გაზეთი „არმან“, 17.10.2010.
ჩვენი მუნიციპალური თეატრი თბილისის რიგითი თეატრალური დარბაზის დონეზეა
(ღარიბფური საქართველოში ვიზიტის შემდეგ)
ბეჰრუზ ღარიბფურმა, რომელმაც ახლახანს თოჯინური სპექტაკლი–ოპერა „როსთამი და სოჰრაბი“ საქართველოს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმოადგინა, კმაყოფილება გამოხატა ამ წარმოდგენის გამართვისა და ქართველი მაყურებლის მიერ მისი მიღების გამო. ამ თეატრალურმა მოღვაწემ და რეჟისორმა „ისნასთან“ საუბარში განაცხადა: „მოულოდნელი იყო ქართველი მაყურებლის მიერ სპექტაკლის ასეთი მოწონება. მთლიანობაში ძალიან კარგი ვიზიტი იყო.“ მან ძალზე დადებითად შეაფასა რა გამოხმაურება, რომელიც თოჯინურ ოპერას „როსთომსა და სოჰრაბს“ საქართველოს პრესაში მოჰყვა, დასძინა: „ამ ვიზიტის დროს ერთი ქართველი ირანისტი გავიცანით, რომელსაც ირანის თეატრის ისტორიის შესახებ წიგნი აქვს დაწერილი და აპირებს ახალი ნაწილების დამატებას, რომლებიც თანამედროვე ირანის თეატრალურ ხელოვნებას დაეთმობა. ამ მკვლევარმა გადაწყვიტა, წიგნს დაურთოს მასალა ირანის მარიონეტული თეატრის შესახებ. ღარიბფურმა ამ ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა: „საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დასვა საკითხი თოჯინური თეატრის მასტერ–კლასის ჩატარების შესახებ. გადაწყდა, რომ სათანადო დროს ამ მასტერ–კლასს ჩავატარებ საქართველოში. ასევე განვიხილეთ საკითხი ერთობლივი თოჯინური სპექტაკლის დადგმის თაობაზე, რაც თეატრ „არანის“ დასის ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობას გულისხმობს. ეს საკითხი სათანადოდ უნდა შევისწავლო.“
რეჟისორმა ერთობლივი სპექტაკლის დადგმასთან დაკავშირებით დასძინა: „დადგმა მასტერ–კლასის ჩატარების შემდგომი პერიოდისთვის გადავიტანე. თავდაპირველად უნდა ვნახო, როგორია ქართული თოჯინური თეატრის შესაძლებლობები. ამისათვის კი, პირველ რიგში, დამჭირდება ამ რეგიონის თოჯინური თეატრის პოტენციალზე უფრო მეტად კონცენტრირება. ასეა თუ ისე, ქართული მხარე ითხოვს, რომ ეს ახალი წლის დადგომამდე მოხდეს. ვფიქრობ, აზარის თვე ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.“
ღარიბფურმა, რომლის სპექტაკლიც ნაჩვენები იქნა ისეთი ქვეყნების წარმოდგენების გვერდით, როგორიცაა: იტალია, ლიტვა, ინგლისი, კავკასიის კულტურული რეგიონი, დასძინა: „ეს მოგზაურობა ჩემთვისა და ჩემი დასისთვის ახალი გამოცდილების მომტანი იყო. ირანში ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს საქართველოსა და ირანული კულტურის გავლენის შესახებ ამ ქვეყანაზე. ეს მაშინ, როცა მრავალი ქართული სახელი „შაჰნამედან“ არის აღებული. შეგვძრა ამდენი ირანული სახელის გაგონებამ ამ ქვეყანაში.“
