დავით ბუხრიკიძე

თბილისის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს რიხიანი და მსუყე დასაწყისი აქვს - ბიუჯეტი მილიონ ექვსასი ათასი ლარი, ბილეთები სპექტაკლზე "ჯოჯოხეთური კომედია, სერიული მკვლელის აღსარებანი" ჯონ მალკოვიჩის მონაწილეობით - 50-250 ლარი. განსხვავებით წინა ფესტივალისგან, რომლის ყველა უნებლიე თუ შემოქმედებით "ცოდვას" მხოლოდ ეიმუნტას ნეკროშუსის ასაკოვანი "ჰამლეტიც" კი გამოისყიდდა, წლევანდელი გახსნა კარგად ადაპტირებული საერთაშორისო კონიუნქტურისა და მსუბუქი თეატრალური შარლატანობის ნაზავს უფრო ჰგავდა. შამპანური რუსთაველის თეატრის ფოიეში და დეტექტორები შესასვლელში ნიშნავდა, რომ იქ საჭირო ხალხია, თვალისთვის საამო სამოსი და რასაკვირველია, სახელისუფლებლო დესანტიც, რომელმაც ლიტვური საკალათბურთო ვნებებიდან თეატრალურად მღელვარე თბილისში გადმოინაცვლა.

ინტელექტუალი ამერიკელი მსახიობის რამდენიმე კინოროლი (ვიკონტ დე ვალმონი "სახიფათო კავშირებში", ბრმა მდგმური ფილმში "ადგილი გულში", ფსიქოპატი მკვლელი კლინტ ისტვუდის "ცეცხლის ხაზზე"), ცხადია შესანიშნავი რეკლამაა, ისევე როგორც მისი ერთდღიანი სტუმრობა ფესტივალზე. საათისა და ორმოცი წუთის განმავლობაში უდავოდ მომხიბლავმა მალკოვიჩმა მინიმალური აქტიორული ენერგიითა და "ვან მენ შოუს" ტიპიური ამერიკული იუმორით, მაქსიმალური შედეგი მიიღო - თეატრის ნიუანსებში გაუწვრთნელი პუბლიკა ისეთი ოსტატობით და შარმით გააცურა, როგორც მისმა სცენიურმა გმირმა, ჯეკ უნტერვეგერმა შეაცდინა და მერე დახრჩო ახალგაზრდა ქალები, უფრო ზუსტად, საოპერო დივები სცენაზე.

ერთი შეხედვით აშკარა ინტელექტულური სპექტაკლი, რომელიც რეჟისორმა მაიკლ შტურმინგენმა ვენაში დადგა, ტიპიურ ავსტრიულ კულტურულ არქეტიპებს ეყრდნობა - ფსიქოანალიზი, ოპერა და ლიტერატურა. რეალურად მომხდარ ამბავს (ავტრიელმა სერიულმა მკვლელმა, პოეტმა და ჟურნალისტმა ჯეკ უნტერვეგერმა ათობით მსუბუქი ყოფაქცევის ქალი დახოცა ევროპისა და ამერიკის ქალაქებში) საოპერო რეჟისორმა ერთგვარი კონცეფტუალური ახსნა მოუძებნა. სცენაზე ვენის აკადემიის ორკესტრი ზის, ორი სოპრანო - კირსტენ ბლეიზი და მარტინ გრიმსონი "შეცდენილებს" შეძლებისდაგვარად თამაშობენ და საოპერო არიებს მონდომებით მღერიან. ვივალდის, ბოკერინის და ძირითადად, მოცარტის ოპერებიდან.

