ვილნიუსის საქალაქო თეატრს OKT (ლიტვა) და მისი დამფუძნებელის ოსკარას  კორშუნოვასის შემოქმედებას, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წყალობით,  უკვე კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელი. 2009 - 2010 წლებში მათ წარმოადგინეს შექსპირის ორი ტრაგედიის - „რომეო და ჯულიეტას“ (ორიგინალში, სპექტაკლის სახელწოდებაა - „ყველაზე აღსაფრთოვანებელი და სევდიანი ტრაგედია რომეოსა და ჯულიეტასი“) და „ჰამლეტის“ - აბსოლუტურად განსხვავებული ვერსიები. კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ნიმუშების სარეჟისორო კონცეფცია, კორშუნოვასის რეჟისორული კრედოთი იყო განპირობებული: დადგას კლასიკა, როგორც თანამედროვე დრამა, ხოლო თანამედროვე დრამა, როგორც კლასიკა. კორშუნოვასის ინტერპრეტაციით - „რომეო და ჯულიეტა“ - პიცერიაში ვითარდებოდა, დროის კონკრეტიკას კი დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.  „ჰამლეტის“ ტრაგედის ადგილი, კი მაყურებლის აღქმაზე იყო მინდობილი. რეალურ და ირეალურ სამყაროს შორის არსებული ჰამლეტის მოქმედების ადგილი უფრო თეატრალურ კულისებად აღიქმებოდა.

გორკის „ფსკერზე“ მუშაობა შემოქმედებითმა ჯგუფმა, საფრანგეთში, სპექტაკლით „ჰამლეტი“, გასტროლების დროს დაიწყო. ერთ-ერთ ინტერვიუში კორშუნოვასი ამბობს: „მე გავოცდი, როცა აღმოვაჩინე, რომ  გორკიმ ბეკეტზე ბევრად ადრე აღწერა სიტუაცია, რომელშიც ღმერთი წავიდა ადამიანებისგან. თუკი ბეკეტთან, პერსონაჟები გოდოს (ღმერთის) მოლოდინით ცხოვრობენ, გორკის პერსონაჟები - ღმერთის წასვლის შემდგომ გარემოში არსებობენ“. რეჟისორმა შეცვალა არა მარტო, მოქმედების ადგილი და დრო, არამედ, საკუთარი კონცეფციის ნათლად წარმოსაჩენად, მხოლოდ მეოთხე მოქმედება დადგა (თუმცა, ზოგი რამ წინა მოქმედებებიდანაც გადმოიტანა). უფრო მეტიც, მან გორკის, პრინციპში სოციალური დრამა - ფილოსოფიურ, განზოგადოებულ, ადამიანის სულიერ დრამად აქცია და ამიტომაც, გასაკვირი აღარ არის, რომ სპექტაკლი, შექსპირის ჰამლეტის მონოლოგი-მსჯელობით დაასრულა.  რეჟისორმა, სპექტაკლში - „ჰამლეტი“ - დასმული უმთავრესი კითხვა - „ვინ ვარ მე“, „ფსკერში“ სხვა კუთხით წარმოაჩინა - „ვინ არის ადამიანი“?

ცხოვრების ფსკერზე, უძირო სიღრმეში - უღმერთოდ, მოლოდინის გარეშე მცხოვრებ ადამიანთა არსებობის გადმოცემის (სპექტაკლის) ფორმას, რეჟისორმა უეცრად მიაგნო. გასტროლებიდან დაბრუნებულები, თეატრ-სტუდიაში ახალი წლის დადგომას ზეიმობდა შემოქმედებითი ჯგუფი. ისინი მიუსხდნენ გრძელ მაგიდას და გაითამაშეს ის, რაც საფრანგეთში რეპეტიციების დროს გააკეთეს. კორშუნოვასი მიხვდა, რომ სწორედ ასე, ე. წ. „მეოთხე კედლის“ გარეშე უნდა ეთამაშათ სპექტაკლი, რომ პერსონაჟები და მაყურებელი ცალ-ცალკე არ უნდა არსებობდნენ.

