სიკვდილის, სიცოცხლისა და წყვეტილი ფიგურების როკვა
დავით ბუხრიკიძე
თბილისის მეთოთხმეტე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამასა და კონცეფციას ძირითადად მსოფლიოს დღევანდელი დრამები, რუსეთ-უკრაინის ომის ექო, გენდერული პრობლემები, თოჯინების თეატრის მაგია და სწრაფად ცვალებადი უახლესი ტექნოლოგიები განსაზღვრავს.
შემთხვევითი არ არის, რომ საერთაშორისო პროგრამას წელს გახსნის უკრაინის თეატრალური კომპანიის „დახ დოთერზისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქცია, მრავლისმეტყველი სახელწოდებით „სიკვდილის როკვა“. უკრაინელი არტისტი და რეჟისორი ვლად ტროიცკი, რომელმაც ჯერ კიდევ 1994 წელს კიევში დაარსა თეატრი „დახ“ (უკრაინულად „სახურავი“) იძულებული გახდა რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, სამშობლო დაეტოვებინა და მეუღლესთან, ქალიშვილთან და დასის წევრებთან ერთად, საფრანგეთში გამგზავრებულიყო. მარტში უკრაინული დასი ნორმანდიის ნაციონალური დრამატული ცენტრის ხელმძვანელობამ შეიფარა.
სწორედ მასპინძლებთან, ნორმანდიის თეატრთან თანამშრომლობით შეიქმნა მუსიკალურ-თეატრალური პერფორმანსი „სივდილის როკვა“, რომელიც სიცოცხლისა და სიკვდილის მუდმივ რითმაზე ემოციური გულახდილებით მოგვითხრობს. „ფიზიკური თეატრის“ მდიდარი გამოსახველობითი არსენალი და სხვადასხვა მუსიკალური თემები 90-წუთიანი წარმოდგენის ანტიმილიტარისტულ გზავნილს განსაზღრავს: ომით მიყენებული ტკივილების განქარვება და თეატრი, როგორც მშვიდობის მისაღწევად გაღებული ძალისხმევა.
„ხელოვნება თითქოს დამოწმებისა და რეალობის აღიარების ინსტრუმენტად იქცა. როცა ყოველდღიურად ინფორმირებული ხარ რა ხდება უკრაინაში, როცა ყოველი დღე საშინელი ამბებით თენება და ღამდება, ვალდებულები ვართ მაყურებელს გულახდილად ვესაუბროთ. რის გამოც მაყურებელსა და მსახიობებს შორის საოცარად ემოციური, გულწრფელი კავშირი მყარდება. ჩვენი ვალია ახალი რეალობის ხელახლა გააზრება და ხელოვნების ენით მისი გადმოცემა. ამიტომ ვაერთიანებთ მუსიკის სხვადასხვა მიმართულებას და შთაგონებული ვართ მინიმალისტური მიმდინარეობით, განსაკუთრებით ფილიპ გლასის მუსიკით. თუმცა, ომმა შეცვლა ჩვენი სათქმელიც და გამოხატვის ფორმებიც, რომელიც უფრო მკვეთრი, აგრესიული და გულწრფელი გახდა“ - აღნიშნავს „დახ დოთერზის“ სამხატვრო ხელმძვანელი და რეჟისორი ვლად ტროიცკი.
ასე რომ, ვასო აბაშიძის სახელობის „ახალ თეატრში“ (სადაც წარმოდგენილი იქნება „სიკვდილის როკვა“) მაყურებელს თავად შეუძლია შეაფასოს სპექტაკლის დრამატიზმის, გულწფელობისა და ესთეტიზმის ხარისხი.
უკრაინული სპექტაკლის მუსიკალურ-დრამატული სიშლეგიდან ძალიან შორსაა მერილინის თოჯინების თეატრი, თავისი აბსურდული და ჰერმეტული სამყაროთი. წარმოდგენა სახელწოდებით „ჯამბაზების სახლები“ ბერძენმა რეჟისორმა დიმიტრი სტამუმ დადგა. ესაა ერთი მხრივ ტექნოკრატიული სამყაროს და მეორეს მხრივ, ხილული მარტოობის მეტაფორა: ჩაბნელებულ, ოდნავ მისტიკურ და გადატიხრულ ოთახებში ადამიანები სხედან. ისინი საკუთარი ჩვევებისა და მარტოობის ხაფანგში აღმოჩნდნენ, საიდანაც თავდახსნა შეუძლებელია.
უნდა ითქვას, რომ „ჯამბაზების სახლები“ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ მრავალფეროვანი და მახვილგონივრული ხერხებითა აგებული წარმოდგენაა. გამოირჩევა როგორც თოჯინების დამზადების მაღალი ხარისხით, ისე საგნების მეტაფორული გამოყენებით და "ჩრდილების თეატრის“ ელემენტებით.
მერილინის თოჯინების თეატრი ათენში ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაარსდა. მისი დამფუძნებლები - დიმიტრი სტამუ და დემი პაპადა თავიდან თეატრისთვის ნიღბებსა და თოჯინებს ქმნიდნენ, თუმცა წარმოდგენების გამართვა მოგვიანებით საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქებში დაიწყეს. შექმნეს უამრავი ისტორია და იგავური ფორმის თოჯინური სპექტაკლი ზრდასრული მაყურებლისთვის, ასობით წარმოდგენა გამართეს მსოფლიოს 42 ქვეყანაში. 2011 წლიდან თეატრი შემოქმედებასა და ცხოვრებას გერმანიაში განაგრძობს, სადაც დღემდე აქვს საკუთარი თეატრალური სივრცე.