 

საეჭვოა პუბლიკა კარგად იცნობდეს მოცარტის ადრეულ ოპერებს. ალბათ ამიტომაც ეტანებოდა მობილური ტელეფონების ეკრანებს ათწუთიანი და ძირითადად დრამატული არიების მოსმენისას. და ვიდრე სათანადოდ გამოფხიზლდებოდა, ჯონ მალკოვიჩის ჯეკი მარტივი და ზუსტი მეთოდით უსწორდებოდა ქალებს: ირონიული ტექსტით, საფირმო და ცალყბა ღიმილით, ზუსტი შეფასებებით, სერიული მკვლელისადმი ოდნავ ცინიკური თუ ინტელექტუალური დამოკიდებულებით... სიმართლე ვთქვათ, მუდმივი წყვეტა სცენურ ქმედებასა და ვოკალს შორის, საოპერო რეჟისურის ძირითადი ნაკლია და ამის აღმოსაფხვრელად რეჟისორები, ისევე როგორც მაიკლ შტურმანი, ათასგვარ ხერხებს იგონებენ. ეს ეხება ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლსაც, რომელიც საკონცერტო ნომრებისა და დრამატული წარმოდგენის შუალედურ ფორმას უფრო ჰგავდა.


"ჯოჯოხეთური კომედია" ერთი მსახიობის, ორი სოპრანოსა და ორკესტრისათვის უფრო სცენური ექსპერიმენტია, ვიდრე სრულფასოვანი დრამატულ-ვოკალური წარმოდგენა. არც ისაა გამორიცხული, რომ სხვა სივრცესა და ინტიმურ სცენურ გარემოში (უფრო მცოდნე და ინტელექტუალუ პუბლიკის გათვალისწინებით) სპეტაკლს სრულიად სხვა დატვირითვა ექნებოდა... მაგრამ ეს უკვე სხვა "ოპერა" იქნებოდა. სახელების, სალამ-ქალამის, ქალაქაის მერთან გასეირნების გახსენების, საამო გასტრონომიის, სნობიზმისა და "გაკეთებული" ზეიმის გარეშე. გარდა ამისა, როცა "ჯოჯოხეთური კომედიის" დროის ორი მესამედი საოპერო არიებს ეთმობა, თუნდაც პუბლიკისთვის უცნობი და რეჟისორისათვის საყარელი მოცარტის "ტიტუსის მოწყალებიდან" და "იდომენეოდან", ძნელია ჯონ მალკოვიჩის მსახიობური შესაძლებლობები ბოლომდე შეაფასო.

დღეს არავის ახსოვს, რომ ჯეკ უნტერვეგერის ისტორია თავის დროზე პოლიტიკური ვნებათაღელვის მიზეზი გახდა. ავსტრიელმა მემერცხენენე ინტელექტუალებმა 80-იან წლებში ავსტრიის პრეზიდენტს, კურტ ვალდჰაიმსაც კი მიმართეს ციხიდან მისი გათავისუფლების შესახებ, ხოლო ციხიდან გამოსულმა და "გამოსწორებულმა" ჯეკმა კიდევ რამდენიმე ქალი გააუპატიურა და დახოცა. ასე, რომ ზოგჯერ ცუდი ისტორიები შთაგონების კარგი წყაროა და როცა ამ წყაროს მალკოვიჩის სახელით "ჩამოასხამენ" და მთელ მსოფლიოში ნაქები ბრენდით სახით წარმოადგენენ, გეუხერხულობა ხარსიხში ეჭვი შეიტანო. არადა, ეჭვი დეკარტეს ენაზე რაციონალიზმს, ანუ სიფხიზლეს ნიშნავს. მაშინაც, როცა ვივალდის ღვთაებრივ "Cara sposa"-ს უსმენ და მაშინაც როცა "მაკლოვიჩად ყოფნა" სცენაზე დიდი მოლოდინის შემდეგ იმედგაცრუებად გეჩვენება.

თბილისური ფესტივალი "ჯოჯოხეთით" იწყება. ჯონ მალკოვიჩი კი ხვალ უკვე კვიპროზე გადაინაცლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ შოუ, ანუ მსოფლიო ტურნე სერიულ მკვლელზე უნდა გაგრძელდეს!

http://shokoladi.ge/content/zeimi-jojokhetit-itsqeba

© 2024 All Rights Reserved