ახალი სათეატრო ენისა თუ ფორმების, სარეჟისორო ძიებებით, სამსახიობო ოსტატობით - პოლონური თეატრი (ლიტვურ თეატრთან ერთად), რამდენიმე ათეული წელია  მსოფლიო თანამდროვე სათეატრო სივრცის ავანგარდშია. ამის უმთავრესი მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ პოლონური თეატრი მუდმივი შემოქმედებითი ძიების, გადაფასების და განახლების პროცესშია. რეჟისორთა თაობები უკვე მიღწეული, მიგნებული ფორმებით, ჟანრებით და სტილისტიკით არ კმაყოფილდებიან, იაზრებენ წარსულსა თუ მათ თანამედროვეობაში არსებულს და თავისას ქმნიან. თბილისელ მაყურებელს რამდენიმე წლის წინ, ფესტივალის ფარგლებში, საშუალება ჰქონდა ენახა მაია კლეჩევსკას სპექტაკლები. მის მიერ ლუკინო ვისკონტის ფილმის მიხედვით დადგმული „ღმერთების დაცემა“ - დაუვიწყარ მოგონებად დამრჩა. ამ სპექტაკლის გახსენებისას, პირველი ასოციაციური განსაზღვრება, რაც მიჩნდება, მონუმენტურობაა. ასევე მონუმენტურ „ტილოდ“ დარჩება ჩემს მეხსიერებაში კშიშტოფ ვარლიკოვსკის „ფრანგები“ (ნოვი თეატრი, პოლონეთი). 2017 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის უცხოური პროგრამა, მარტო ამ ერთ სპექტაკლად ღირდა.

„ფრანგები“ ვარლიკოვსკიმ მარსელ პრუსტის - „დაკარგული დროის ძიებაში“  - მიხედვით დადგა. უგრძესი, რამდენიმე ტომიანი რომანისაგან რეჟისორმა ხუთ საათიანი წარმოდგენა შექმნა. ეს არის პრუსტის ტექსტის ვარლიკოვსკისეული ხედვა. მწერლის ასოციაციური აზროვნებით დანახული და გადმოცემული ეპოქა,  რეჟისორმა თავის ასოციაციურ სათეატრო ენაზე „თარგმნა“ და მისი თვალით დანახული თანამედროვე ცხოვრება, ეპოქა ასახა სცენაზე. ადმიანის საკუთარ თავში ჩაკეტილობა, სულიერი თუ ინტელექტუალური კრიზისი, გულგრილობა, ნამდვილი გრძნობების დეფიციტი, საკუთარი ბუნების გამოვლენის შიში, სიყვარული, სიძულვილი, მოზღვავებული ვნებები, ამპარტავნება, ფუქსავატობა, გაუტანლობა, დამცირება, რასობრივი თუ სექსუალური დისკრიმინაცია, დეგრადირება...  და კიდევ ალბათ, მრავალი სხვა პრობლემა, რომელიც პრუსტის გენიალურ რომანშია, ვარლიკოვსკიმ სპექტაკლში, გარდაუვალი კატასტროფის მოლოდინის პრიზმაში გარდატეხილად წარმოაჩინა.

მარსელ პრუსტის ნაწარმოების ინსცენირებისას ვარლიკოვსკიმ და პიოტრ გრუშნიცკიმ სხვადასხვა საკუთარი თუ ლიტერატურული ტექსტები (ფედრა) ჩაამატეს. მთხრობელი ორია: მოხუცი და ახლაგაზრდა, იპოლიტე და ალფრედ დრეიფუსი. პრუსტიდან ის ტექსტები და ამბები აიღეს, რაც სარეჟისორო კინცეფციისათვის, სათქმელისათვის მნიშვნელოვანია. სპექტაკლის რიტმი პრუსტისეულად გაწელილი და დუნეა, მაგრამ ამავდროულად მაყურებელში ვენაბთა ღელვის ამღძვრელი, ემოციურია. ეპიზოდთა და სცენათა მონაცვლეობა მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.

ვარლიკოვსკის რეჟისურა, სათეატრო ხერხები, ფორმები, სტილისტიკა  გემოვნებით და დახვეწილობით გამოირჩევა. ყოველგვარი თვალში საცემი „ფოკუსების“ გარეშე, ბუნებრივად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, მაგალითად 3D გამოსახულებას, ვიდეოინსტალაციებს, აუდიო გახმოვანებას: ხმებს, ხმაურებს, ამასთან ვიოლანჩელზე ცოცხალ შესრულებას. სცენაზე მიმდინარე ამბებისა და მოვლენების ასოციაციური ასახვა უკანა კედელზე განლაგებულ ეკრანზე ხდება. ამავე ეკრანზე ეპიზოდების სახელწოდებებიც იწერება. რეჟისორმა რამდენიმე ამბად, ეპიზოდად დაყო სპექტაკლი: „სვანის მხარეს“, „ჰომოსექსუალობაზე“, „სვანის სიყვარული“, „ტყვე ქალი“, „გაუჩინარებული ალბერტინა“, „დაბრუნებული დრო“, „კომბრე“...