ვისაც თეატრისა და კინოს მაგიური კავშირი აინტერესებს, მათთვის ჰოლანდიური „ჯაკობ აჰლბომ კომპანის“ წარმოდგენა სახელწოდებით „ლებენსრაუმი“ (ქართულად შეიძლება ითარგმოს როგორც „სასიცოცხლო სივრცე“ ), მართლაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. რეჟისორ ჯაკობ აჰლბომის წარმოსახვა პირდაპირ ბასტერ კიტონის უხმო ფილმებიდან საზრდოობს, საიდანაც არა მარტო სიუჟეტს სესხულობს შთაგონებითა და ირონიით, არამედ ელეგანტურ მუსიკასა და ირონიულ მხატვრობასაც. სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
კომპოზიტორი ალამო რეის ტრეკი სევდიან, მაგრამ საცეკვაო განწყობას ქმნის, ხოლო მხატვარი და სცენოგრაფი დოუვ ჰიბმა - მუნჯი კინოს ატმოსფეროს. გარდა ამისა, მხატვარი თვალსა და ხელს შუა „აპატარავებს“ ოთახს, რადგან ორი მამაკაცის საცხოვრებელი ოთახი ძალიან პატარაა. სივრცის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით ისინი საწოლს პიანინოდ გადააქცევენ, ხოლო წიგნების თაროს - მაცივრად. ქალის კომპენსაციის მიზნით ისინი მექანიკურ თოჯინას ქმნიან, თუმცა მალე თოჯინას საკუთარი სურვილები და აზრები უჩნდება...
ბასტერ კიტონის კომედიის „საფრთხობელას“ სიუჟეტი და თეატრალური ექსპრესიონიზმი თითქოს ერთმანეთს ენაცვლება და ეჯიბრება. თუმცა არ გავიწყდებათ ირონიული მინიშნება დოქტორ ფრანკენშტაინზეც, რომელიც სპექტაკლში მექანიკური თოჯინის ამოქმედების შემდეგ სრულიად თვალსაჩინოა. ამ ფონზე აქტუალური ხდება მამაკაცების დომინირების თემაც, რომელსაც ქალად ქცეული თოჯინის მიზანდასახულობა ეწინააღმდეგება.
„ლებენსრაუმის“ გენდერული საკითხისადმი ირონიას დრამატულად ეპასუხება (ან ეპაექრება) ირანული თეატრალური ჯგუფის, „პრაქისის“ ერთსაათანი წარმოდგენა „ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ რეჟისორი ქამელია ღაზალი სამი თაობის ირანელი ქალების - ბებიის, დედისა და ქალიშვილის ტკივილებსა და დრამას, აქრომატულ სცენურ გარემოში გვიხატავს. ნაცრისფერის, შავისა და თეთრის მონაცველობა და ლამის გამუდმებული თოვა სცენაზე ზუსტად გადმოსცემს ატმოსფეროს, რომელშიც ქალების შიში, უიმედობა, სიყვარული თუ სიძულვილი ერთმანეთს ენაცვლება.
რეჟისორი ქამელია ღაზალი: „ამ ქალებისა არასოდეს არავის ესმოდა. ეს ის ხმაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იმალებოდა თოვლისა და სიცივის ქვეშ; ხმა, რომელის ექოსიც კი გვეშინოდა...ეს ქალის ხმაა“.
„ქალი ვარ, გესმის ჩემი?“ დიდი წარმატებით უჩვენეს ევროპის კულტურის დღეებზე გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში. 2019 წელს კი ლამის ტრიუმფით ჩაიარა ირანული დასის გასტროლებმა მილანის სახელოვანი „პიკოლო თეატრის“ სცენაზე. ამჯერად უკვე ქართველ მაყურებელს ეძლევა საშუალება ირანელი ქალების დრამატული ისტორია მარჯანიშვილის თეატრში იხილოს.
წლევანდელი ფესტივალის ნამდვილ აღმოჩენად თუ „ტექნოლოგიურ ჩაროზად“ შეიძლება მივიჩნოოთ იაპონური ცეკვის თეატრის კომპანიის წარმოდგენა „წყვეტილი ფიგურები“, რომელიც რეჟისორმა მიკიკომ მათემატიკის, უახლესი ტექნოლოგიების, ვიდეოგამოსახულებისა და ხელოვნური ინტელექტის შეერთებით განახორციელა (კომპანიის სამხატვრო ხელმძვანელი და მუსიკის ავტორი დაიტო მანაბე).
ციფრული მონაცემები, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საფუძველზეა შექმნილი, სხეულის მოძრაობას ლამის ახალ განზომილებას ანიჭებს. მოცეკვავეთა მოძრაობები პროეცირდება ეკრანზე,ხოლო მართკუთხა ჩარჩოებში ამ მოძრაობებების მაქსიმალურად მიახლოებული „ასლი-მოძრაობები“ მეორდება. ერთი სიტყვით, „წყვეტილი ფიგურები“ უახლესი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ცეკვის თეატრის წარმოუდგენელი სინთეზია.
2018 წლიდან იაპონური პერფორმანსი წარმატებით მოგზაურობს მსოფლიოს სხვადასხვა საფესტივალო სცენაზე: მონრეალში, ტოკიოში, სან-ფრანცისკოში, ბარსელონაში... ასე რომ, ომის ქარცეცხლში შობილი „სიკვდილის როკვიდან“ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ „წყვეტილ ფიგურებამდე“ ორიოდე ნაბიჯია. საკმარისია ეს ნაბიჯები თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალის სპექტაკლებისკენ გაბედულად გადავდგათ.