 კორშუნოვასის კონცეფციის თანახმად, სცენოგრაფმა დანიუშ ლიშკევიჩიუსმა ინტიმური გარემო შექმნა. გრძელი მაგიდა, რომელზეც თეთრი სუფრაა გადაფარებული, მაგიდის ერთ მხარეს ერთმანეთზე ჭერამდე ახორხოლავებული შავი ყუთები დგას, მეორე მხარეს კი ეკრანი განათავსა, რომელზეც მთელი სპექტაკლის (ერთი საათის) განმავლობაში, ბუნების სხვადასხვა პეიზაჟის: ზღვა, ზღვის ნაპირის, უდაბნოს, ტყის, თეთრად აყვავებული ხის და ა. შ.  ფოტოების მონაცვლეობა აისახება - სუფთა, ლამაზი ბუნება და ადამიანების მახინჯი, ბინძური ცხოვრება. ზღვარი მაყურებლის ადგილებსა და ე. წ. სცენას შორის თითქმის გაუქმებულია. ამ გარემოცვაში გვიყვებიან გორკი-კორშუნოვასის პერსონაჟები გაუსაძლისი, რეალური თუ მოგონილი, და რაც მთავარია უღმერთოდ, უიმედოდ დარჩენილი, ცხოვრების ისტორიებს.  ყოველი მათგანი უკიდურეს გამოუვალ მდგომარეობაშია. მათი გრძნობები, ემოციები მაყურებელზე გადმოდის. ცხოვრების უკიდურეს ფსკერზე დაშვებულებს უკეთესის მოლოდინი აღარ აქვთ.  გალოთებულები, გაბასიაკებულები, ბინძურები დარდს არყის სმაში იკლავენ. მაყურებელსაც აწვდიან არყიან სირჩებს და ბრუდერშაფტზეც სვამენ ზოგიერთთან.

კორშუნოვასის სპექტაკლში მოქმედება მოხუცის (ლუკას) გაქრობის შემდგომ ხდება. მთავარი კითხვა კი ასე ჟღერს: რა არის ადამიანის ცხოვრება? პასუხი - ცარიელი „სიტყვები, სიტყვები, სიტყვები“. სულიერ სიცარიელეზე, ტკივილზე გვესაუბრებიან, მსახიობების - დაბიუს გავენონდის, რასა სამუოლვტეს, დარიუს გუმაუსკასი, იულიუს ზალაკევიჩუსი, დარიუს მეშკაუსკასი, იონას ვერსეჩკასი, ტომას ზაიბუსის, გიედრიუს სავიჩკასის, ნელე სავიჩენკოს, რიტის სალადჟიუსის - პერსონაჟები. ისინი გაუჩერებლად ლაპარაკობენ, ყვებიან, ჩხუბობენ, რიგდებიან. მერე ისევ - ლაპარაკობენ, ყვებიან, ჩხუბობენ, რიგდებიან. ისინი, უკიდურეს ფსკერზე არსებობენ. იქმნება გამოუვალობის სულისშემხუთველი ატმოსფერო.  კორშუნოვასის კონცეფციით, მაყურებელი - ამ სუფრის მეორე მხარეს მსხდომი მეინახეები არიან. პერსონაჟებისა და მაყურებლის ერთიანობას რეჟისორი იმითაც აღწევს, რომ მაყურებელთა ე. წ. „დარბაზი“ და „სცენა“, თითქმის მთელი სპექტაკლის მსვლელობისას (იშვიათი გამონაკლისის გარდა) ერთნაირად არის განათებული. აქ, - „ადამიანი“, „თავისუფლება“, „სიმართლე“, „ოცნება“ - მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და მეტი არაფერი. კორშუნოვასმა გორკის დრამა მხატვრულ-დოკუმენტური ვერბატიმის თეატრალურ ფორმაში მოაქცია. პერსონაჟების სახელით მსახიობთა მიერ დუსრულებელ მონათხრობს, რეჟისორი ორჯერ წყვტს და დარბაზში, სხვდასხვა ხერხით  (განათებით, ხმაურით, მუსიკით), ჯოჯოხეთის განცდას ქმნის.

გორკის დრამის მსგავსად, სპექტაკლის ფინალში მსახიობი თავს იკლავს. უკმაყოფილო სატინი ამბობს - ჩაგვეშალა სმაო. მაგიდა ჩაბნელდება, მხოლოდ სახეებია ნაწილობრივ განათებული. თვითმკვლელი მსახიობი შემოდის და შავი ყუთებისკენ მიემართება, შემდეგ ძვრება ამ ყუთებზე და იქიდან ჰამლეტის ცნობილ მონოლოგს - ჰეკუბაზე, გვიკითხავს, უფრო სწორად, ყოველგვარი პათოსის გარეშე, მოსაუბრის ენით გადმოსცემს ჰამლეტის ფილოსოფიურ ნააზრევს - ცხოვრებაზე, ადამინზე, მის დანიშნულებაზე, მის რაობაზე. შემდეგ, მიდის და ისეევ მიუჯდება მაგიდას, ისევ უერთდება ამ სუფრის წევრებს. რეჟისორის კონცეფციით იქმნება ერთგვარი წრე, სადაც ყველაფერი გამეორდება, სადაც ყველაფერი თავიდან იწყება... და, ასე, დაუსრულებლად...


მაკა ვასაძე

© 2024 All Rights Reserved