თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული სპექტაკლების პროგრამის პირველი დღე ამაღლებულ ნოტაზე დასრულდა. ამაღლებული განწყობა კი ქართველ და უცხოელ კრიტიკოსებს მოძრაობის თეატრის სპექტაკლმა „ინტრო“ შეუქმნა. სივრცე, რომელშიც მოძრაობის თეატრი მოღვაწეობს, თავისთავად ბადებს თავისუფლების განცდას და გამზადებს განსხვავებულთან, ორიგინალურთან შესახვედრად.
მოძრაობის თეატრის ახალი სპექტაკლი „ინტრო“ ერთგვარი გადაძახილია წარსულის მომავალთან აწმყოს გავლით. სპექტაკლი-წარმოსახვა ამ უჩვეულო თეატრის ისტორიის ერთგვარი ნარკვევი და მეგზურია, რომელიც მის წარსულში გამოგზაურებს, გიჩვენებს დღევანდელობას და სამომავლო პერსპექტივას. შესაბამისად, გახსენდება ამ თეატრის განვლილი გზა და რწმუნდები მის შესაძლებლობებში.
კახა ბაკურაძე ორიგინალურად ახერხებს სათეატრო ხელოვნების ყველა ფორმის ერთ სივრცეში თავმოყრას. „ინტრო“ ერთგვარი სათეატრო ხერხების მიქსია, სადაც ერთმანეთს მარიონეტებისა და თოჯინების თეატრის ფორმები ენაცვლება, აკრობატიკას ცეკვა და მოძრაობა (ზოგჯერ ერწყმის კიდეც ერთმანეთს), მრავალფეროვანი მულტიმედიური ხერხი და საცირკო ელემენტები, სიტყვა და ცოცხალი მუსიკა, რომელიც თანაბრად და ლოგიკურად გამოხატავს სათქმელს. კახა ბაკურაძის ამ სპექტაკლში აქცენტი მხოლოდ ვიზუალზე და გამომსახველობით საშუალებებზე როდი კეთდება, რეჟისორი არც მხოლოდ მისი დასის მსახიობების ფიზიკური შესაძლებლობების დემონსტრირებას და ამით თავის მოწონებას ცდილობს მაყურებელთან, სპექტაკლის მიზანი არც მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნების მინიჭებაა მაყურებლისთვის, არამედ გარკვეული სათქმელს ამბობს, რომელიც თითქოს უმნიშვნელოდ, გაურკვევლად და ბუნდოვნად წამოსროლილი რამდენიმე ფრაზაშია გაბნეული. ძირითადი გზავნილი საზოგადოებისადმი და სპექტაკლის მთავარი შეგონება სწორედ მედროვე და ლაქია ადამიანებს ეძღვნებათ.
სპექტაკლი სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური კომპოზიციების თანხლებით ცოცხლად სრულდება. გულწრფელი ემოციით და მაღალი მხატვრული ხარისხით შესრულებული „გიჟური“ მუსიკა მაყურებელს განსაკუთრებულ ემოციას გვრის და სასიამოვნო განწყობასაც უქმნის, რომელიც მოძრაობის თეატრის სხვადასხვა სივრცეში გათამაშებული მოქმედებების ფონი კი არა, ორგანული, აზრობრივად დატვირთული ნაწილია. მუსიკას ცოცხალად ავტორთან და რეჟისორთან ერთად კახა ახალციხელი (გოგიძე) და იოსებ ნადაშვილი ასრულებენ, რომელთაც არაჩვეულებრივად ერწყმის ლელა გადრანის ვოკალი. სპექტაკლის მთავარ გმირს, მარიონეტად ქცეულ მთხრობელს კი ირაკლი ხოშტარია, ხატია მანჯავიძე და თეა ბახტაძე „აცოცხლებენ“, რომელიც მაყურებელს ერთგვარ მეგზურობას უწევს და სპექტაკლის ვერბალურ ნაწილსაც ის „ახმოვანებს“ შეკრებილ საზოგადოებაში.
