ერთი შეხედვით, თუმცა არა, აჯობებს უკვე ვთქვა, რომ ერთი მოგონებით „აიიქ“ არის ძალიან ფერადი და მაინც, ყველაზე მტკივნეული წარმოდგენა, რაც ამ ბოლო დროს ქართული თეატრის სცენაზე მინახავს. წარმოდგენა რომელზეც ყველაზე ბევრი ვიცინე რაც ამ ბოლო დროს მიცინია და ყველაზე მეტად გამიჭირდა დამემალა სევდა. შვილის, ქალის, ვიღაცის მეგობრის, არავის მეგობრი ადამიანის სევდა. დამემალა ჩემში მოკლული ადამიანის შესახებ მოგონებები, ვინც შეიძლებოდა ვყოფილიყავი მისი და ვინც გავხდი მისი ტკივილი. ფიქრობთ, რომ ახლა მე ჩემს თავზე კი არა, წარმოდგენაზე საუბარს უნდა ვიწყებდე. მაგრამ წინააღმდეგობა რომელიც მე გამოვცადე ამ დადგმასთან მიმართებაში, არის პირდაპირ კავშირში წარმოდგენის ფორმასა და შინაარსის მაყურებლამდე მიტანის მეთოდთან. ამ მეთოდს შეიძლება წინააღმდეგობრივი მეთოდი, ან უფრო ზუსტად, იქნებ კონტრაპუნქტული მეთოდიც ვუწოდოთ. როცა ტრაგიკულ ფაბულას დრამატიზმით კი არა, ინდეფერენტულობით, ან შარჟით, ან გულგრილობით გიყვებიან. როცა ჩუმდებიან მაშინ როცა კივილს ელი. ქართულ თეატრში ხომ სულ კივილს ელი. დაბერილ ძარღვებს. როცა ამბებს ბნელი დღეების შესახებ განათებულ და აჭრელებულ სივრცეში ღიმილით მოგართმევენ. როცა ყველაფერზე, რისდამიც უკიდურესად მგრძნობიარე ხარ (აქ აუცილებლად უნდა მოვიგონოთ ისინიც, ვინც იგივესადმი მგრძნობიარები არ არიან), საგანგებო ხელოვნურობით და დისტანციაში დაგანახებენ. დისტანცირება ძალიან ალესილ იარაღად იქცა რეჟისორ პაატა ციკოლიას დადგმაში, მუსიკისა და დრამის თეატრში.
„აიიქ“ უპირველესად პიესაა რომელიც პაატა ციკოლიამ და ოთარ ქათამაძემ დაწერეს. ამ დუეტს გასულ წელს პრემია დურუჯი მიანიჭეს, როგორც წლის საუკეთესო პიესის („კალიგულა“) ავტორებს. შემდეგ უკვე არის დადგმა, რომლის შექმნაშიც რეჟისორმა კომპოზიტორი მაკო ღვინიაშვილი და სცენოგრაფი ქეთი ნადიბაიძე ჩართო. თუ დავაკირდებით პაატა ციკოლიას სხვა დადგმებს, დავინახავთ რომ ის რეჟისორების იმ უმცირესობას ეკუთვნის, რომლებიც ყოველი დადგმისთვის საგანგებოდ ეძებენ და აქმნევინებენ ახალ მუსიკალურ თემებს და რომლისთვისაც მნიშვნელოვანია წარმოდგენის მხატვრული სახე. მისი დადგმები ახალი გამოცდილების და თვითგამოხატვის კომფორტული სივრცეა არა მხოლოდ მისთვის, არამედ მხატვრისთვის, მუსიკოსისა და მსახიობებისთვის, რომლებსაც ქართულ თეატრში ძირითადად ერთი ყალიბის, სტილისა და ტექნიკის განვითარების საშუალება ეძლევათ მხოლოდ. ამ ყველაფრის გამო „აიიქ“ ძალიან მუსიკალურია და ასევე საკმაოდ ხატოვანი. რეჟისორი სხვადასხვა ხელოვანებთან თანამშრომლობაში და მათთვის მნიშვნელოვნებისა და ფართო სივრცის მიცემით ქმნის წარმოდგენის სახეს, სურათს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი ზოგადი მახასიათებელია, ახალ დადგმაში ყველაზე ხშირად მიმართავს მხატვრობასა და მუსიკას, საკუთარი ხედვისა და კონცეფციის ამოხსნის ან გადაწყვეტის მიზნით. ყოველი მხატვრულ -მუსიკალური თემა ერთგვარი განმარტებაა იმისა, რასაც არ განმარტავს ტექსტში ან მიზანსცენაში. ასე რომ თხრობა მრავალგვარია და ამაზე უფრო დაზუსტებით, აი, ახლა, სულ ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.
