WITHIN - შიგნიდან
„იმისათვის, რომ საკუთარი თავი გაიგო, საჭიროა შექმნა სარკე, რომელიც ზუსტად აირეკლავს შენს არსს... მხოლოდ არსის რაობის გაგებით მიიღწევა მისგან თავისუფლება.“
ჯ. კრიშნამურტი
2016 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ადიტი მანგალდასის ქორეოგრაფიული წარმოდგენით WITHIN - შიგნიდან გაიხსნა.
ადიტი მანგალდასი კლასიკური ინდური საცეკვაო ფორმის კათჰაკის უბადლო შემსრულებელია, რომელიც მსოფლიო თანამედროვე ქორეოგრაფიის რუკაზე საკუთარ ცეკვის კომპანიას - დრიშტიკონის ცეკვის ფონდს წარმოადგენს.
განსხვავებით უმეტესობა კლასიკური ინდური მოცეკვავეებისგან, რომელბიც ცეკვის ტრადიციას უფროსი თაობების მეშვეობით ღებულობენ, ადიტი მანგალდასი საქმიან ოჯახში დაიბადა. ინდური კლასიკური ცეკვის ხელოვნებას იგი პირველად გურუებთან შრიმატი კუმიდინი ლაკჰიასთან და პანდიტ ბირჟუ მახარაჯასთან დაეუფლა. სწორედ ამ ორი წამყვანი ქორეოგრაფებისგან შეიცნო მან საცეკვაო ხელოვნების მთავარი არსი: თაფუსფლება, სიმამაცე და მუდმივი ძიება სიახლეებისკენ, რომელიც საბოლოოდ ადამიანს კოსმიური მთლიანობის ერთიან ნაწილად აქცევს.
მარჯანიშვილის სცენაზე წარმოდგენილი მოცეკვავეებისა და მუსიკოსებისგან დაკომპლექტებული საბალეტო დასი ტრადიციული ინდური ცეკვის ფორმას თანამედროვე ქორეოგრაფიული ელემენტებით აჯერებს, რითიც დარბაზში მისულ მაყურებელს წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების, საკუთარი ფანტაზიისა და სცენაზე გაცოცხლებული სხეულებრივი სურათების ხარჯზე სხვადასხვა სამყაროში მოგზაურობის საშუალოებას აძლევს. სცენაზე გამოყენებული გეომეტრიული ფორმების განათება, შემსრულებელთა კლასიკურ თუ თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი კოსტიუმები და დროდადრო დარბაზში გამეფებული სიჩუმე აქ ისეთივე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, როგორც თავად ქორეოგრაფის მიერ გაცოცხლებული აღმოსავლური ფილოსოფიით გაფერადებული სხეულებრივი სურათები.
ინდური ცეკვის უძველესი სახეობა კათჰაკა - სახისმეტყველების ხელოვნებას ეფუძნება, სადაც ფეხისპერკუსიონით გამოწვეული სხეულის რიტმული მოძრაობა ქორეოგრაფის მიერ წარმოდგენილ ამბავს შესაბამისი ჟესტიკულაციითა და მიმიკით გადმოსცემს. თანამედროვე კათჰაკა კი ქორეოგრაფის/დამდგმელის ინდივიდუალურ ტექნიკურ შესაძლებლობებსა და კლასიკურ ინდური და სხვადასხვა თანამედროვე საცეკვაო ფორმების ინტერპრეტაციაში ვლინდება
გავიხსენოთ, რომ ცეკვა, უპირველეს ყოვილსა, - სივრცეში გამოსახული მოძრაობაა. მოძრაობა, რომელიც არა მხოლოდ უნდა დაინახო, არამედ მოისმინო. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე წარმოდგენილი ქორეოგრაფია მაყურებლისგან, თითქოს, სწორედ სმენას მოითხოვს. აქ ადამიანის სხეული, თითქოს, ერთგვარ ცოცხალ, ხმოვან სისტემას მოგვაგონებს, სადაც სცენის კიდეებიდან წამოსული მუსიკალური ბგერები, მოცეკვავის სხეულებრივი ვიბრაციის მეშვეობით, უნისონში მოდიან თითოეული ადამიანის უჯრედებთან და კოსმიურ სივრცესთან ერთიანდებიან. უყურებ წარმოდგენას და ნათლად გესმის, თუ როგორ გამოსცემენ მოცეკვავის შიშველი ფეხები რიტმს, ხედავ მელოდიის გავლენის ქვეშ როგორ მოდიან ჰარმონიულ მოძრაობაში მისი თვალები, წარბები და მკლავები და გრძნობ, თუ როგორ ემსგავსება თავად ცეკვის ფორმაც მუსიკას. ეს თავისუფლებაა, თავისუფლება, რომელიც ამ წუთას, ამ დარბაზში მხოლოდ ცეკვის მეშვეობით მიიღწევა.
მარიამ იაშვილი
ფოტოგრაფი - ბექა ჯავახიშვილი