დედა - ნანა, მღვდელი - ზაზა
პოლიტიკური პიესა, ანუ უბრალოდ ციცინო
სოფო კილასონია
24 საათი 12.10.10
პოლიტიკური პიესა, ანუ უბრალოდ ციცინო
იცნობ ციცინოს? - მეფისტოფელი იუარებს. საოცარია და, ციცინოს არც ღმერთი იცნობს. სამაგიეროდ, 19 წლის ქართველ ქალიშვილს, რომელიც დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ ჯერ კიდევ 11 წლის წინ გამოიგონა, კარგად იცნობს ფრანგი თეატრალების ის ნაწილი, რომელმაც არ დაიზარა და პარიზიდან სულ ახლოს მდებარე ლა რიშის თეატრი მოინახულა. მას უკვე ვიცნობთ ჩვენც. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ფრანგული დადგმა მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენაზე გათამაშდა.
მიმდინარე წლის 7 ივნისს პარიზთან ახლოს, ლუი XI-ის საყვარელ ქალაქში მის მიერვე აგებულ შატო ლე პლესიში, რომელიც დღეს თეატრალური ხელოვნების ცენტრია, ლაშა ბუღაძის "ციცინოს" პრემიერა შედგება. ფრანგულად ამ დადგმას "ციცინოს სამყარო, ანუ პოლიტიკური პიესა" ჰქვია.
აღნიშნული პიესა რუსულად მოსკოვში მცხოვრებმა თეატრმცოდნემ მაია მამალაძემ 9 წლის წინ თარგმნა. ეს იყო მისი პირადი ინიციატივა. სწორედ რუსულიდან ითარგმნა ფრანგულად. ევროპამდე ქართულ ტექსტებს აშკარად რთული და ხიფათიანი გზის გავლა უწევთ - ისევ და ისევ რუსეთის გავლით...
პირველად ეს პიესა რეჟისორმა და მსახიობმა ოქსანა მისინამ მოსკოვში წარადგინა, ჯერ მხოლოდ კითხვის ფორმით, შემდეგ ნახევრად დადგმა-ნახევრად კითხვა შედგა "მხატში"; ამას მოჰყვა ის, რომ "ციცინო" გაიცნეს ლუბიმოვკაში, დრამის ფესტივალზე; მალევე დაიდგა პოლონეთში, ბიდგოშის თეატრში რეჟისორ ადამ ორეხოვსკის მიერ. საქართველოში ბუღაძის აღნიშნული პიესა სამეფო უბნის თეატრში მსახიობებმა დრამატურგთან ერთად წაიკითხეს. დადგმით არ დადგმულა. "ციცინო", როგორც თეატრალური წარმოდგენა, თბილისში პირველად გუშინწინ და იმის წინ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ვიხილეთ. "ციცინო" ფრანგულმა დასმა "სხვენში" ორჯერ ითამაშა და ლაშა ბუღაძეს საკუთარ რემარკებსა და დიალოგებზე, ოღონდ ფრანგულად გახმოვანებულზე, დროულად და ხალისიანად ეცინებოდა. ეს უკვე კარგია.
გადაძახილი "ფაუსტის" ამოუწურავი თემისა და პერსონაჟებისკენ არ არის ერთადერთი რეცეფცია. უკვე ტექსტის შუაგულში ჟანა დ`არკის ორეულის სახე სატირულ ხასიათში იკვეთება - ციცინო ხომ 19 წლის უმწიკვლო არსებაა, რომელსაც წმინდანების ხმა ესმის და კავკასიის ყველა ომისა და უბედურების მოგვარების სურვილი ამოძრავებს. ცხადია, ეს ხომ ის ავტორია, რომელიც ყველა მის მიერვე დაწინაურებული თემის ირონიზირებას ახდენს, მაგრამ წაიკითხავთ პიესას და მიხვდებით, რომ ფრანგების ინტერესი ამ ტექსტისადმი შესაძლოა აღძრულიყო არა მხოლოდ ჟანას ფაქტორის, არამედ მწვავე პოლიტიკური კონტექსტის გამოც.