წარმოდგენა ორმოქმედებიანია. ისინი სტრუქტურით აბსოლუტურად განსხვავებული ორგანიზმებია. პირველში ოთხი ქალის ამბავი, რომელსაც ოთხი მსახიობი ქალი (ნანკა კალატოზიშვილი, ნატა ბერეჟიანი, ანა წერეთელი და ანა ცეცხლაძე) ყვება. ტექსტი ლიტერატურულია, ის ძალიან ბევრი სხვა პერსონაჟის არსებობას და მოვლენათა წყებას გულისხმობს, ითვალისწინებს, მაგრამ ისინი არსებობენ მონოლოგებში. მონოლოგები ერთმანეთშია შეჭრილი, თუმცა ამ პერსონაჟებს ავტორი და რეჟისორი მხოლოდ სცენაზე, აკავშირებს. ამ მიზანსცენებში შეიძლება მონაწილეებმა ერთმანეთის სხეულები ამბის უკეთ აღსაქმელად გამოიყენონ. სულ ეს არის. ოთხი „ჩვეულებრივი“ ქალის ამბავი. ჩვეულებრივობა გამოიხატება მათ როლში – სტატუსში. ისინი არიან ჩვეულებრივი ოჯახის ჩვეულებრივი ცოლები, დედები. მაგრამ მათ აერთიანებთ ამ სტატუსთან, ამ როლთან, ან დანიშნულებასთან შეუთავსებლობა. სივრცე რომელიც ერგოთ როგორც მორჩილ ცოლებს, დამჯერ შვილებს, მზრუნველ დედებს, ეს სივრცე მათთვის მეტისმეტად ვიწროა. შეზღუდულია. მაგრამ გადაწყვეტილებები ხომ უკვე მიღებულია… მით უფრო – შვილები… ამიტომაც ან წარმოსახვაში, ან ფარულ ცხოვრებაში, ან სურვილებში აღწევენ გამოსავალს. მაგრამ ეს გამოსავალი, ეს ალტერნატივა ისეთივე უკიდურესი და რადიკალურია, როგორი უკიდურესად დახშულიც და უინტერესოც არის მათი „ლეგალური“, პასუხისმგებლობით სავსე ყოფა, რომელიც საზოგადოებისთვის წესრიგის გარანტიაა, მაგრამ მათში მხოლოდ ეჭვებს, შიშებს, ან სიცარიელის განცდას ტოვებს. ამიტომად იწყებენ – მოქმედებენ რადიკალურად და სჩადიან უკიდურესობებს. რეჟისორის აზრით, ამ პერსონაჟების რადიკალიზმი და პერვერსიულობა დახშულ და მათთვის არათაავსებად გარემოზე რეაქციაა. რომ შეზღუდვა იწვევს რადიკალიზმს… მაყურებელმა ქალების პერსონაჟებში არ უნდა ეძებოს ვინმე კონკრეტული, არც მათი შეფასება ღირს მხოლოდ პირადი გამოცდილებით, ან გამოუცდელობით, ეს არასდროს არის საკმარისი ხელოვნებაში, თუმცა როგორც წესი არის ხოლმე გადამწყვეტი. ეს პერსონაჟები არიან ისინი ვისაც აუცლებლად შექმნის ტრადიციებზე, წესებზე მკაცრად მოდარაჯე გარემო. და თუ ვერ შექმნის კონკრეტულად მათ, შექმნის მათი არსებობის დიდ ალბათობას. ეს პერსონაჟები გამონაკლისები არიან მაგრამ გამონაკლისები, ხომ ყველაზე მკაფიოდ აღწერენ ხოლმე გარემოს. ისინი ლიტერატურული პერსონაჟები არიან, შესაბამისად ბევრად თავისუფლები, ვიდრე ჩვენ. პერსონაჟები, რომელთაც ავტორი ძალიან თამამად და რადიკალურად მოუწოდებს წავიდნენ და გათავისუფლდნენ. და ასეც სრულდება. ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ უნდა წავიდეს. ვერ გაუგებენ, მაგრამ ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. უკვე იცის, ის, რაც თავიდან არ იცოდა, სწორია ის რასაც შენ ფიქრობ და არა ის, რასაც ფიქრობს საზოგადოება. ჩვენ შეიძლება დავეთანხმოთ ავტორის ხედვას, ან დავეთანხმოთ, მაგრამ ასეტ დროსაც არ უდნა დაგვავიწყდეს რომ საუბარი ხელოვნებაზეა და მასში ავტორის განუსაზღვრელ თავისუფლებაზე.
