თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ქართული პროგრამის (Georgian Showcase) ფარგლებში, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა „კენტავრი“ გთავაზობთ: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორების, კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის წევრების, თეატრმცოდნეების მაკა (მარინე) ვასაძის  - რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა - და ლაშა ჩხარტიშვილის - "მეფე ლირის" სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში“ - წიგნების პრეზენტაციას.

 

მაკა (მარინე) ვასაძის წიგნში - რობერტ სტურუას სათეატრო ენის სემიოტიკა - გაანალიზებულია თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი რეფორმატორის რობერტ სტურუას სათეატრო ენის ჩამოყალიბების პროცესი.

მსოფლიო სათეატრო სემიოტიკის თანაფარდობისა თუ ურთიერთშერწყმისას რეჟისორმა მიაგნო ორიგინალური სათეატრო ენის შექმნის გზებს. ქართული თეატრისათვის დამახასიათებელი ნიშნები, მსოფლიო სათეატრო ჟანრების და ტენდენციების ზოგიერთი მახასიათებლები, ბერტოლტ ბრეხტის სათეატრო კონცეფციის ტრანსფორმირებული სახით გამოყენება, მიხეილ ბახტინის პაროდიის, გროტესკული რეალიზმის, ირონიის, კარნავალურობის თეორია ქმნის რობერტ სტურუას "ეკლექტურ", "პოლისტილისტურ" თეატრს.

 

 

 ლაშა ჩხარტიშვილის  "მეფე ლირის" სცენური ინტერპრეტაციის საკითხები ევროპულ და ქართულ თეატრში წარმოადგენს მცდელობას, პოსტსაბჭოთა ქართულ სათეატრო მეცნიერებაში, კომპლექსურად შეისწავლოს კლასიკური დრამატურგიის სცენურ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული შემოქმედებითი საკითხები, სოციალურ-პოლიტიკურ და ზოგადად სათეატრო გარემოში მიმდინარე შემოქმედებითი პროცესების კონტექსტში; კერძოდ, უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ მაგალითზე.

წიგნში განხილულია და გაანალიზებულია „მეფე ლირის“ დადგმების გეოგრაფია ევროპულ თეატრში მე-20 საუკუნიდან დღემდე. კერძოდ, პიტერ ბრუკის, ჯორჯო სტრელერისა და რობერტ სტურუას დადგმების მაგალითზე. ასევე ვრცელი ნაწილი ეთმობა ქართულ თეატრში შექსპირის „მეფე ლირის“ დადგმის ტრადიციებს. მონოგრაფიას ერთვის დადგმების სტატისტიკური ანალიზი და ვრცელი რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

6 ოქტომბერი, 17:00 საათზე
რუსთაველის თეატრი, კაფე „ქიმერიონი“, რუსთაველის 17.

 

© 2024 All Rights Reserved