"ციცინო" პოლიტიკური პიესაა, პიესა ომზე ზოგადად და, კონკრეტულად, კავკასიურ ომებზე. მაგრამ, როგორც რეჟისორი კლარა შვარცემბერგი მეუბნება, მისთვის საინტერესოა არა რაღაცის ამოხსნა, არა პასუხი, არამედ რეაქცია. ალბათ ასოციაციაც და სიმპტომებიც. ეს ტექსტი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ რაც საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაწერილა, დიდწილად ომზეა, ან ომით შთაგონებული.
კლარა შვარცემბერგი საქართველოში პირველად ამ ფესტივალის ფარგლებში არ აღმოჩენილა. პიესაზე მუშაობის დროსაც ესტუმრა ჩვენს ქვეყანას. მან დააგროვა ინფორმაცია საქართველოზე, კავკასიაზე და ერთგვარი კვლევაც კი ჩაატარა. რეჟისორს ჰქონია მცდელობა გაეანალიზებინა რეგიონი ესთეტიკური, სოციალური, ისტორიული, მხატვრული კონტექსტებით. ამაზე მეტყველებს დადგმის პროგრამა ფრანგი მაყურებლისთვის, მაგრამ სიღრმისეულ კვლევაზე ცოტა რამ მეტყველებს თავად დადგმაში. ანალიზის საფუძველია მხოლოდ ნიშნები - მუსიკალური, ანდა ვერბალური, რომელიც წარმოდგენაში გვესმის. იქნება ეს ამონარიდები ქართული კინომუსიკიდან, ტიპიური რეპლიკები, თუ სახასიათო სახე-ხატებების შექმნის მცდელობა. მაგალითისთვის ქართველი მოუხეშავი მამრის წარმოჩენა (ვეტერინარის პერსონაჟი), რაც, შესაძლებელია, რეალობისგან შორს არ იყოს, მაგრამ გადამეტებული გროტესკის შთაბეჭდილებას აშკარად გვიქმნის.
რეჟისორის ნამუშევარმა კიდევ ბევრნაირი შთაბეჭდილება დაგვიტოვა. დასი ახალგაზრდულია და არცთუ უნიჭო. ზოგიერთის შემთხვევაში, უფრო პირიქით. კარგად მეტყველებენ და ტექსტზეც აქვთ ნამუშევარი, რაზეც მოწმობს ბუღაძის მიერ ტექსტში დასმული აქცენტების ადეკვატური აქცენტები და მოლოდინი, რომ მაყურებელს სწორედ ამასა და ამაზე გაეცინება. სიცილის მიზეზიც, მგონი, იციან. ამას გარდა, ტექსტი კარგად არის წაკითხული იმიტომაც, რომ რეჟისორმა არც ერთი რემარკა არ გამოტოვა. რემარკებს ბუღაძის ამ და სხვა პიესებში დიდი მნიშვნელობა აქვს, დიალოგების თანასწორი, თუ მეტი არა. რემარკები, რომლებიც პირდაპირ იჭრებიან დიალოგებში და კარდინალურ ცვლილებას ახდენენ როგორც მოქმედებაში, ისე მაყურებლის განწყობაში. აი, ამით აჯობა კლარა შვარცემბერგმა ბევრ ქართველ კოლეგას, რომელთაც ზოგადად რემარკები არ უყვართ, როგორც დრამატურგის მხრიდან საკუთარი პროფესიული თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა.