ამბები რომელსაც ოთხი ქალი თავის ამბად ყვება, აბსოლუტურად არ შეესაბამება ამ მთხორებელების გარეგნობას. არც თხრობის მანერას. ვიზუალურად ისინი ფერად-ფერად პარიკებში გამოწყობილ, ბნელ სივრცეში უხერხულად მოძრავ თოჯინებს გვანან. არაბუნებრივი გარეგნობით და დამოკიდებულებით თითქოს შორდებიან მათ, ვინც მხოლოდ ტექსტებში ჩდებიან. მიზანსცენებიც მხოლოდ აქცენტების მონიშვნაა. ხანაც გაუცხოების ხერხი.
ამის საპირისპიროა მეორე მოქმედება – ვიზუალურად ერთი ნათელი, ძალიან ნათელი და ფერადი დღე. ხელოვნურ ბაღში. მისი ბნელი დღეების ამბები ისმის ტექსტში და სიმღერებში. ეს უკვე ბალადის ფორმით მოყოლილ ჰორორს გავს. აბსოლუტურად ინფანტილურ გარემოში ბავშვები იხოცებიან, მათზე ძალადობენ, პოლიციელები, რომლებიც უნდა იძიებდნენ და იცავდნენ, თავად ხდებიან საკუთარი შიშებით და გაუცნობიერებელი ტკივილებით გამოწვეული ძალადობის იარაღები. ამ მკვლელობას უკავშირდებიან სხვადასხვა პერსონაჟები, რომელთაც მოჰყვებათ სხვადასხვა პრობლემა გლობალურად მაინც დაკავშირებული ერთი და იგივე გარემოსთან. შემოდის ოჯახის პრობლემა, სადაც მთავარია, თუ რა ხმები გადის გარეთ. შემოდის მარტოობის თემა, გამოწვეული შიშით იმის გამო, თუ რა ხდება გარეთ. შემოდის სიყვარულიცა და სექსიც, ფორმირებული იმის მიხედვით, თუ რა მოხდა გარეთ, იქ სადაც მდინარის პირას პოულობენ გარდაცვლილ გოგოს, მოზარდს, რომელიც გარშემომყოფთათვის არის ყველაფერი უდანაშაულო მსხვერპლის გარდა. ყველაფერი: ახალგაზრდა ძუკნა და ბოზი, პატარა ძუძებით, კანის უცნაური ფერით უბრალოდ მკვდარი, რომელიც სადღაც უნდა გადაიტანონ. ეს არის გოგო, რომელიც უღირსი იყო და დამსახურებულად დაისაჯა. ეს არის გოგო, რომელიც ვერასდროს გახდება ის 40 წლის ქალი, რომელსაც აღარ სურს მარტოობა, მაგრამ აღარც ვინმესთან ყოფნა შეუძლია. სიყვარულზე ოცნებობს, მაგრამ გარემოსადმი მხოლოდ მოთხოვნებს და ანგარისწორების სურვილს ავლენს და ელის, ელის როცა ყველას გვამებს ჩამოატარებს მდინარე. მიუხედავად იმისა რომ ტექსტში ბევრი პერსონაჟი და თემაა, პიესა ძალიან მკაფიო კომპოზიციით გამოირჩევა. შეკრული ამბავია, სადაც ყველას თავისი ფუნქცია აქვს და თითოეული მათგანის გარეშე ეს კომპოზიცია ჩამოიშლება. არავინ არის ზედმეტი. არც ერთ ამ პერსონაჟს მეორე მოქმედება არ კარგავს.
