და ამბავიც რომელიც სცენაზე ხდება, ხომ ერთობ მუსბუქია იმისთვის რომ დაგატყვევოს? მართლაც რა ხდება? მსახურმა არლეკინომ ხელიდან არ გაუშვა ლუკმა–პურის შოვნის შანსი და მსახურად დაუდგა მეორე ბატონსაც ისე, რომ პირველმა არ იცოდა… ამ ორი ბატონიდან ერთი ბატონად გადაცმული ქალბატონი აღმოჩნდა, რომელსაც მეორე ბატონი უყვარს… ეს ინტრიგა კმარა სიცილისთვის, მაგრამ კმარა იმ შთაბეჭდილებისთვის, იმ სიამოვნებისთვის რაც მივიღეთ? სულაც არა. აბა, რამ მოგვხიბლა? იტალიელი მსახიობების განუმეორებელმა, ძალდაუტანებელმა, ლაღმა თამაშმა? მჩქეფარე ტემპერამენტმა? იტალიური რომ არ გესმის, მაგრამ რომ გრძნობ რომ ყოველი სიტყვა ქმედითია, სხეულში გამოტარებული? საოცარმა იმპროვიზაციამ? მაგრამ ეს იმპროვიზაცია ხომ ნამდვილი იმპროვიზაცია სულაც არაა, და მთელი ოსტატობაც სწორედ ამაშია რომ გიტოვებს შთაბეჭდილებას რომ მთელი სპექტაკლი იმპროვიზაციულად მიმდინარეობს – იქვე იქმნება შენს თვალწინ. იქნებ მსახიობთა ტრიუკები გვახვევდა თავბრუს? მაგრამ პირველ მოქმედებაში ხომ არც ეს ტრიუკები იყო, მაშინ რატომ ვიყავით ყველა ასე სიამოვნებისგან გატრუნულები, რაღაც საოცარ მდგომარეობაში? ანდა რატომ გვეგონა რომ მთელს სპექტაკლში ჟღერდა მუსიკა, მაშინ როცა სულ რამდენიმეჯერ აჟღერდა იგი? ან მხოლოდ ამ ფერადმა, მონატრებულმა კოსტიუმებმა გაგვახარეს?
იქნებ ამ ყველაფერმა ერთად, მონატრებულმა კოსტიუმებმა, მონატრებულმა სილაღემ, სიკეთემ, ფერადოვნებამ, მსახიობებმა და თამაშის მძვინვარე სტიქიამ , წმინდა თეატრმალურმა პლასტიკამ, რიტმმა, მეტყველებამ მოგვხიბლა?
„ნიღაბი იდუმალი, საშინელი ინსტრუმენტია. მე იგი ყოველთვის შიშის გრძნობას მინერგავდა. ნიღაბით ჩვენ თითქოსდა ვუახლოვდებით თეატრი–სასწაულის სათავეებს: ჩვენ კვლავ ვხედავთ დემონებს – უძრავნი, უცვლელნი, გაქვავებული გამომეტყველებანი, აქედან წამოვიდა სწორედ თანამედროვე თეატრი…“ – წერდა სტრელერი, სტრელერი, რომელმაც ამჯერად ჩვენ მიგვიყვანა ამ სათავეებთან და გვაზიარა სასწაულს.
იქნებ ვიღაც მომიტრიალდეს და მითხრას კიდეც, რა სასწაული, კარგი სპექტაკლი იყო, მოგეწონა და „ფენიტალა კომედიაო“, მაგრამ აქ მთავარი მოწონება–არმოწონება კი არაა, მთავარია ის, რაც გემართება სპექტაკლის ბოლოს, გემართება შენდაუნებურად – მშვიდდები, ხდები კეთილი, იქნებ სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც… გემართება ის რასაც არისტოტელე კათარზისად მიიჩნევდა და სწორედ ამიტომაა სასწაულიც…
„ზევს ჩკა“
ერევნის მოზარდმაყურებელთა თეატრმა რუსთაველის თეატრის სცენაზე არისტოიფანეს „ღრუბლები“ წარმოადგინა. თუ კორშუნოვასის „ჰამლეტი“ კამათის საღერღელს მაინც გიშლიდა, აქ საკამოთოც არც არაფერია. ერთადერთი იმაზე თუ შეეკამათები, რატომ დგამ მოზარდებისთვის არისტოფანეს „ღრუბლებს“? აბა სხვა რაზე უნდა შეეკამათო, როცა შენს წინაა ყოვლად უსუსური სპექტაკლი, სადაც ქორო სხვა არაფერია თუ არა, ტლანქი, მოუქნელი მოცეკვავეების „პატანცოვკა“? რომლის ფუნქცია აქეთ იქით გადადი–გადმოდია. თავზე ვითომ ღრუბლის ნაგლეჯები აწყვიათ, მაგრამ ვერ გაიგებ ღრუბლის ქულაა თუ ლავაში? მერე ნოტობანასაც რომ გაითამაშებენ – აცქა–ცუცქათი, ვითომ კლავიშები არიან… დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა… მაგრამ სადღაა სი? ქოროში 6 კაცია. „სი“ მოკვნეტილია… კიდევ ერთი კლავიში კიდე ჩავარდნილია, „თითის დაჭერიდან“ გვიან დგება… ან უდრო–უდროს ამოხტება…
რაზე უნდა იკამათო, როცა ზოგს ტოგა აცვია, ზოგს ფრაკი და ფრაკის შიგნით კიდევ შავი „სვიტრი“ და დამდგმელს ეს ზე–დროული გონია… ან რაზე უნდა იკამათო, ან რაზე უნდა იცინო, როცა კომედია ისევე მკვდარია, როგორც მისი ავტორი – არისტოფანე… თუმცა, ხარხარი ნამდვილად იყო, ყველა ავხარხარდით როცა დარბაზში გაისმა „ინჩეს უზუმ სოკრატ“, კულმინაცია კი მაშინ იყო როცა გვამცნეს „ზევს ჩკა“… რატომ ვიცინით ამ დროს? განა ეს უხერხული არაა? ჩვენ გვესიამოვნება ქართულის გაგონებაზე რომ ვინმეს ხარხარი აუტყდეს? აქ, არც ქართულია შუაში, არც სომხური. აქ კომიკურ ეფექტს ქმნის კლასიკური ტექსტის გაჟღერება ტექსტისთვის ასეთ უცხო და ჩვენთვის ასეთ ნაცნობ კონტექსტსა და ინტონაციაში. განა იგივე არ მოხდება, თუკი ქართველი მსახიობი, ჯულიეტას როლის შემსრულებელი, რომეოს აძახებაზე უპასუხებს – ჰააა? ან ქართველმა ჰამლეტმა რომ ყოფნა–არყოფნა წაიკითხოს როგორც შეშვენის ჭეშმარიტ ვაკელს, რა ინქება?
ვაკრიტიკებ ერევნის მოზარდმაყურებელთა თეატრს, და თან ნამუსი მქენჯნის. რა, ჩვენი მოზარდმაყურებელთა თეატრი უკეთეს სპექტაკლებს უდგამს ჩვენს ბავშვებს? აბა ესენი გაიყვანე საერთაშორისო ფესტივალზე, ნახავთ თუ აქეთ მაყურებელი არ დაუძახებს მათ „თეატრ ჩკა“…
დაიბეჭდა „პრაიმტაიმში“
http://rezoshatakishvili.wordpress.com/2010/10/12/festivali-2010/