გუშინ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის, ქართული სპექტაკლების პროგრამა (Georgian Showcase) დასრულდა, რომელიც 5-დან 8 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. აგერ უკვე 7 წლის განმავლობაში, ქართული სპექტაკლების პროგრამის წყალობით თეატრებს, საქართველოს მასშტაბით, ეძლევა შესაძლებლობა თავისი სპექტაკლები გაყიდოს უცხოურ ბაზარზე. გარდა ამისა, დაიგეგმა და შემდგომ განხორციელდა არაერთი საერთაშორისო პროექტი.
რეჟისორები: ლევან წულაძე, დავით დოიაშვილი, ბესო კუპრეიშვილი, ავთო ვარსიმაშვილი, დათა თავაძე - დღეს ევროპაში ცნობილი სახელებია. მათ ხშირად იწვევენ სპექტაკლების დასადგმელად სხვადასხვა ქვეყანაში. ასევე განხორციელდა კოპროდუქციებიც. მაგალითად: ლევან წულაძის „კაპიტან კორელის მანდოლინა“ ბრიტანელებთან ერთად, ბესო კუპრეიშვილის „ჩემი ჰამლეტი“ - ქართულ-ბრიტანული პროდუქციაა, ლევან წულაძის „შეშლილის წერილები ქართულ-იტალიური თანამშრომლობის შედეგია. Georgian Showcase-ის წყალობით, რამდენიმე რეგიონული თეატრი მიიწვიეს სხვადასხვა ფესტივალზე, ხოლო - ქუთაისის, ბათუმის, ფოთის თეატრებმა სხვადასხვა ქვეყანასთან ერთობლივი პროექტებიც განახორციელეს. მოკლედ, იმის თქმა მსურს, რომ როდესაც საქართველოს თეატრებში, სეზონის განმავლობაში იდგმება კარგი სპექტაკლები, უცხოელ ექსპერტებს აუცილებლად გააქვთ ისინი მსოფლიო სათეატრო სივრცეებში.
განვლილი 6 წლის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამებმა, იმდენად გაითქვა სახელი, რომ წელს Georgian Showcase-ზე, ქართული სპექტაკლების დასათვალიერებლად, უცხოელი სტუმრების: ფესტივალის დირექტორების, პროდიუსერების, კრიტიკოსების, რეჟისორების, ექსპერტების - უპრეცენდენტოდ დიდი რიცხვი - 73 სტუმარი გვეწვია. მათ შორის, წლევანდელ ფესტივალს - თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (IATC) პრეზიდიუმის 12 წევრი სტუმრობდა, რომლებმაც რუსთაველის თეატრის VIP დარბაზში, პრეზიდიუმის 2 სხდომა ჩაატარეს. ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში, გარდა სპექტაკლებისა, საფესტივალო გუნდის მიერ, დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც, რუსი თეატრმცოდნის და კრიტიკოსის მარინა დმიტრევსკაიას წიგნის - „თბილისური მარიონეტების ისტორია, საუბრები რეზო გაბრიაძესთან თოჯინებზე, ცხოვრებასა და სიყვარულზე“ - პრეზენტაცია. ავტორი, რეზო გაბრიაძის შემოქმედების და თბილისის მარიონეტების თეატრის შესახებ ცალკეულ სტატიებს, 4 წლის განმავლობაში „პეტერბურგსკი ტეატრალნი ჟურნალში“ (Петербургский театральный журнал) აქვეყნებდა, შემდეგ კი წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე. 10 წლის შემდეგ, ითარგმნა ქართულ ენაზე და 8 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, ავტორმა თავისი ნაშრომი წარუდგინა ქართულენოვან მკითხველს.
IATC-ის წევრებს, საქართველოს სექციის თავმჯდომარის, ქალბატონ ირინა ღოღობერიძის თაოსნობით, 7 ოქტომბერს, მიღება ჰქონდათ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. უცხოელმა კრიტიკოსებმა, მინისტრის მოადგილეებთან ქალბატონ მანანა ბერიკაშვილთან და კახი კანდელაკთან საუბრისას, აღნიშნეს, რომ ისინი გაოცებულები არიან, ვინაიდან ამგვარ პატარა ქვეყანას, ასეთი ტრადიციული, იმავდროულად თანამედროვე, და მრავალმხრივი თეატრი აქვს. განსაკუთრებით აღნიშნეს ქართული სამსახიობო სკოლის მაღალი დონე და ის ფაქტი, რომ თეატრში ბევრი ახალგაზრდა დადის.
2015 წ. ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში, ფესტივალის ორგანიზატორებმა უცხოელ სტუმრებს წარუდგინეს, IATC -ის საქართველოს სექციის და საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის მიერ - 12 რეკომენდირებული, 5 პრემიერა და 2 დამატებითი (წინასწარ გაუთვალისწინებელი) სპექტაკლი. აქ, აღარ ჩამოვთვლი იმ თეატრებსა და სპექტაკლებს, რომლებიც უცხოელმა სტუმრებმა ნახეს (დაინტერესებულმა მკითხველმა ეს ინფორმაცია ფესტივალის საიტზე შეუძლია მოიძიოს). ერთს ვიტყვი მხოლოდ, თბილისის გარდა წარმოდგენილი იყო რეგიონული თეატრებიც: ქუთაისი, ფოთი, ბათუმი. სამწუხაროდ, წლევანდელმა ჩვენებამ არც თუ ისე კარგი შთაბეჭდილება დატოვა შემფასებლებზე. ყველა, ვინც პირველად არ სტუმრობდა საქართველოს და ფესტივალს, ერთხმად აღნიშნავდა, რომ ქართული თეატრების შარშანწინდელი და შარშანდელი პროდუქცია, მხატვრული თვალსაზრისით, ერთი-ორი სპექტაკლის გარდა, წლევანდელს ბევრად აღემატებოდა. ეს, ჩვენთვის, ქართველი კრიტიკოსებისთვის სიურპრიზი არ იყო. ყველამ კარგად ვიცით, რომ გასული სეზონი არ გამოირჩეოდა მაღალმხატვრული წარმოდგენებით. ამაზე კარგად უნდა დაფიქრდნენ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, ვინაიდან წელს თეატრებმა, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ, დიდი შანსი დაკარგეს თავიანთი პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის. სხვადასხვა მიზეზით, გასულ სეზონში, სპექტაკლები არ დაუდგმათ: არც ლევან წულაძეს, არც დათო დოიაშვილს, არც დათა თავაძეს... ვფიქრობ, ეს სერიოზული დაფიქრების და განსჯის საგანია. ვნახოთ, რა შედეგებს მოიტანს წლევანდელი Georgian Showcase, როგორ შეაფასებენ ჩვენს სპექტაკლებს სახლში დაბრუნებული უცხოელი სტუმრები.
მაკა ვასაძე