ყველაზე საინტერესო მთელს ამ დადგმაში სწორედ ამ პიესის თხრობის ფორმაა. პირველი მოქმედების მსგავსად, სადაც ვიზუალით და სათქმელით ერთი და იგივე პერსონაჟი ხდება ორმაგი. ის ვინც ტექსტში ჩანდა და ის ვინც კითხულობდა. მეორე მოქმედებაშიც ხშირია გაორებები და კიდევ უფრო მრავალშრიანი ხდება ეს თხრობა. საქმე იმაშია, რომ მეორე მოქმედებაში ქალებისა და კაცების ამბებს მამაკაცები გვიამბობენ.რითიც უფრო მკაფიო ხდება, რომ ეს თხრობაა. მოყოლა და არა თამაში. საგანგებო „ართამაში“. მამაკაცები ხან დასცინია, ხან ბაძავენ, ხან აშარჟებენ და ხანაც კიცხავენ პერსონაჟებს. თხრობის პირიც ხშირად იცვლება. ერთი და იგივე მსახიობები ხან პირველ პირში გველაპარაკებიან, როგორც თავად ის პერსონაჟები, ხანაც მესამე პირში ლაპარაკობენ ზუსტად იგივე პერსონაჟებზე. ერთი შეხედვით „ართამაშის“ მანერა ამავდროულად მსახიობებისთვის სამუშაოს გართულებას ნიშნავს. ისინი სულ უნდა ცვლიდნენ ინტონაციას და ჟესტისა და მიმიკის კონტექსტს. მათთვის აკრძალულია იმიტაცია. არის სხვა დეტალიც. ამბავი არა მხოლოდ პირს იცვლის და არა მხოლოდ დუბლირებულად გვიყვებიან ხან „სხვების“ და ხან „საკუთარი თავის“ შესახებ, არამედ ისიც ემატება, რომ რამდენიმე შემთხვევაში ორი სხვადასხვა მსახიობი ერთი და იგივე პერსონაჟის ტექსტს კითხულობს. ანუ პერსონაჟები მსახიობებს იცვლიან. ერთი თანაგრძნობით, მეორე ირონიით. ერთი ტრაგიზმით, მეორე პირიქით. ერთი სიტყვით, მეორე მოქმედება ერთი დიდი წრიული რბოლაა. რეჟისორი ათამაშებს არა მსახიობებს, არამედ მაყურებელს მსახიობების დახმარებით. მით უფრო ქართველ მაყურებელს, რომელიც მრავალფეროვანი ტექნიკით თამაშის მზერას და აყოლას მიჩვეული არ არის. შეძლებს თუ არა აედევნოს ვიზუალურ თხრობას, ამბის თხრობას და ამბისა და პერსონაჟების მოგზაურეობას მსახიობებს შორის. კონტექსტების, მანერების ცვლას?! ბევრმაირი ექსპერიმენტი ხომ არ შესთავაზა რეჟისორმა საკუთარ თავსა და მაყურებელს ერთი და იგივე წარმოდგენაში? შეიძლება. მაყურებელს შორის ერთი შეძლებს აყოლას, მეორეს აუცილებლად შეეზარება. სადღაც ჩამორჩება. ან თეატრისადმი სხვა მოლოდინის და ჩვევის ერთგული დარჩება. ამიტომაც ზოგიერთი ბოლომდე მიხვდება რა ხდება და ამ ხდომილობაში განცდას დაიწყებს, სხვა კი საერთოდ ვერაფერს გაიგებს. მთავარია, ამის გამო არ გაბრაზდეს. ხელოვნება ძალიან დიდი ხანია არ არის ის, რაც ყველასთვის ერთნაირად მარტივი სქემით უნდა განვითარდეს და თანაც აუცილებლად გასიამოვნოს. საუკუნეზე მეტი ხნის გამოცდილება, ალბათ ქართულ თეატრალურ ხელოვნებასა და მის პუბლიკაშიც აისახება დაგვიანებით.