დადგმისგან მიღებულ შთაბეჭდილებებზე ვსაუბრობდით. კარგად შესრულებული დავალების მიუხედავად, რეჟისორი მაინც ზედაპირულია და, ალბათ ამიტომაც, მაყურებლის უმრავლესობამ ეს წარმოდგენა სტუდენტურ ნამუშევარს მიამსგავსა. და მეეჭვება, დამნაშავე ამაში მინიმალიზმი ყოფილიყო, რაც ზოგადად თანამედროვე დრამატურგიას, ამ შემთხვევაში კი ლაშა ბუღაძის ენას ძალიანაც უხდება. მაგონდება მიშა უგარობის დადგმა - "შეშლილი ტატიანა", რომელიც წლების წინ ვაკის სარდაფში წარმოადგინეს. კლარა შვარცემბერგი მეორე უცხოელი რეჟისორია, რომლის მიერაც დადგმული ბუღაძის პიესა ვიხილე. მაგრამ ამ ორი ნამუშევრის შედარება ძალიან გამიჭირდება. უგაროვიც ტექსტის ერთგული რეჟისორია და თავს არ აფარებს ტექსტის გვერდის ავლით ინტერპრეტაციებსა და გართულებულ-გადაპრანჭულ რეჟისურას. თუმცა, მის მიერ წარმოდგენილი რეჟისორული ნამუშევარი, მინიმალიზმის მიუხედავად, დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, რასაც ძირითადად პერსონაჟების, სახეების გამოძერწვით მიაღწია და კიდევ სცენების მხატვრული ხედვით. კლარა რუს კოლეგას ჩამორჩება, ცხადია, უპირველესად გამოცდილებით. და მაინც, რეჟისორი მარტივი ფორმულებით "ჟონგლიორობს" და ამ სიმარტივეს ვერ აპარებს მაყურებელს, რომელიც უცხოელის მიერ ქართული რეალობის ეგზოტიკურ კონტექსტში აღქმას არის მიჩვეული. ეგზოტიკური აღქმა კი ზედაპირულობის პირდაპირპროპორციულია. შესაბამისად, დადგმაც ასეთია, და თან ნეიტრალური. არც კიჩია საკმარისი, არც ჟანა დ`არკის პერსონაჟის ფალსიფიკაციისა და ფაუსტური თემისადმი ირონია. ბუღაძის "ციცინო", რომელიც ნამდვილად ძალიან საინტერესო ტექსტია მრავალი თემატური შრეების გამო და კიდევ იმის გამო, რომ მისგან წამოსული განწყობაც არაერთგვაროვანია, ფრანგულ დადგმაში ბევრად მარტივია, ვიდრე რეალურად.
ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ პიესას ლამის ლექსად კითხულობენ, გაფერმკრთალებულია მისი პროლოგი და ეპილოგი. ერთშიც და მეორეშიც ღმერთი და მეფისტოფელი ციცინოსთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ. პროლოგ-ეპილოგი, ერთი მხრივ, მათ შორის არსებული მოვლენების აბსურდულობას გვიდასტურებენ, მეორე მხრივ, კიდევ უფრო შორს მივყავართ, ადამიანების ფსევდომესიანისტური განწყობების კომიკურობასთან. ფრანგულ დადგმაში ღმერთიცა და მეფისტოფელიც გამქრალია.
დადგმის მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით, აღსანიშნავია მხოლოდ ლითონის კონსტრუქციები, რომლითაც თითქოს გარემოს პირობითად ცვლიან, მაგრამ ეს ქმედება იშვიათად თუ ამართლებს და იშვიათად თუ იძენენ ეს ობიექტები ფუნქციურ დატვირთვას.
და ბოლოს, მიუხედავად ყველაფრისა, კლარა შვარცემბერგის დადგმა საინტერესო იყო როგორც ქართველი, ისე ფრანგი მაყურებლისთვის. თუ რატომ ქართველისთვის - ეს უფრო გასაგებია. იმიტომ, რომ ქართველი დრამატურგების პიესები საქართველოს საზღვრებს გარეთ იშვიათად იდგმება და კიდევ იმიტომ, რომ ტექსტთან, ჟანრთან და ენასთან მიმართებაში კლარას დამოკიდებულება - სიზუსტე საინტერესო პრეცედენტი უნდა იყოს მისი თაობის ქართველი რეჟისორებისთვის, რომლებიც თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში თანამედროვეობასა და რეალობას ისევე გაურბიან, როგორც მათი მამების თაობა. რაც შეეხება ფრანგ მაყურებელს, ფრანგებსაც ძალიან ბევრი რამ ახალისებთ ამ პიესაში. ბევრი ისეთი დეტალი, რაზეც ჩვენ, ქართველებმა შესაძლოა ყურადღება არ გავამახვილოთ. მაგალითისთვის ის, რაც მეც გამომრჩა და სხვამ მიმანიშნა, - რომ ნანას ("ნანა" - ფრანგული გაგებით) დიდი მკერდი აქვს და ჰყავს მოძღვარი ზაზა. კიდევ ათასი სხვა, რაზეც არ დავწერ, და რაც ფრანგებისთვის დამითმია.
http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-10-12/10305.html