კახა ბაკურაძე მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ ხერხებთან ერთად მულტიმედიის არაერთ ხერხს იყენებს. გრაფიკულს (რომელიც ხან წარმოსახვითია, ხანაც რეალური) ცოცხალი მულტიმედია ენაცვლება, პარალელურად კი მოქმედებები სამ განზომილებაში (იატაკზე, კედელზე და ზეცად ქცეულ ატმოსფეროში) მიმდინარეობს. ასეთ სამ სიბრტყეზე სამივე განზომილებაში შესრულდა სანდრო ნიკოლაძისეული „ტანგოს“ ვერსია „არანორმალური“ მსახიობებით, რომლებიც კედელზე და ჰაერში გამოკიდებულები ისეთივე ბუნებრივ გარემოში გრძნობენ თავს, როგორც თევზი წყალში. ამ ამოცანის დაძლევაში მათ ხელს ანუკა მურვანიძის მიერ შექმნილი კოსტიუმებიც უწყობს, რომელიც მოსახერხებელია არა მხოლოდ არტისტებისათვის, არამედ მაყურებლისთვის გარკვეული მინიშნების ამოსაცნობად და საორიენტაციოდ. სცენური სივრცე, რომელიც სცენოგრაფმა გადაწყვიტა სრულიად ერწყმის მოძრაობის თეატრის ორიგინალურ ატმოსფეროს.
მცირე ზომის ნოველები, რომელებიც პოეზიის, მუსიკისა და მოძრაობის სინთეზს წარმოადგენს, დინამიკურად ენაცვლება ერთმანეთს და ინტერესით განაწყობს მაყურებელს მომდევნო ნოველისადმი, რომელიც ფინალამდე სულ უფრო და უფრო რთულდება (ტექნიკური თვალსაზრისით). მოძრაობის თეატრის მსახიობები ეკა წილოსანი, ანა ცინცაძე, იაკობ გოგოტიშვილი, კახა არევაძე, გიორგი გოგავა, სალომე ქავთრაძე, შალვა გოგოლაძე, გიორგი ღონღაძე და ლაშა რობაქიძე განსაკუთრებულ ეფექტს ახდენენ მაყურებელზე. ისინი გრძნობენ და არავერბალური საშუალებებით გადმოსცემენ მათ განცდებს, დამოკიდებულებებს, რომლებიც მაყურებლსაც გადაედება და ბოლომდე რთავს წარმოდგენის მსვლელობაში. ქაოტური სინქრონი და სიზუსტე შეხედულებებს მათ პროფესიონალიზმზე კიდევ უფრო ამყარებს. ამავდროულად, მაყურებელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას სამ სიბრტყეზე (პირობითად სცენაზე, თეატრის კედელზე და ჰაერში) შესრულებული „ტანგო“ ახდენს, რომელის წარმოდგენის ყველაზე შთამბეჭდავი და ამაღელვებელი „ნომერია“.
კახა ბაკურაძე სპექტაკლს ორიგინალურად ასრულებს, ე.წ. „პაკლონი“ (რაც მაყურებლისთვის მადლობის გადახდას გულისხმობს) აქ პირდაპირი მნიშვნელობით დაიტვირთა და მხოლოდ თავის დაკვრით როდი შემოიფარგლა. თითოეული შემსრულებელი პირადად მიდის მაყურებელთან და მადლობას ხელის ჩამორთმევით უხდის. ასეთი ორიგინალური ფორმით მაყურებელთან ურთიერთობის შემდეგ, ძნელია არ გაგიჩნდეს განსაკუთრებული პატივისცემის გრძნობა შემსრულებლების მიმართ, რაც არ უნდა ნეგატიურად იყო განწყობილი მათ მიმართ წარმოდგენის დასრულების შემდეგ.
ლაშა ჩხარტიშვილი