ორი მოქმედება ბევრისთვის დამოუკიდებელი წარმოდგეებია. გასაგებია რატომაც. ისინი საგანგებოდ განსხვევდებიან ერთმანეთისგან როგორც შინაარსობრივად, ისე ტექსტის დრამატურგიული სტრუქტურით,კომპოზიციით. ასევე გადაწყვეტის ფორმითაც. აბსოლუტურად განსხვავებულია მათი რიტმი, დინამიკა. მხატვრული და მუსიკალური იერიც. თუმცა, მათ აკავშირებთ ერთი რამ. ეს არის თემატური კავშირი. პირველ მოქმდებაში არიან ადამიანები, ქალები, რომლებიც ცოცხლობენ და მხოლოდ მათი სიცოცხლის თავისებურება მიგვანიშებს გარემოზე. მეორე მოქმედება ეს გარემოს პორტრეტია, სადაც ყველა პერსონაჟი ერთი სურათის დეტალებია, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ამ გარემოში მხოლოდ ერთი რამ არის მოსალოდნელი – უცოდველთა სიკვდლი და მათი გვამების პოვნა. წარმოდგენაში სიცოცხლეა არაბუნებრივი. გასაგები და ჩვეულია სიკვდილია. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს უტრირებაა. არადამაჯერებელი ბოროტი ზღაპარია. თუმცა არადამაჯერებელია ?
მიუხედავად იმისა რომ პირველსა და მეორე მოქმედებას შორის მნიშვნელოვანია სტილისტური განსხვავება და არც დინამიკა, არც ტემპი და არც არაფერი არ უნდა გავდეს ერთამენთს, მაინც რჩება შთაბეჭდილება რომ პირველი მოქმედების რიტმს მსახიობები თავიდან ბოლომდე ვერ მართავენ. არის ადგილები, სადაც ოთხიდან ერთი აუცილებლად სხვა დროის ერთეულზე ამუშავდება და მაყურებლის ყურადღებას გაფანტავს. ამას გარდა, ოთხიდან ყველა ერთნაირი ოსტატობით ვერ ახერხებს ზუსტი და მკაფიონი იყვნენ იმ ცვლილებებისადმი, რომელთაც მათი პერსონაჟები ატარებენ და ერთგულები ჟანრისადმი რომელსაც ხან ტექსტი და ხან ქმედება ითხოვს. ამის მიუხედავად აღსანიშნავია, რომ ამ დადგმამ ნანკა კალატოზიშვილი აქამდე შესრულებულ როლებს შორის, აბსოლუტურად უჩინარი ახალი შესაძლებლობებით გაგვაცნო. ხოლო ნატა ბერეჟიანს როგორც მართლაც დაკვირვებულ და სიზუსტით გამორჩეულ ოსტატს.