თოჯინური სპექტაკლების „აშურა“ და „მაკბეტი“ რეჟისორმა გამოთქვა რა კმაყოფილება ქართველი ხალხის ინტერესის გამო ირანული კულტურისადმი, განაცხადა: „ამ ვიზიტით ჩემთვის ახალი ჰორიზონტი გადაიშალა სხვა კულტურისკენ და მივხდი, რომ, სამწუხაროდ, აქამდე ამ საკითხში უგულისყურობას ვიჩენდით.“ ღარიბიფურმა აღნიშნა, რომ მისი სპექტაკლი გაიმართა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, რომელიც საქართველოს ერთ–ერთ ყველაზე დიდ და კომფორტულ თეატრს წარმოადგენს. მან დასძინა: „დარბაზს ყველა საშუალება ჰქონდა და ჩვენი ყველა საჭიროება კარგად იყო გათვალისწინებული. ზოგადად, ძალზე პროფესიული მიდგომა ჰქონდათ ჩვენ მიმართ.“
„საბრალონისა“ და „ბიძია თომას ქოხის“ რეჟისორმა გაოცება გამოთქვა საქართველოს თეატრების პოტენციალის გამო და შენიშნა: „საოცარია, რომ ამ 1,5 მლნ.–იან ქალაქს დიდი ევროპული ქალაქების დონის თეატრალური პოტენციალი აქვს. ამ ქალაქში მაღალპროფესიული თეატრალური დარბაზების გარდა, არსებობს თეატრის სხვადასხვა მუზეუმი, როგორიცაა, მაგალითად, თოჯინების მუზეუმი. ეს ყოველივე კი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენი ქვეყანა უძვირფასეს საგანძურს ფლობს, რომელიც არ გამოგვიყენებია, რადგან საქართველოს პოტენციალი ხელოვნების სფეროში (სივრცის თვალსაზისით) გაცილებით მეტია, ვიდრე 10 მილიონიანი თეირანისა... ვერც მე და ვერც ჩემი დასის წევრებს ვერ წარმოგვედგინა, თუ თბილისში ასეთ შესაძლებლობებს გადავაწყდებოდით. არქიტექტურის თვალსაზრისით და, აგრეთვე, პროექტირებაში პროფესიული მიდგომის მხრივ, ჩვენი მუნიციპალური თეატრი თბილისის რიგითი თეატრალური დარბაზის დონეზეა. და ეს მაშინ, როცა საქართველო ღარიბი ქვეყანაა, დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსების გარეშე, მაგრამ მდიდარი კულტურაც აქვს და ძლიერი მენეჯმენტიც.“
თოჯინური თეატრის „არანის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ორივე წარმოდგენა მაყურებელმა გულთბილად მიიღო და გაიხსენა: „პირველი შესრულების დროს დარბაზში დენი გამოირთო და იძულებულნი გავხდით, რამდენიმე წუთით წარმოდგენა შეგვეჩერებინა. მაყურებელი მთელი ამ ხნის მანძილზე დარბაზში დარჩა, რას იმის მაჩვენებელია, რომ მაყურებლის კულტურა საქართველოში ძალიან მაღალია.“
ღარიბფურმა ამ ფესტივალის სხვა მონაწილეთა შესახებაც ისაუბრა და თქვა: „ჩვენი დასის გარდა, რომელიც ერთ–ერთ ყველაზე პროფესიულ დასად ითვლება, მილანის მცირე თეატრის დასიც მონაწილეობდა, რომელიც იტალიის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი თეატრალური დასია. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ფესტივალის ორგანიზატორები საუკეთესო პროფესიულ დასებს ეძებენ.“ მან ამ ფესტივალის ერთ–ერთ დადებით მხარედ მიიჩნია მონაწილეთა მაღალი დონე და განმარტა: „მიწვეული იყო 13 დასი, რომელმაც 17 სპექტაკლი წარმოადგინა. ფესტივალმა დაახლოებით 18 დღეს გასტანა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იქაური პასუხისმგებელი პირები ხარისხზე ზრუნავენ და არა – რაოდენობაზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი კულტურის სფეროს ხელმძღვანელი პირებიც ისწავლიან ასეთ მიდგომას.“
ღარიბფურმა ისაუბრა ირანული კულტურის ადგილსა და მნიშვნელობაზე საქართველოში და დასძინა: „საქართველოში „შაჰნამეს“ 7 სრული თარგმანი არსებობს.“