ვარლიკოვსკის სპექტაკლი ალტერნატიულ სივრცეებში თამაშდება (თბილისში მათ ექსპოჯორჯიას პავილიონში გამართეს წარმოდგენა).  მალგოჟატა შჩეშნიაკთან ერთად შექმნილი სცენოგრაფია სადა, მარტივი და თანამედროვეა. სასცენო სივრცე ერთდროულად ბარს, სარეპეტიციო დარბაზს მოგაგონებს. ძირითადი რეკვიზიტი, რომელსაც ძალიან დიდი აზრობრივი დატვირთვა აქვს,  გორგოლაჭებიანი მოგრძო ფორმის შუშის კოლბაა, რომელიც აკვარიუმადაც შეიძლება აღიქვა. ამ შუშის კოლბის თუ აკვარიუმის მობინადრენი არიან პრუსტი-ვარლიკოვსკისეული პერსონაჟები. დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში, მხოლოდ მოხუცი მთხრობელი, სვანი და ოდეტა არ ხვდებიან არასდროს. ამ სამის გარდა, ყველა დანარჩენი თავის საკუთარ „ნაჭუჭშია“ ჩაკეტილი. რეჟისორი ვიდეოკამერის მეშვეობით ეკრანზე, ამა თუ იმ პერსონაჟის, გამსხვილებულ ახლო ხედებს გვაჩვენებს ხოლმე. სარკეებს და მათ პრიზმაში, დამახინჯებულად  არეკლილ გამოსახულებებს, აგრეთვე უდიდესი აზრობრივი დატვირთვა ენიჭება. განათების მეშვეობით, ვარლიკოვსკი ჩრდილების ეფექტსაც იყენებს. გვერდითა კედლიდან საჭიროების დროს ტახტი ან საწოლი გამოდის. ერთი მაგიდა, ბარის სადგომი, რამდენიმე სკამი და თანამედროვე მასალისგან დამზადებული ვერცხლისფერთაროებიანი კედილი, რომელიც კრავს სათამაშო სივრცეს,   დეკორაციის რეკვიზიტს შეადგენს. ვერცხლისფერი კედელის თაროებში ვიდეოკამერაა მოთვსებული, რომლითაც ოპერატორი პერსონაჟთა მსხვილ ხედებს უშვებს ეკრანზე.  

გასაოცარია ვარლიკოსვსკის მსახიობთა ოსტატობა, პროფესიონალიზმი, ფიზიკური მომზადება. გარდა ფსიქოლოგიურ-ემოციური დატვირთვისა, „ფრანგებში“ მსახიობებს, უზარმაზარი ფიზიკური დატვირთვაც აქვთ. ზოგიერთ მათგანს, თითქმის ხუთი საათის განმავლობაში, პუანტებზე მდგომებს უწევთ თამაში.

ვარლიკოვსკის კარგადაა აქვს გამდოცემული პრუსტისეული სვედა და ირონია. თითქმის მთელი სპექტაკლი სევდანარევი ირონიის ტონალობაში მიმდინარეობს. მხოლოდ ფინალისკენ მძაფრდება ავტორი-რეჟისორის ტონი და თითქმის ტრაგიკულობამდე ადის. ადამიანთა მიერ ჩადენილი საბედისწერო შეცდომები ტრაგიკული დასასრულისკენ მიგვაქანებენ. ფინალურ სცენებში ერთ-ერთი პერსონაჟი სკაფანდრში გამოწყობილი, ფანრით ხელში გვევლინება. სამყაროს აღსასრულის ასოციაციას ბადებს ეს ეპიზოდი. სამყაროს აღსასრულში კი ვარლიკოვსკი ყველას ადანაშაულებს: ევროპას, ამერიკას, რუსეთს. მთავრობების გარდა ყოველი ჩვენგანი დამნაშავეა, ვინაიდან ცხოვრება - „მძღნერად“, „ნულად“, არარაობად ვაქციეთ. ვითომდა „ინტელექტუალებმა“, ჩვენივე თვალთმაქცობით, ზღარგადასულობით ყველაფერში, გავანადგურეთ ცხოვრება, „სოდომად და გომორად“ ვაქციეთ, მოვსპეთ ჩვენივე ხელით. კატასტროფა გარდაუვალია... სპექტაკლში რასინის „ფედრას“ ჩრთვა კი, სწორედ საბედისწერო შეცდომების გამო გარდაუვალი ტრაგიკული დასასასრულის მიმანიშნებელია.

 

მაკა ვასაძე

© 2024 All Rights Reserved