მეორე მოქმედებაში მუსიკისა და დრამის თეატრის დასის მამრობითი სქესის თითქმის ყველა წამყვანი მსახიობი მონაწილეობს. დავით ბეშიტაიშვილი, გიორგი ვარდოსანიძე, შაკო მირიანაშვილი, გიორგი ბახუტაშვილი – სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პერსონაჟებს ახმიანებენ. დავალება მათთვის აშკარად უჩვეულოა. ჩვენც კი ვერ ვისაუბრებთ მათ როლებზე. აქ არ არის ოთხი როლი. აქ არის ერთი რაღაც პოლიფონიური ორგანიზმი და ოთხივე ერთად მუშაობს მის გასაცოცხლებლად. სხვადასხვა ინტონაციების და თემების შემოტანით. და ვფიქრობ, დავალებას ძალიან კარგად ართმევენ თავს. მაგრამ ისინი არ არიან მარტონი. კიდევ არის ორი ფიგურა. ფიგურა იმიტომ, რომ მათ მუდმივად გარემოს, ჟანრის, პირობითობის შექმნის ფუნქცია აქვთ. ალექსანდრე ბეგალიშვილი როკმუსიკოსის გაშარჟებული იმიჯით ხან მღერის და ხან უკრავს სხვადასხვა ინსტრუმეტზე და მასთან ერთად ბუბა გოგორიშვილის ფიგურაა, რომელიც გავს საოპერო კულტურიდან თუ მითიდან ბოროტ, მაგრამ სასაცილო ზღაპარში გადმომხტარ პერსონაჟს. მისი ფიგურა მეორე ნაწილის მოქმედებას მართავს. ხან აძლევს სიტყვას პერსონაჟს და ხანაც ართმევს და კონტექსტს რადიკალურად უცვლის. ვიზუალურად კი ირონიული სიმბოლოა, ან ვიზუალური კომენტარი კლასიკური ხელოვნების სტერეოტიპების შესახებ. ირონიაზე მომაგონდა. ყველაფერთან ერთად, მსახიობები ძალიან თამამად დასცინიან ქართულ თეატრში ტენდენციად ქცეულ პათეტიკას და მანერულობას, თუმცა, ეს მათთვის გართობაა და არც მე დავიხარჯები ამაზე დიდად.
ფიგურათა ვიზუალურ მხარეზე საუბარს ისე ვერ დავასრულებთ თუ არ დავსძენთ იმას, რომ ამ მოქმედების მხატვრობა მთლიანად ინფანტილიზმის, უმწიფრობის და ბავშვობის ფერებშია გადაწყვეტილი ფერადი პასტელური სამყაროა, რომელიც ამავდროულად ხელოვნური ბაღია და გაშინებს. არაფერი არ არის ის, რადაც გამოიყურება. კოსტიუმებში მაღალფარდოვანი დეტალები და ციტატებია, რომელთაც შესრულების ხარისხიც მგონი საგანგებოდ დაუდევარია. ყველაფერი წინააღმდეგობრივია. ყველაზე მეტად კი ეს ესთეტიკა იმ ამბავთან, რომელსაც გვიამბობენ. ან იქნებ პირიქით, ადეკვატურია. იქნებ უკიდურესი სისატიკე სინამდვილეში ინფანტილიზმის ნაყოფია და რომ ხანდახან ინფანტილიზმია ძალადობის ფორმა? სინამდვილეში ხომ ზუსტად ამის მაგალითია თანამედროვე საქართველოს სოციო-კულტურული სურათიც? რომელზეც ასე ხშირად ვსაუბრიბთ ხოლმე სხვადასხვა დისკუსიებზე და არასდროს ხელოვნებაში. და რაკი მეორე მოქმედების მხატვრულ სახეზე ვისაუბრე, ისიც უნდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ასეთი მეტყველი და კონცეპტუალური ამოცანების მატარებელი არ არის პირველი მოქმედების სახე. ის არა სიმწვავეს, არამედ ბუნდოვანებას ბადებს.
ჩვენ ვისაუბრეთ ტექსტზე, მისი სცენაზე თხრობის ფორმაზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და გარკვეულ პრობლემებზე, მაგრამ მგონი არ მითქვამს ის, რაც ამ დადგმის რეჟისორის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებლებია. ისევ სარეჟისორო უნარებიდან თუ ამოვალთ, ეს არის მისი სმენა. არა მუსიკალური სმენა, არამედ რეჟისორის, როგორც მთლიანობის შემქმნელის სმენა რომლითაც კომპოზიციას აგებს. რიტმის დაჭერას ცდილობს ყველაფერში და სმენა რომლითაც ერთამანეთში აზავებს ამ კომპოზიციის დეტალებს. თუნდაც მუსიკალურ თემებს ტექსტებთან. ან ჟესტებს მიზანსცენაში. სმენა რომლითაც ყოველ მოქმედებაში იღებს პაუზისა თუ ქმედების ერთმანეთთან შესაბამის საზომ ერთეულს და ბოლოს ქმნის ხან ჰარმონიას, უფრო ხშრად კი დაპირსპირებას. და მისი მთავარი მახასიათებელი, ის რაც შეიძლება მის მთავარ პრობლემად ან „პრობლემად“ მოვიაზროთ. არასდროს ითვალისწინებს ქართველი მაყურებლის მოლოდინს, კონსერვატიზმს, მისი ნებისყოფის ხარისხს, მის სისუსტეს, ან მისი სიამოვნების აუცილებლობას. ალბათ გამონაკლისია გასულ წელს მის მიერ ფოთში განხორციელებული იასმინა რეზას კომედია „ჟლეტა“, რომელსაც თავადვე „ხრამუნა“ დაარქვა. ვფიქრობ ეს დადგმა, მაყურებლისა და მსახიობების ინტერესებისთვის გაღებული კომპორომისია, რომელმაც პაატა ციკოლია დურუჯის 2016 წლის სამ საუკეთესო რეჟისორთა შორის მოაქცია. ეს ნიშანი მგონია იმისა, რომ შემფასებელი საზოგადოება პრიორიტეტს ანიჭებს მოსალოდნელ და მიღებულ ფორმასა და ხასიათში კარგად გაკეთებულ ნამუშევრებს, ვიდრე რისკის, ექსპერიმენტის, ცვლილების შემცველს. ვიდრე უმცირესობაში მყოფ გამონაკლის ტენდენციაზე. ნიშანდობლივია, რომ იქ სადაც ეს რეჟისორი მხოლოდ საკუთარი ხედვის და სათქმელის ერთგული იყო და დადგმები, რომლებიც ბევრით გასხვავდებოდა სხვა ნომინანტების სტილის, სტრუქტურისა თუ ესთეტიკისგან, ის დადგმები არასდროს მოხვედრილა მოკლე ნუსხაშიც კი. მაგრამ როგორც კი დადგა პაპსა ტექსტი ჩვენებურ ხალხურ ფორმაში… უკვე სტანდარტადქცეული წარმატების საზომებით წარმატებას მიაღწია. საერთოდ 2016 წლის დურუჯის სია, თავისი საუკეთესო დადგმებით ეს არის ყველაზე მოსალოდნელი და ყველაზე უწყინარი (არც ისე კარგი გაგებით) ენისა და ფორმის მქონე წარმოდგენების სია. თუმცა ამ საკითხს სხვა დროს შევეხები.
„აიიქ“ ნიშანია იმისა, რომ რეჟისორმა მაინც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გადაწყვიტა. ამ ეტაპზე ასეა. წერა გამონაკლისებზე, პერსონაჟებზე, რომლებიც ჩვენს საკმაოდ ქსენოფობიურ გარემოში ყოველთვს აღიქმებიან როგორც გარემოებების ცუდი მხარე, რომელსაც თვალი არ უნდა გავუსწოროთ. მათზე ფიქრი დროის კარგვაა. წერა ადამიანებზე, რომელთაც აშკარად მოუწოდებს დატოვონ ყველაფერი, რაც მათ თავისუფლებას ართმევს. მათ შორის თუნდაც ჩვენს კულტურაში სიწმინდედ აღიარებული სისტემები. წერა პერსონაჟებზე, რომლებსაც აძლევს საშუალებას იყვნენ ნამდვილები თუნდაც ილაპარაკონ ყველაზე უხეშ ენაზე. წერა და დადგმა ისეთი რამის, რაც ყველაზე რთული და გაუგებარი იქნება თუნდაც ჩვენი სამსახიობო დასებისთვის, რომლებიც ისე დაასრულებენ ამ დადგმების თამაშს, რომ ბოლომდე არ დაიხარჯებიან იმის გასააზრებლად, თუ რას და რატომ ასრულებენ… მაგრამ რეჟისორი მაინც არ მიდის და იმედი მაქვს, რომ არც წავა კომპრომისზე. ცხადია, რომ აი ეს პროცესი და პოზიცია და არა მხოლოდ პრემიერები არის მისი, როგორც არტისტის ნამუშევარი.
არ ვიცი რამდენად აქვს გააზრებული, მაგრამ ამ ფორმით არა მხოლოდ თვითგამოხატვას ან კვლევას ცდილობს, არამედ წინააღმდეგობასაც უწევს იმ თეატრალურ ტრადიციულ დღევანდელობას, რომელშიც რაც არ უნდა შეიქმნას მაინც შეფასდება შეფასებათა მარაგში უკვე არსებული მოდელებით. უკვე ჩემთვის ძველი თეატრის შეფასების კრიტერიუმებით. რაც ზოგადად იწვევს ერთიდაიგივე დისკურსის შექმნას მცირედი გადახრებით. ეს ფსევდო უნიკალური დისკურსია, რომელსაც აქვს მისაღები და მიუღებელი არა მხოლოდ ჟანრები და ფორმები, არამედ მკაცრად აქვს გაწერილი სადამდე შეუძლიათ ავტორებს იყვნენ მტკივნეულები, სადამდე შეიძლება მივიდეს ისეთი არაკონტროლირებადი რამეც კი, როგორიც ხელოვანის ფანტაზიაა. ზუსტად ამიტომ ქართველი რეჟისორები ისეთ მკვერთ, ისტერიულსა და ატონალურ სარა კეინს დგამენ და კიდევ დიდხანს დადგამენ როგორც სენტიმენტალურ დრამას. ხოლო მაგალითისთვის კოლტესს არასდროს დადგამენ (თუ დადგამენ, მასაც შეუცვლიან ბუნებას). იმიტომ რომ მასში ქართველი თეატრალური ტრადიციებისთვის შემაძრწუნებელად ბევრ სისხლსა და პათოლოგიას დაინახავენ. არაფერს ამის მიღმა. ჰოდა ახლა უკვე მომავლის საკითხია, რამდენად გამძლენი და რამდენად ერთგულები დარჩებიან საკუთარი თავის და სიფხიზლის ჩვენი ახალი ავტორები. უფრო მკაფიო და მძაფრი გახდება მათი ხედვა და ენა, რაც შექმნის ახალ თამასებს, თუ მაინც იმის სმენას დაიწყებენ, თუ რას ითხოვს მაყურებელი. რაც პრინციპში იყო ბოლო ორი ათწლეულის მთავარი არგუმენტი თეატრალური პროცესების წიაღსვლების ერთფეროვნების გასამართლებლად.
„აიიქ“ ნამდივლად არ არის ის დადგმა, რომელსაც მაყურებლის უმრავლესობა ითხოვს იმისთის რომ ავტორი თავისიანად და თავის ფავორიტად აღიაროს. „აიიქ“ – ეს არის ის, რასაც რეჟისორი ითხოვს მაყურებლისგან, საზოგადოებისგან, თეატრისგან და მსახიობებისგან. მეტ თავისუფლებას, მეტ მოქნილობას, პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას, მეტ მრავალფეროვნებას, მეტ მგრძნობელობას, მეტ შოკს და სიფხიზლეს, მეტ რისკს და პროტესტს.
რას ითხოვს მაყურებელი? ვფიქრობ ამ შეკითხვაზე უფიქრია და პასუხებს ბოლომდე არ დასთანხმებია სხვა ჩემთვის საინტერესო რეჟისორი – დათა თავაძე და ეს ჩანს მის ახალ დადგმაში „პრომეთე“. უკვე „პრომეთეს“ შესახებ ჩემს შემდეგ ბლოგში დავწერ.
სოფო კილასონია